გენდერულ თანასწორობას ქართული სკოლები სასწავლო პროგრამაში შეიტანენ
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მემორანდუმს მოაწერა ხელი გაეროს გენდერული თანასწორობის პროგრამის ფარგლებში, რომლის თანახმადაც საქართველოს სკოლების სასწავლო პროგრამაში რამდენიმე საგნის დამატება იგეგმება.
ქართული სკოლების სასწავლო გეგმას დაემატება ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. პროგრამა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა შედგება საქართველოს განათლების სამინისტროსა და გაეროს 3 სხვადასხვა პროგრამას შორის. ესენია გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის. ეს ორგანიზაციები 3 მიმართულებით დაეხმარებიან საქართველოს:
ფორმალური განათლება სკოლებში
არაფორმალური განათლება, მათ შორის, მშობელთა განათლება
პროფესიული განათლება და სწავლება
ისინი განათლების სამინისტროს ხელს შეუწყობენ გენდერული თანასწორობის პერსპექტივების გაანალიზებაში, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში, სწავლების ხარისხის ამაღლებაში და მასწავლებელთა გადამზადებაში.
სკოლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სწავლების მნიშვნელობას იზიარებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიც. კომიტეტმა 10 მაისს განიხილა და გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია სკოლის მოსწავლეებისათვის რეპროდუქციული, სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების ძირითადი საკითხების შესწავლის შესახებ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, რათა მათ სათანადო ინფორმაცია ჰქონდეთ ოჯახის დაგეგმვის, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებისა და ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.