სბა, ბრითათ, ედისი და ერმანი ჯავის რაიონის ის სოფლებია, რომლებშიც ადრე მხოლოდ ფეხით თუ მოხვდებოდი. დაბა ჯავიდან ცუდ, მაგრამ მაინც სამანქანო გზაზე ხუთი კილომეტრის გავლის შემდეგ ღრმა ორმოები, წვიმის დროს კი – მუხლამდე ტალახი გხვდებოდა. შემდეგ კი მანქანა ადგილზე უნდა დაგეტოვებინა და ახლომდებარე ნებისმიერ სოფელში ფეხით გადასულიყავი, ან – ცხენით, თუ იქური ნაცნობი გყავდა.
რაიონის მესვეურებმა სულ ცოტა ხნის წინათ განაცხადეს, რომ გზების ძირითადი ნაწილი მოაწესრიგეს. გზის ეს 18 კილომეტრი გასუფთავდა და გაფართოვდა. დაიყარა ხრეში და ადგილობრივი ქანები.
ახლა გზაზე პატარა მსუბუქი მანქანაც გაივლის.
სოფელ ედისში ერმანისკენ მიმავალი გზით შეგიძლიათ მოხვდეთ, რომელიც როკიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. სბაში, ბითრათსა და ჩელიათში კი მთავარი ტრაქტთან დამაკავშირებელი გზები გაიყვანეს, რომელთაგან თითოეული 3 კილომეტრი სიგრძისაა.
ჯავის რაიონის ხელმძღვანელი, ვლადიმირ ქელეხსაევი აღნიშნავს, რომ ეს, ფაქტობრივად, ოცნების ასრულების დასაწყისია. ამ სოფლებში მუდმივი მოსახლეების რაოდენობა არც ისე დიდია. ამ ადგილებს მეტწილად მხოლოდ ზაფხულში სტუმრობენ. ადრე ადგილობრივები საქონელს უვლიდნენ და რძესა თუ ყველს ყიდდნენ. დღეს კი უფრო საზაფხულო აგარაკის ფუნქციას ასრულებს და ისიც მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფისთვის.
ადამიანებს აქ ცხოვრებისა და მეურნეობის აღორძინების სურვილი რომ გაუჩნდეთ, გზები, ელექტროენერგია, კავშირგაბმულობა და ის ხიდებია საჭირო, რომლებიც მთის გაუვალ, ბობოქარ მდინარეებზე უნდა გაიდოს. “რაიონის მაღალმთიანი ნაწილის მოსახლეებს ამ ჩამონათვალიდან ჯერჯერობით მხოლოდ გზები აქვთ; თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა ფუჭად არ ჩაივლის და ამ ხეობებში კვლავ დაბრუნდებიან ადამიანები,”- აცხადებს ქელეხსაევი.