ბაქოში ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დააპატიმრეს
გაზიარება
გაზიარება
ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“-ს მმართველობის წევრი აზერ გასიმლი „პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გამო“ 30 დღით დააპატიმრეს. „პოლიციის მტკიცებით, ის ვითომდა უმისამართოდ და უცენზუროდ ილანძღებოდა ქუჩაში“, – გადმოსცემს Contact.az ადვოკატი ელჩინ სადიგოვის სიტყვებს.
ადვოკატის თქმით, თავად გასიმლი მისი დაპატიმრების ნამდვილ მიზეზად 28 მაისს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მონაწილეობას მიიჩნევს. მშვიდობიანი მსვლელობა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“, პოლიციის კორდონმა სანაპიროს ბულვარის მისადგომებთან შეაჩერა.
გასიმლის პარტიული მეგობრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება დააფრთხო „დემონსტრაციამ“, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, თუნდაც – ასეთი მშვიდობიანი და უწყინარი მიზეზით.
გასიმლის პარტიულმა კოლეგამ, ნატიკ ჯაფარლიმ, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე მისი დაპატიმრების ამგვარი ვერსია გამოთქვა:
„ეს სისტემა პოზიტივს ვერ იღებს. საზეიმო ატმოსფერო, მომღიმარი ადამიანები და გამპროტესტებელი ელექტორატი – ეს ყველაფერი სისტემისთვის ძალიან საშიში. გუშინ კი სწრედ ასეთი სურათი იყო – საზეიმო განწყობა, კრეატიული ახალგაზრდობა, მომღიმარი პოტენციური მეპროტესტეები… როგორ გგონიათ, მთავრობას ამის მშვიდად მონელება შეეძლო? რასაკვირველია, არა“.
„რესპუბლიკური ალტერნატივა“ – აზერბაიჯანის დაურეგისტრირებელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა. პარტიის ლიდერი ილგარ მამედოვი ამჟამად ციხეში იმყოფება – 2014 წელს მას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ხელის შემწყობი მოქმედებებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 7 წლით პატიმრობა მიესაჯა.
საერთაშორისო დონეზე ილგარ მამედოვი პოლიტპატიმრადაა მიჩნეული და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მის განთავისუფლებას რამდენჯერმე უშედეგოდ ითხოვდნენ.