აშშ-მ და მოკავშირეებმა სირიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
გაზიარება
გაზიარება
13-დან 14 აპრილამდე ღამით აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის რამდენიმე სამიზნეზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს, – იუწყება CNN.
კოალიციამ, შეერთებული შტატების მეთაურობით, რამდენიმე სამიზნეზე დარტყმის მიტანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი. აშშ-მ ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებლობა ბაშარ ასადის ჯარს დააკისრა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა: „2013 წელს რუსეთის პრეზიდენტი და მისი მთავრობა მსოფლიო საზგადოებრიობას დაპირდნენ, რომ სირიის ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის გარანტიას იძლეოდნენ, – დასძინა მან, – ასადის მიერ ახლახან განხორციელებული შეტევა და დღევანდელი საპასუხო დარტყმები რუსეთის მიერ ამ დაპირების არშესრულების უშუალო შედეგია. რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, მომავალშიც ამ საეჭვო და მანკიერი გზით სვლას აპირებს, თუ სურს, რომ ცივილიზებულ ქვეყნებს შეუერთდეს, როგორც – სტაბილური და მშვიდობიანი ძალა“.
აშშ-სა და მოკავშირეების მიერ სარაკეტო დარტყმის განხორციელების მიზეზებზე უფრო დაწვრილებით იხილეთ JAMnews-ის პუბლიკაციაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კოალიციამ სირიის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაგზავნა. აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯო მეტისმა ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი დარტყმა გასული წლისაზე ორჯერ უფრო მძლავრია – მაშინ ამერიკამ სირიაში 59 რაკეტა გაგზავნა.
რუსული საჰაერო თავდაცვის ძალები შეერთებული შტატების დარტყმების მოსაგერიებლად არ ამოქმედებულა, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ სულ 110 რაკეტა იყო გაშვებული და მათი უმეტესობა სირიის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია.
აშშ-ს შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ დარტყმები სამი სამიზნის მიმართულებით განხორციელდა – კვლევით ცენტრის, სადაც ქიმიური იარაღი მზადდებოდა, და ქიმიური იარაღისა და ქიმიკატების საცავების მიმართულებით.
დანფორდმა აღნიშნა, რომ ეს დარტყმა – ერთჯერადი აქციაა, რომლის მიზანია, დაანახოს ბაშარ ასადს, რომ ის სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევის გამო პასუხს აგებს.