გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი მოკლეს. გალში ყაჩაღობების სავალალო სტატისტიკა
გაზიარება
გაზიარება
გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი სოფო და გია წურწუმიები მოკლეს. მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ ეზოში ესროლეს.
სავარუდოდ, ცნობილია დამნაშავის ვინაობაც. ახლობლების თქმით, ისიც ადგილობრივია და მისი სახელის თქმა გარდაცვალებამდე მოასწრო გია წურწუმიამ. მკვლელობის მოტივი უცნობია. ერთ-ერთ მიზეზად თანხის გამოძალვა სახელდება.
როგორც JAMnews-თან საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა განაცხადა, ცოლ-ქმარი გალში ბაზრობაზე იყო ჩასული, იქ გარკვეული შელაპარაკება მოსვლიათ თანხასთან დაკავშირებით. თუმცა, უკავშირდება თუ არა მათი მკვლელობა ამ ინციდენტს, ჯერჯერობით უცნობია.
„ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა. ზოგი ამბობს, ყაჩაღობა იყოო, ზოგი ამბობს, შელაპარაკება მოუვიდაო. ყაჩაღობა ჩვენს რაიონში ჩვეულებრივი ამბავია, განსაკუთრებით, თუ თხილის სეზონია, რამე გაყიდე და ხალხს ცოტა ფული გაუჩნდა. იმ ღამეს ჯობს, სულ არ დაიძინო. 4 წლის წინ მანქანა გავყიდე და იმ ღამესვე დაგვაყაჩაღეს. ისიც კი იცოდნენ, ფული რამდენი გვქონდა. მილიციის იმედი აქ არავის არა აქვს. იძახიან, ეგენი ყაჩაღებთან არიან შეკრულებიო“, – აცხადებს გალის მცხოვრები, რომელიც საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაობას არ ასახელებს.
შემთხვევის ადგილზე ე.წ. აფხაზური მილიციის თანამშრომლები მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს უკვე ეძებენ. ცოლ-ქმრის ცხედრები გალის პროზექტურაშია გადასვენებული.
ბოლო წლებში გალის რაიონში ყაჩაღობის ფაქტები გახშირდა. აქ არასრული კრიმინალური ქრონიკაა:
[yes_list]
სექტემბერი, 2013 წელი – გალის რაიონში სოფელ გაგიდაში ხუთი ნიღბიანი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ფიფიების ოჯახში შეიჭრა. ყაჩაღებმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს ოჯახში სტუმრად მისულ სიძეს, ვიტალი როდონაიას, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
დეკემბერი, 2014 წელი – გალის რაიონის სოფელ მუხურში ბულისკირიების ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. მოკლულია ოჯახის უფროსი 55 წლის, თამაზ ბულისკირია.
დეკემბერი 2014 – გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ნიღბიანები თავს დაესხნენ უჩავების ოჯახს. მას შემდეგ, რაც 75 წლის ნაპოლეონ უჩავამ ნიღბიანებს წინააღმდეგობა გაუწია და სავარაუდოდ, ერთ-ერთ თავდამსხმელს ნიღაბი ჩამოხსნა, მამაკაცი თავის არეში ნასროლი ტყვიით მოკლეს.
ოქტომბერი, 2015 წელი – შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ძმები ცატავების ოჯახზე, გალის რაიონის სოფელ რეფში. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ძმებმა თხილის მოსავალი გაყიდეს. ყაჩაღობის დროს მოკლულია ერთ-ერთი ძმა და წაღებულია 80 ათასი რუბლი.
სექტემბერი, 2016 წელი – გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში. 82 წლის ქალის ოჯახიდან ტონანახევარი თხილი წაიღეს.