ბიზნესი ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს - რა მოხდა სომხეთის ეკონომიკაში ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის პირველ 100 დღეში
სომხეთის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის პირველი 100 დღე, ალბათ, პირველ რიგში, მრავალრიცხოვანი კორუფციული მხილებით და ხმაურიანი დაპატიმრებებით იქნება დასამახსოვრებელი.
მაგრამ ეს აქციები სომხეთის „რევოლუციური“ მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის მხოლოდ ხმაურიანი და სკანდალური ნაწილია. ახალი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ხელისუფლებაში 2018 წლის აპრილში „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად მოვიდა. გავიდა ტრადიციული 100 დღე – რა ეკონომიკური რეფორმები ამოქმედდა, რა შედეგებია მიღწეული, რა მიმართულებები განისაზღვრა? ექსპერტების კომენტარებზე დაყრდნობით, გთავაზობთ თითოეული ნაბიჯის მიმოხილვას.
ეკონომიკის სტაბილიზაცია
ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელმა 2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში 8,9 % შეადგინა – გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 6,1%-ს უდრიდა. რევოლუციის დღეებსა და მომდევნო პერიოდში ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად არ მერყეობდა.
თუმცა, ზოგიერთ სფეროში მაჩვენებლები მაინც დაეცა. ამიტომ, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის პირველხარისხოვან ამოცანად ეკონომიკის სტაბილიზაცია გამოაცხადა.
სომხეთის მინისტრთა წინა კაბინეტმა, კარენ კარაპეტიანის მეთაურობით, 2018 წლისთვის 4,5% ეკონომიკური ზრდა დაგეგმა. პირველი ნახევარი წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება. წლიური შედეგების მიხედვით, სპეციალისტები სომხეთის ეკონომიკის მინიმუმ 6,5 პროცენტიან ზრდას ვარაუდობენ.
გრანტ მიკაელიანი, ეკონომისტი:
„ეკონომიკის რეაქცია რევოლუციაზე სტრესული იყო, როგორც ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. თუმცა, ზემოქმედება არც ისეთი სიღრმისეული აღმოჩნდა. ჩემი შეფასებით, ეკონომიკამ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საერთო მოცულობის 2,5 პროცენტი დაკარგა“.
ბაგრატ ასატრიანი, ეკონომისტი:
„ხავერდოვანმა რევოლუციამ“ საფინანსო ბაზრებზე გართულებები გამოიწვია, აღინიშნა ფულის გადინება. 2018 წლის აპრილში სომხეთის საერთაშორისო რეზერვები 200 მილიონი დოლარით დაცარიელდა.
მაგრამ დაწყებული ეკონომიკური დაცემის გამოსწორება უკვე მოხერხდა.
ეს წელი სოფლის მეურნეობისთვის უკვე ახლავე შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს. საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ დასათვლელია, თუმცა ივლისის თვის მონაცემების მიხედვით, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი 70 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა სხვა სფეროებშიც“.
გრანტ მიკაელიანი, ეკონომისტი:
„მოცემულ მომენტში კარგი ზრდაა მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროში. რაღაც დონემდე – მშენებლობაშიც. ეს სომხეთის ირგვლივ არსებულ საერთო დადებით ფონს უკავშირდება. სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირში ინტეგრირდა – მაგრამ ასევე აქ მოქმედებს აშშ-სა და ევროკავშირის, შესაბამისად, GSP და GSP+ რეჟიმები. მოქმედებს საქართველოსთან დადებული სავაჭრო ხელშეკრულებაც. ირანს სანქციები მოეხსნა (ყოველ შემთხვევაში, აშშ-ს ახალ სანქციებამდე).
ბრძოლა ბაზარზე არსებული მონოპოლიების წინააღმდეგ
სომხეთის ახალმა მთავრობამ თავისი მუშაობის პირველ დღესვე განაცხადა სომხეთის ბაზარზე არსებული ხელოვნური მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სომხეთში ნებისმიერი პროდუქცია შეიტანოს.
პარალელურად გაირკვა, რომ ვაჭრობით დაკავებული რიგი კომპანიები გადასახადებს წლობით არ იხდიდნენ, მათ შორის – არც სუპერმარკეტების მსხვილი ქსელი „ერევან სიტი“. ყველა ამ სტრუქტურამ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელი გადასახადები დააბრუნა, და ახალი წესებით დაწყო მუშაობა. ამავდროულად არც ერთ კომპანიას საქმიანობა არ შეუწყვეტია.
გრანტ მიკაელიანი, ეკონომისტი:
„ახალი ხელისუფლება ცდილობს, მისაღები პოლიტიკა გაატაროს, ექსტრიმის გარეშე, მსხვილი მონოპოლისტების წინააღმდეგაც კი, და ეს ჯერჯერობით ამართლებს – ყველა მოთამაშე ბაზარზე დარჩა, თუმცა სხვა პირობებით“.
ბიზნესის ხელისუფლებისგან ჩამოშორება
ეს მიზანი – ბიზნესის პოლიტიკისგან ჩამოშორება – ასევე ძირითად მიზნადაა გაცხადებული. ნიკოლ ფაშინიანს ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც, რომ ამის მიღწევას მიახლოებოდა. მისი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არც ერთი ოლიგარქი ან ბიზნესში შემჩნეული ისეთი ადამიანი არ არის, რომელიც ძალაუფლებას პირადი მიზნებით გამოიყენებდა.
კრიტიკა
საერთო დადებითი ფონისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიუხედავად, მთავრობის მიმართ საკმარისი კრიტიკაც არსებობს.
ამის მთავარი მიზეზია, რომ ეკონომიკურ პროგრამაში არ არსებობს ციფრებში ასახული პროგნოზი, და მთლიანობაში, აქამდე არ არის წარმოდგენილი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების თუნდაც რაიმე კონცეფცია.
ბაგრატ ასატრიანი, ეკონომისტი:
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ბიზნესისა და ძალაუფლების დაცალკევება – სტრუქტურული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის ეკონომიკური პოლიტიკა. აუცილებელია უშუალოდ ეკონომიკური პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა, რაც არამხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო ინვესტიციების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს. ეკონომიკური მოდელი ისეთი უნდა იყოს, რომ გრძელვადიანი პროექტები განხორციელდეს“.
შედეგები
სპეციალისტები სამ თვეში დაფიქსირებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს დადებითად აფასებენ. თუმცა ექსპერტები ამავდროულად აღნიშნავენ, რომ უმნიშვნელოვანესი და მთავარი ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ წინაა, რადგან სომხეთში აქამდე ისევ ძველი ეკონომიკური მოდელი მოქმედებს.
სწორედ ახალი ეკონომიკური სტრატეგია გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ფაშინიანის მთავრობა იმ ეკონომიკური აღმასვლის უზრუნველყოფას, რასაც სომხეთში მოელიან.