ბაქოში ბლოგერ ალექსანდრ ლაპშინის სასამართლო დაიწყო
გაზიარება
გაზიარება
22 ივნისს, ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში ბლოგერ ალექსანდრ ლაპშინის საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა. ლაპშინს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწოდებების გავრცელება ედება ბრალად.
სხდომა მოსამზადებელი ხასიათის იყო. განხილვაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანში ისრაელის, უკრაინისა და რუსეთის საელჩოების წარმომადგენლები. უფლებადამცველთაგან დარბაზში დაშვებულები იყვნენ მონიტორინგის ჯგუფის აქტივისტები: საიდ გოჯამანლი და საადატ ბანანიარლი. დამოუკიდებელი პრესის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.
შესვენების შემდეგ მოსამართლე ალოვასტ აბასოვმა ძირითადი სასამართლო საპროცესო სხდომა 30 ივნისს დანიშნა.
ბლოგერის ადვოკატ ედუარდ ჩერნინს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა არ დაუყენებია. “მოდით, რეალურად ვიმსჯელოთ: მას აზერბაიჯანში არც მუდმივი და არც დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და სამედიცინო პუნქტ СИЗО-ში რჩება”, –ციტირებს ადვოკატის სიტყვებს “კავკაზსკი უზელი“სხდომის ანონიმურ მონაწილეზე დაყრდნობით.
კითხვაზე “მიიჩნევს თუ არა ლაპშინი თავს დამნაშავედ”, ადვოკატი ჩერნინი პასუხად ამბობს, რომ “ის თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს”, რადგან აზერბაიჯანული კანონების გვერდის ავლით მართლაც ჩადიოდა ხოლმე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. თუმცა, ადვოკატმა დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამას “გაცნობის მიზნით” აკეთებდა, და რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს ცემს, – გადმოსცემს ინფორმაციას სააგენტო “ტურანი”.
ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი 2016 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის მოთხოვნით ბელარუსში დააკავეს. 7 თებერვალს მოხდა მისი ექსტრადირება ბაქოში, სადაც მას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის მიხედვით წაუყენეს ბრალი: სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოწოდებები. ამ მუხლების მიხედვით ბლოგერს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა ემუქრება.
ლაპშინის საქმის უფრო დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია JAMnews-ის სტატიაში.