გაეროში მწუხარებას გამოთქვამენ ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლის გარდაცვალების გამო
გაზიარება
გაზიარება
„უშიშროების საბჭოს წევრები დამწუხრებულები არიან ელჩის გამო, რომელმაც რუსეთის დიპლომატიურ სამსახურში 40 წელიწადზე მეტი გაატარა, 10 წელიწადზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა გაეროში რუსეთის მისიას და თავის 65-ე წლისთავი 21 თებერვალს უნდა ეზეიმა“, – ნათქვამია გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
„შოკირებული და დამწუხრებული ვარ მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ივანოვიჩ ჩურკინის, გამოჩენილი დიპლომატის მოულოდნელი გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია ანტონიუ გუტერეშის შეტყობინებაში. გაეროს გენერალური მდივანი წერს, რომ მას დააკლდება „ჩურკინის სიტუაციის ალღო, ოსტატობა და მეგობრობა“.
რუსი კოლეგებისა და რუსი ხალხის მიმართ სამძიმარი გამოთქვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.
გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი ნიუ-იორკში 20 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა.
ჩურკინი უეცრად ცუდად გახდა, როდესაც გაეროს რუსეთის მისიის საკუთარ ოფისში იმყოფებოდა. დიპლომატი საავადმყოფოში გადიყვანეს, სადაც ის დაიღუპა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ არ სახელდება.
ვიტალი ჩურკინი გაეროში რუსეთის წარმომადგენელი იყო 2006 წლიდან. ის თანმიმდევრულად იცავდა კრემლის პოზიციას 2008 წლის ომში, ასევე ყირიმისა და აღმოსავლეთი უკრაინის კონფლიქტის საკითხებში, უმეტესწილად – უშიშროების საბჭოს კოლეგებთან მწვავე დებატებისა და მათი მწვავე კრიტიკის ფონზე.