გერმანიიდან საქართველოს 50 მოქალაქე გააძევეს
უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის გერმანიამ საქართველოს 50-მდე მოქალაქე გააძევა – იუწყება სააგენტო “ინტერპრესნიუსი”.
საქართველოს მოქალაქეები თბილისში სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. დეპორტირებულებს შორის ბავშვებიც არიან.
გერმანიიდან გამოძევებული ქართველების განცხადებით, მათი დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. როგორც ისინი აცხადებენ, „სახლში მიაკითხეს და აეროპორტში წამოიყვანეს“.
„გერმანიის ტერიტორიიდან განხორციელდა არალეგალურად ჩაბარებული საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება. ისინი გამოაძევეს, რადგან საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი არ აქვთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია „ფრონტექსის“ წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ, რომელიც პროცესის მონიტორინგის ახორციელებს.
• მანამდე თებერვალში საქართველოს 19 მოქალაქეს, რომლებიც ქუთაისი-მემინგენის ავიარეისით გერმანიაში გაემგზავრნენ, გერმანიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მიეცა.
• საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით, რასაც ორგანიზებული დანაშაულის მომძლავრების საფრთხეც ახლავს, გერმანიამ განგაში უკვე დიდი ხანია გამოაცხადა. 8 თებერვალს გერმანიის მხარის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მინისტრთა კაბინეტის წევრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვა. შტამპის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების ლტოლვილად დარჩენის შემთხვევები და ასევე, გერმანიაში ქართველების კრიმინალური საქმიანობა.
• საქართველომ ანალოგიური შინაარსის შენიშვნები უკვე მიიღო ევროკომისიისგან. ევროკომისია პირდაპირ მიუთითებს, რომ ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობა ევროპისთვის დიდ პრობლემად იქცა.
• მიგრაციის პრობლემური საკითხების განსახილველად 6 მარტს, საქართველოში ჩამოვიდა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, კრისტიან კლოსი და საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ანეტ გიუნტერი. ითქვა, რომ გერმანია აპირებს საგრძნობლად შეამციროს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადა. პრევენციული ზომების მიღებას და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას იწყებს თავის მხრივ საქართველოც.
• 6 მარტს საქართველომ პირველი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა – გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, რათა მარტივად მოხდეს იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი და გვარი შეიცვალეს.
• გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, სავიზო ლიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა, მხოლოდ იანვარში, გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ და მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი.
• საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტიდან დეკემბერის ჩათვლით ევროპაში უვიზოდ საქართველოს 170 ათასმა მოქალაქემ იმოგზაურა.
• ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. “შეჩერების მექანიზმი” ამოქმედდება და ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე არ დგას.