გვიამბობს ბაქოს მთავარი მოედანი
“შადრევნების მოედანი ერთგვარი ცივილიზაციური ცენტრია, რომელიც ბაქოს წიაღში მდებარეობს. თუკი ბაქოელს სურს, რომ „ხალხსაც შეხედოს და თავიც წარმოაჩინოს“, იგი ამ მოედანზე მოდის. სწორედ მოედნის გარშემო და მის მიმდებარე ნიზამის ქუჩაზე მდებარეობს ქალაქის ყველა ირლანდიური პაბი, ყველა ბრენდული მაღაზია, ყველა ძვირიანი ყავახანა და სწრაფი კვების ცნობილი ქსელების ყველა რესტორანი.
რას ვხედავთ საკუთრივ მოედანზე? აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ტურისტმა თავი ევროპაში იგრძნოს (და არა აზიაში). ლითონის ქანდაკებები ბაქოს მოქალაქეებს გამოსახავენ. (ძალიან ბევრი კამათი გამოიწვია „მაკდონალდსის“ წინ მდგარმა ქანდაკებამ. ბევრი ადამიანი ვერ ხვდება, თუ რატომ აქვს ამ ქალს შიშველი მუცელი). ფარნების წითელი ბოძები მთლიანად ეწინააღმდეგება კლასიკას, უზარმაზარ „შლოპანცში“ კი ყვავილები ხარობს. გარშემო ყველაფერი სუფთა და ახალია.
ნამდვილი პარაპეტი
“ნამდვილი ბაქოელები მაგ ადგილს „პარაპეტს“ უწოდებენ!” მითხრა ტაქსის მძღოლმა. საცობში მოვყევით. გარეთ წვიმდა. გარშემო მანქანები გუგუნებდნენ. დინამიკებიდან “თუთ აგაჯი” იღვრებოდა. “ბაქოელს მაშინვე გამოარჩევ სხვებისგან. აი, თქვენ, მაგალითად, ბაქოელი ბრძანდებით, ხომ?”. კამათის თავიდან ასაცილებლად თავი დავუკარი.
დაუსრულებლად შეიძლება ვიდავოთ იმაზე, თუ რა არის „ნამდვილი, ყველაზე ძველი და ჭეშმარიტი“
1859 წელს შემაჰაში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა, რის გამოც ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ბაქოში გადავიდა. იმ პერიოდში ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა და გუბერნიებად იყო დაყოფილი. შემაჰას გუბერნიას კი „ბაქოს გუბერნია“ დაერქვა (გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი შემაჰა აღარ არსებობდა).
ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად დავსვამთ წერტილს და ვიტყვით, რომ „აქ იწყება სინამდვილე“. იგივე შეიძლება ითქვას „შადრევნების მოედანზეც“. სანამ პარაპეტი დაერქმეოდა, ამ ადგილმა მრავალი სხვა სახელი გამოიცვალა და სხვანაირად გამოიყურებოდა. თავიდან კი აქ უდაბნო იყო.
საერთოდ, ყველაფერზე ადრე იყო უდაბნო, რომლის თავზეც უფლის სული დაფრინავდა. და ხედავდა უფალი, რომ უდაბნო ცუდი იყო.
თოჯინების თეატრთან ვჩერდებით. ტაქსის მძღოლი 10 მანათს მართმევს (ფაქტობრივად, დამაყაჩაღა. დღისით-მზისით! თანაც ბაქოელმა!) და ქალაქის ცენტრისკენ, უკვე ნახსენებ მოედნისკენ მივემართები.
ოთხმოციანების შუა წლებში მოედანს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა, შვიდი წლის წინ კი კიდევ ერთხელ დაექვემდებარა რეკონსტრუქციას. „შადრევნების მოედანი“ ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო.
აქ ერთმანეთისგან განსხვავებული ხუთი შადრევანი მდებარეობს. ერთ-ერთი პატარა ბეჰემოთებითაა მორთული. ამას გარდა, აქ ბევრი მრგვალი, დაკლაკნილი და სუფთა ობიექტი მდებარეობს. მაგალითად, უნდა აღინიშნოს ქოლგიანი გოგონას ქანდაკება – ბრინჯაოს სტატუეტი, რომელსაც ზოგიერთი ადგილი შემოაცვდა იმის გამო, რომ ადამიანები ხშირად ეხებიან.
ამჟამად ეს ყველაფერი შადრევნების მოედნის (უფრო სწორად, „პარაპეტის“) თანამედროვე სიმბოლოებს წარმოადგენს.
კიდევ რა მოგვწონს და რა გვახარებს ამ მოედანზე?
და რა შეიძლება ითქვას ბაქოელებისთვის მნიშვნელოვანი იმ ღირსსახსოვარი ადგილებისა და მოვლენების შესახებ, რომლებიც აღარ არსებობს? შევეცადეთ, შემორჩენილი ისტორიები შეგვეკრიბა და ბაქოელებისათვის გვეკითხა, თუ რითი გამოირჩეოდა „პარაპეტი“ წარსულში. ნოსტალგიის საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების (ტრამვაის, „მაღაზია „დინამოსა“ და სხვა ობიექტების) გვერდით არაერთ მოულოდნელობას გადავაწყდით. მაგალითად, ელიტურ ბორდელს.
ადამიანები მოედნის ისტორიას გვიამბობენ
მიშონის ატელიე
მე-20 საუკუნის დასაწყისში „შადრევნების მოედანი“ ქალაქის ცენტრად იქცა. მაშინ ბაქოში 30 ფოტოატელიე იყო გახსნილი. ხუთი მათგანი მოედანზე მდებარეობდა. აქვე იყო რესტორნები, ბუტიკები, ფრანგული შლაპების მაღაზია და საკონდიტრო, რომელიც საუკეთესოდ ითვლებოდა მთელ ქალაქში.
განსაკუთრებული სიძვირით „მიშონის ატელიე“ გამოირჩეოდა, სადაც დეკორაციებით გაწყობილი ერთი საერთო ფოტო 5 მანეთი ღირდა (მაშინ, როდესაც მუშის ხელფასი 10 მანეთს შეადგენდა)
ბორდელი
თუკი მოედნიდან ნიზამის ქუჩაზე გახვალთ, ხელმარცხნივ, პასაჟში, მილიონერი მუსა ნაგიევის სახლს დაინახვთ. ეს ლამაზი ვენზელებით გაწყობილი შენობა 1910 წელს ააშენეს. ნაგიევის სახლის წინ პატარა, არაფრით გამორჩეული შენობა დგას, რომლის შესახებაც წყაროები არაფერს გვიამბობენ. საქმე ისაა, რომ ადრე ამ სახლში ელიტური ბორდელი იყო გახსნილი.
კარგი იქნება, თუკი საკუთრივ „პარაპეტს“ დავუბრუნდებით.
სავარაუდოდ, ამ ადგილისთვის „პარაპეტი“ მხოლოდ მოედნის შემოღობვის მიზნით აღმართული ქვის ზღუდის გამო არ დაურქმევიათ. ასეთი სახელი იმითაცაა განპირობებული, რომ იქ ძვირი პროსტიტუტებიც იკრიბებოდნენ. ეს ამბავი ბევრჯერ მსმენია „ქალაქის მემატიანეებისგან“, რომლებიც აღნიიშნავდნენ, რომ ორი მეძავის მომსახურება ხუთი მანეთი ღირდა. რევოლუციამდელ პერიოდში ორ-ნახევარი მანეთი საკმაოდ დიდი ფული იყო. მაგრამ მიშონის ატელიეში გადაღებულ ფოტოსურათზე ორჯერ იაფი გამოდიოდა!
“მეამბოხე“ სულით გაჟღენთილ ორსართულიან შენობას რაც შეეხება, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ამ სახლის კედლები პიკანტური შინაარსის წარწერებით იყო შემკული. ამასთან, შიდა დაგეგმარება ცხადყოფდა, რომ ეს არა იზოლირებული ბინებისგან შემდგარი საცხოვრებელი სახლი, არამედ „ნომრებიანი“ შენობა იყო, სადაც კორიდორის ორივე მხარეს საძინებლები იყო ჩამწკრივებული.
ბოლშევიკებმაეს შენობა დაუდევრად „გაარემონტეს“ და საცხოვრებელ სახლად აქციეს. მოგვიანებით ერთ-ერთი მობინადრე ამბობდა, რომ ასკეტური საბჭოთა შპალერის უკნიდან რევოლუციამდელი გარყვნილება „იჭყიტებოდა“.
ტრამვაი
ჩვენთვის უკვე ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ საბჭოთა პერიოდში შადრევნების მოედანზე ტრამვაი მოძრაობდა. უხუცესები ამბობენ, რომ ყველაზე მოსახერხებელი მარშრუტი კომუნისტების ქუჩაზე (ახლანდელი ისტიგლალიათის ქუჩა) იწყებოდა, მოედანს გარს უვლიდა და „პასაჟის“ გვერდის ავლით გრძელდებოდა.
ტრამვაი განსაკუთრებულ სევდას იწვევს „ნამდვილ ბაქოელებში“. ტრანსპორტის ეს სახეობა სამუდამოდ დაკარგული ინტერნაციონალური ბაქოს სიმბოლოა. ძველ ბაქოელები ნოსტალგიით იხსენებდნენ ქალაქს, „სადაც ყველა სპეციალური ავტომატიდან ჩამოსხმულ სიტროს სვამდა. ყველა ერთ ჭიქას იყენებდა. ამასთან, ამ ჭიქას არავინ იპარავდა და არც გადამდები დაავადებებით ავადდებოდა ვინმე“.
სომხურ ეკლესიასთან მდებარე თევზის მაღაზია
აქ თევზის დიდი მაღაზია იყო გასნილი, რომლის ცენტრშიც აუზი იყო მოწყობილი. აუზში თევზები დაცურავდნენ. მაღაზიის თანამშრომლები ამ აუზშივე იჭერდნენ თევზებს და ყიდდნენ. ესეც საბჭოთა ეპოქის ნაწილი იყო (სიტროს ავტომატის, ჭიქისა და ტრამვაის მსგავსად). მაშინ ჯერ კიდევ არავის სმენოდა ზუთხისებრ თევზებზე დაწესებული მონოპოლიის შესახებ. ეს სამწუხარო მოვლენა ბოლო ათწლეულებში გაჩნდა. შავი და წითელი ხიზილალა ლითონის უზარმაზარი ხონჩებით მოჰქონდათ. აი, როგორ იხსენებს ერთ-ერთი „ნამდვილი ბაქოელი“ ხიზილალის სიუხვეს:
“ვერ ვიტანდი შავ ხიზილალას, მაგრამ იმ პერიოდში ბევრი საუბრობდა ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ და ამიტომ ბავშვებს არანორმალურად დიდი რაოდენობის ხიზილალა უნდა ეჭამათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხიზილალის პატარა ბურთულებს მიმზადებნენ, რომლებსაც დაუღეჭავად ვყლაპავდი”.
მაღაზია „დინამო“
” – მაღაზია რომაა, „დინამო“, მაგის წინაა.
- სად?!
- რას ვერ ხვდები? ბაქოელი არ ხარ?”
მაღაზიაში, რომელშიც შავი შორტები, ჩოგბურთის ბურთები და საბჭოთა წარმოების ბრუტალური კედები იყიდებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორიოდე წლის შემდეგ დაიხურა. მოგვიანებით ამ ადგილზე ფუნქციონირებდა სუპერმარკეტი Ramstore, რომლის გახსნამაც იმ პერიოდში ერთგვარი ფურორი მოახდინა. „რემსთორში“ წასვლა თავისებურ დღესასწაულს წარმოადგენდა. შემდგომმა მფლობელებმა ბიზნესი სათანადოდ ვერ განავითარეს და, შესაბამისად, აქ არსებული დაწესებულებები „ორიენტირად“ ვერ აქციეს.
კაფე „ნარგიზი“
მოედნის გამქრალ ატრიბუტებს შორისაა კაფე „ნარგიზიც“, რომელიც 50-იანების ბოლოს გაიხსნა. საერთოდ, მანამდე ბაქოში, ისევე როგორც ყველა სხვა საბჭოურ ქალაქში, არც ისე ბევრი რესტორანი იყო, მაგრამ ხრუშჩოვის „დათბობის ხანაში“ ადამიანებს ოდნავი ამოსუნთქვის საშუალება მისცეს.
ბაქოში რამდენიმე რესტორანი გამოჩნდა – მ.შ. სახელგანთქმული „ნიჟარა“ (რომელიც ბულვარზე მდებარეობს) და „ნარგიზი“. ამბობენ, რომ ამ რესტორანს „ნარგიზი“ ამ დაწესებულებაზე პასუხისმგებელი პარტიული მუშაკის საყვარლის სახელის მიხედვით ეწოდა.
შემოწმებიდან შემოწმებამდე რესტორანში არსებობდა ორმაგი ფასების წესი, რომელიც ზოგიერთ დეფიციტურ პროდუქტზე ვრცელდებოდა. მენიუში ზუთხი და შავი ხიზილალა ეწერა, მაგრამ ამ პროდუქტებს მითითებულ ფასად მიღება შეუძლებელი იყო.
რესტორანი გამოჩნდა საბჭოთა ბლოკბასტერში „ადამიანი-ამფიბია“ – სცენაში, სადაც ფიქტიური ლათინოამერიკელი ქალი მღერის ფიქტიურად ჯაზურ სიმღერას სიმღერას «Эй моряк, ты слишком долго плавал» („ჰეი, მეზღვაურო, შენ მეტისმეტად დიდხანს ცურავდი“).
პასაჟი
მუსა ნაგიევის სახლსა და ანგელოზებიიან შენობას შორის არსებული სივრცე ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს იქცა სუვენირებითა და ნახატებით ვაჭრობის ცენტრად. აქ ვერცხლის დანა-ჩანგალსა და სუფრის სხვა ატრიბუტებს, თვითნაკეთ ბიჟუტერიას, მაგნიტებსა და ამულტებს ყიდდნენ.
ოდესღაც აქ ვინმე მამედი [სახელი შეცვლილია ეთიკური მოსაზრებით – რედ.] ნახატებით ვაჭრობდა. მის ნამუშევრებზე მეტწილად ქალწულის კოშკის ძირში მებრძოლი ძველი აზერბაიჯანელი გმირების კუსტარულად შესრულებული პორტრეტები იყო გამოსახული; ჭეშმარიტად კარგ ნახატებს კი მამედი თავისთვის ხატავდა და „კარადაში ინახავდა“.
ერთხელ მამედს ძილში ვიღაცის ხმა ჩაესმა: “მამედ, არ იდარდო, მალე გამდიდრდები. მთავარია, მშვიდად იჯდე, ზედმეტი მოძრაობების გარეშე”.
თუმცა, წლები გადიოდა, მამედი კი მაინც „პასაჟში“ ვაჭრობდა. ხელში ჩაის ჭიქა ეჭირა, მის გვერდით კი მომწვანო-შხამისფერი პეიზაჟები იწონებდნენ თავს. მოგვიანებით ქალაქის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ „პასაჟი“ ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა და გარევაჭრობა აკრძალა. ამიტომ გაურკვეველია, ახდა თუ არა წინასწარმეტყველება.
კაფე „რაფსოდია“
ეს ადგილი კი 80-იანების თაობის საყვარელ „ლოკაციას“ წარმოადგენდა. კაფე „რაფსოდია“ „შადრევნების მოედნის“ ცენტრში (ანუ, მაშინდელი ბაქოელი მოზარდების აზრით, სამყაროს ცენტრში) მდებარეობდა და დიდებულ „რესტორნად“ ითვლებოდა. მაშინ ყველაფერი ახალი და უცხო იყო – მაღალ ჭიქებში ჩამიოსხმული კოკა-კოლა, პიცა, საკუთრივ თვითმომსახურების პრინციპი და, ზოგადად, „ფასტ ფუდის“ იდეა. ბაქოში „მაკდონალდსი“ მხოლოდ 1999 წელს გაიხსნა, მანამდე კი „რაფსოდიაში“ დაბადების დღეებს იხდიდნენ, პაემნებზე დადიოდნენ და მნიშვნელოვან მოვლენებს აღნიშნავდნენ ხოლმე.
მოგვიანებით ყველა ეს ფუნქცია „მაკდონალდსმა“ შეითავსა, შემდეგ კი „ნავთობის მაძღარი პერიოდი“ დადგა და ყველაფერი დალაგდა – პაბებში ლუდის სმა დაიწყეს, „მაკდონალდსი“ საოჯახო სასადილოდ იქცა, პაემნებისა და ბანკეტებისთვის კი სპეციალური რესტორნები გაიხსნა.
მხოლოდ ერთი რამ არ იცვლება – ხალხზე დაკვირვება და საკუთარი თავის წარმოჩენა ყველაზე კარგად „შადრევნების მოედანზე“ შეიძლება. უფრო სწორად, „პარაპეტზე“.