ბაქოს გარადაგის რაიონის მაცხოვრებლები 6 თებერვალს იშვიათი ბუნებრივი მოვლენის მომსწრენი გახდნენ. აზერბაიჯანის დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დაბა სანგაჩალის მახლობლად ტალახის ვულკანი ოტმან-ბოზდაგი ამოიფრქვა. ამოფრქვევა დაახლოებით 6 წუთს გრძელედებოდა და ცეცხლის სვეტის სიმაღლემ 20-25 მეტრს მიაღწია.
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ამოფრქვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ამ მომენტში ამოფრქვევა შეწყვეტილია.
ბაქოსა და აფშერონის ნახევრკუნძულის სახელმწიფო ნაკრძალის ტალახის ვულკანების ჯგუფის დირექტორმა ჯეჰუნ ფაშაევმა საინფორმაციო საგენტო „ტრენდს“ განუცხადა: „ ეს ვულკანი განსაკუთრებული აქტივობით არ გამოირჩევა, ის სამჯერ ამოიფრქვა 1845,1951 და 1961წლებში“. ფაშაევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამოფრქვევა შეწყვეტილია, უსაფრთხოების მიზნით, უახლოეს დღეებში ვულკანთან ახლოს მისვლა რეკომენდებული არ არის.
ზოგიერთ ადგილობრივ მკვიდრს თვიდან ვულკანის ამოფრქვევა ბუნებრივი აირის აფეთქება ეგონა. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში გაჩნდა შეტყობინებები. საქმე ისაა, რომ დაბა სანგაჩალი ნავთობსადენ ბაქო-ჯეიჰანის ტერმინალის სიახლოვეს მდებარეობს და გასულ წელს ამ რაიონში ბუნებრივი აირის მილსადენი აფეთქდა.
აფშერონის ნახევარკუნძულზე ადრეც მომხდარა ტალახის ვულკანების ამოფრქვევა, უკანასკნელად ეს 2014 და 2012 წლებში იყო.