აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო
გაზიარება
გაზიარება
BBC–ის ცნობით, რუსეთს ქიმიური იარაღის გამოყენების გამო აშშ-ში ახალი სანქციები დაუწესეს.
რაში გამოიხატება სანქციები?
რუსეთს მკვეთრად გაურთულდა დასავლეთში ფულის სესხების შესაძლებლობა. ამერიკულ ბანკებს პირდაპირ ეკრძალებათ, მონაწილეობა მიიღონ რუსული ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებში ნებისმიერი სხვა ვალუტით, გარდა რუბლისა.
ამას გარდა, ვაშინგტონი რუსეთისთვის საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან – ისეთების, როგორებიცაა, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი – ნებისმიერი კრედიტის გაცემის, ტექნიკური ან ფინანსური დახმარების წინააღმდეგ გამოვა.
ასევე, ახალი აკრძალვები წესდება რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ექსპორტზე.
რატომ დაწესდა სანქციები? სკრიპალების საქმე
როგორც Twitter-ის საკუთარ გვერდზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა მორგან ორტაგუსმა დაწერა, ახალი სანქციები განპირობებულია იმით, რომ „რუსეთმა არ აიღო პასუხისმგებლობა სკრიპალების მოწამვლაზე და არ თქვა უარი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე“.
2018 წლის ოთხ მარტს, გრუ-ს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ბრიტანულ ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური საშუალებით მოწამლეს. მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების გამო, სულ მცირე, კიდევ ორი ადამიანი დაზარალდა, ერთი ქალი გარდაიცვალა.
ბრიტანეთი ამტკიცებს, რომ სკრიპალების მოწამვლასთან რუსეთია დაკავშირებული. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ ბრიტანულ მხარეს არ წარუდგენია მყარი მტკიცებულებები.
სანქციების შედეგები და მათი გაუქმების პირობები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ახალი სანქციების დაწესების შედეგად რუსეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო კავშირები, შესაძლოა, მილიარდობით დოლარით შემცირდეს.
სანქციები, შესაძლოა, გაუქმდეს იმ პირობით, თუ რუსეთი, საერთაშორისო ინსპექტორების კონტროლის ქვეშ, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე უარის თქმის გარანტიას გასცემს და მოწამვლის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდება.