საავტომობილო რბოლაში მსოფლიოს ჩემპიონატის “ფორმულა 1”-ის კლასის აზერბაიჯანის გრან-პრის პირველი დღე თვალსაჩინო მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა.
Red Bull Racing-ის გუნდის პილოტმა, ჰოლანდიელმა მარკ ფერტსაპენმა (engl – Max Verstappen) ბაქოს ქუჩებში თავისუფალი რბოლის ორ სესიაში საუკეთესო დრო აჩვენა, სულ ბოლოს კი ავარიაში მოყვა და მანქანა დაამტვრია.
ეს ავარია ერთადერთი არ ყოფილა. თავისუფალი რბოლების ყველაზე თვალსაჩინო მოვლენად Force India-ს წევრის სერხიო პერესის (Sergio Perez) ავარია იქცა. მექსიკელი ტრასის ყველაზე ვიწრო მოსახვევს ასცდა. ძველი ქალაქისკენ მიმავალ აღმართზე პერესი კედელს შეასკდა, და მანქანას ბორბალი მოძვრა. იმავე შესახვევში შეცდომა მოუვიდა და მანქანა მოუცურდა ჯოლიონ პალმერს, Renault-ს ჯგუფის პილოტს.
მეორე წრის საათნახევარის განმავლობაში პილოტები ზედიზედ ეჯახებოდნენ ბარიერს და ძლივს გადაურჩნენ ავარიებს. პირველ მოსახვევში მსოფლიოს ორი ჩემპიონი – კიმი რაიკონენი და ლიუის ჰემილტონი – შეხვდნენ ერთმანეთს. ბოლო მომენტში ბრიტანელმა შეძლო, რომ მანქანა ავარიისგან გადაერჩინა, – იუწყება აზერბაიჯანის გრან-პრის ოფიციალური ვებგვერდი
რბოლის პირველი დღის დასრულების შემდეგ ბაქოს ქუჩის ავტოდრომზე თურქი პოპვარსკვლავის, ტარკანის კონცერტი გაიმართა.
ბაქო მსოფლიოს იმ სამ ქალაქს შორის არის (მონაკოსა და სინგაპურის გვერდით), სადაც ფორმულა-1 საგანგებოდ აშენებულ ტრასებზე კი არ იმართება, არამედ ქალაქის მთავარ ქუჩებზე.
Baku City Circuit 2016 წლიდან ტარდება. მრბოლელები გადიან 51 წრეს, რომელთაგან თითოეულის სიგრძე 6 კმ-ია.
გასულ წელს ბაქოს ეტაპის გამარჯვებული გახდა მსოფლიო ჩემპიონი, გერმანელი პილოტი ნიკო როსბერგი. წელს ის რბოლაში არ მონაწილეობს, რადგან სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.