აფხაზეთში დამსვენებლის პორტრეტი
ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც შვებულებას აფხაზეთში ატარებენ? სად ცხოვრობენ, რა მოსწონთ აქ და რა არ მოსწონთ? ამას ადვილად გაარკვევთ, თუკი საღამოს სოხუმის ბოტანიკურ ბაღში, ტურისტების გარემოცვაში გაატარებთ.
„აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვარმა გუნება გამიფუჭა“
დიასახლისი ოქსანა იაროვაია აფხაზეთში დასასვენებლად შვილებთან ერთად ჩამოვიდა:
„ აზოვიდან ჩამოვედით, როსტოვის ოლქიდან. პროფესიით საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი ვარ, მაგრამ ამჟამად დროებით უმუშევარი ვარ. ბავშვებს ვუვლი. ჩემი მეუღლე სახელმწიფო ორგანოებში მუშაობს, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, სად მსახურობს. ხომ ხვდებით, ამ თემაზე არ საუბრობენ.
აქ მესამედ ჩამოვდივარ. ბავშვებთან ერთად მთელი ახალი ათონი მოვიარე და აი, სოხუმამდეც ჩამოვაღწიეთ. ამ ქალაქის ყველაზე უარყოფითი მხარე ის არის, რომ ბევრი რამ დანგრეულია. და, რა თქმა უნდა, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვარმაც წამიხდინა გუნება – ბავშვებთან ერთად რიგში დგომა ძალიან რთულია. უმჯობესი იქნება, თუკი ამ საზღვარს საერთოდ გააუქმებენ. მაგრამ ამისათვის რუსეთთან შეერთებაა საჭირო. პრინციპში, ჩვენ უკვე გვაქვს შემოერთების გამოცდილება.
ცოტა უცნაური ახალგაზრდობა გყავთ – ასეთ სიცხეში ჯინსითა და დახურული ფეხსაცმლით დადიან. ამას გარდა, აქაური ახალგაზრდები რაღაც უცნაურად იქცევიან; ქუჩურად. ჩვენს ქვეყანაშიც არიან ასეთი ტიპები – „გოპნიკები“. მაგრამ ყველა მშვენივრად ცეკვავს ლეკურს.
ძალიან მომეწონა ადგილობრივი სამზარეულო. ძალიან მიყვარს ხაჭაპური და ბოსტნეული ქოთანში. უგემრიელესია! ღომის სხვადასხვა სახეობა გავსინჯეთ და მოგვეწონა. მთლიანობაში ნორმალური ფასებია. დასასვენებლად დაახლოებით 70 ათასი რუბლი [დაახლოებით $1000] წამოვიღეთ და ეს თანხა სრულიად საკმარისია. აქ კეთილი ხალხი ცხოვრობს, თუმცა ცოტა იმპულსურები არიან. ეს ხომ კავკასიაა! საერთოდ, ჩვენ უკვე ოჯახურ ტრადიციად გვექცა ისა, რომ დასასვენებლად მხოლოდ „აფსნიში“ (აფხაზეთში) – სულის ქვეყანაში ჩამოვდივართ. მალდივებით ვერ გაგვაკვირვებ“.
შოკოლადი დეიდა ზინასთვის
მასწავლებელი ირინა ბებრიში აფხაზეთში თავის მოსწავლეებთან, ილია და რომან ზინჩენკოებთან ერთად ჩამოვიდა:
„ჩვენ ციმბირიდან ვართ, ხაკასიის რესპუბლიკის ქალაქ აბაკანიდან. აქ უფრო შემეცნებითი მიზნებით ვართ ჩამოსულები. ბავშვები მეორეკლასელები არიან, მე კი მათი პედაგოფი ვარ. იმისთვის ჩამოვედით, რომ აფხაზეთის ფლორას გავეცნოთ, ეგზოტიკური მცენარეები შევისწავლოთ და დავწეროთ სამეცნიერო ნაშრომი თემაზე „როგორ მოვიყვანოთ კივი“.
ბევრი ადამიანი გაოცებას ვერ მალავს, როდესაც ვეუბნები, რომ ჩემს მოსწავლეებთან ერთად ჩამოვედი. მაგრამ ბავშვს მხოლოდ პრაქტიკით თუ ასწავლი რაიმეს. ამიტომ ავიღე ჩემს თავზე ასეთი პასუხისმგებლობა. ჩვენთან მასწავლებლები ცოტას, 24 ათას რუბლს [about $350] იღებენ. შევაგროვე ფული და ბავშვებთან ერთად ჩამოვედი.
ათი დღით ვართ ჩამოსულები. ფუფუნებაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ უკვე ბევრი რამის ნახვა მოვასწარით. ძალიან ძვირი ფრენა გამოგვივიდა – დაახლოებით 100 ათასი რუბლი [about $1,500] დავხარჯეთ მგზავრობაში და ამდენივე გვჭირდება დასასვენებლად. ბაზართან ვცხოვრობთ, დეიდა ზინასთან 500 რუბლად ვიქირავეთ ოთახი. ძალიან კარგი ქალია. გადავწყვიტეთ, შოკოლადიც კი ვაჩუქოთ.
ყველაფერი მოგვწონს. ექსკურსიები იაფია და ესეც გვახარებს.
აფხაზეთზე სრულიად დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა. მომწონს ახალი მუზეუმები; ძალიან საინტერესოა სანაპირო ზოლი; ლამაზი ძეგლებია. უარყოფითი მხარეებიდან უნდა აღვნიშნო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ავტობუსი იშვიათად დადის და ყოველთვის გადავსებულია. ტაქსით მიწევს გადაადგილება, სახელმწიფო სკოლის პედაგოგისთვის კი ეს ძვირი სიამოვნებაა.
თქვენს ქვეყანაში ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს – ყოველთვის მზად არიან, დახმარების ხელი გამოგიწოდონ. ყველა ქვეყანას, სადაც კი ვარ ნამყოფი, ორჯერ ვსტუმრობ ხოლმე, რადგან პირველ ჯერზე შთაბეჭდილებებს იღებ, მეორედ კი უკვე მოსაზრება გიყალიბდება. ამიტომ, მომდევნო წელსაც ჩამოვალთ.
„გუნებას მიფუჭებს ნანგრევები“
პენსიონერი ვასილი ზიუგანოვი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩამოვიდა:
“აფხაზეთში პირველად ჩამოვედი. პენსიონერი ვარ და არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რო ვიმოგზაურო და სამყარო შევიცნო. დიდხანს ვმუშაობდი პროკურატურაში. პროკურორი ვიყავი.
სავსებით მისაღები ფასები გაქვთ. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვურ ფასებზე მცირეც კია. ჯერჯერობით ქალაქის ცენტრისა და სანაპიროს ნახვა მოვასწარი, მაგრამ ყველაფერი წინ მაქვს. რა თქმა უნდა, გუნებას მიფუჭებს ნანგრევები, მაგრამ მშვენივრად ვხვდები, რომ ეს ომის კვალია.
ჩემი მეგობრები ომამდე ჩამოდიოდნენ აფხაზეთში და აქაურობას ხშირად ახსენებდნენ ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტე, მეც ჩამოვსულიყავი. მაშინვე მომეწონა აფხაზური სამზარეულო. საერთოდ, მიყვარს ჭამა და ეს სიყვარული გარეგნობაზეც მეტყობა. მაგრამ ღომი არ მომეწონა.
სხვა მიზეზებთან ერთად, აფხაზეთი იმიტომაც ავირჩიე, რომ აქ სიმშვიდეა. შეხედეთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში – ყველგან ტერაქტები და ომებია. აქაც იყო რაღაც მიტინგი რამდენიმე დღის წინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
სასტუმრო „ინტერ-სუხუმში“ ვცხოვრობ. მიტინგების შემდეგ ბევრი სოჭში წავიდა, მე კი გადავწყვიტე, მაინც დავრჩენილიყავი. აფხაზეთის ხალხს ვუსურვებ, დააფასონ ის, რაც აქვთ. კიდევ ვუსურვებ, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდიოდეს აფხაზეთში. გადაწყვეტილი მაქვს, მომდევნო წელს ყირიმში წავიდე. საინტერესო იქნება ყირიმის აფხაზეთთან შედარება.
„კარგი იქნებოდა, ჩვენნაირი პრეზიდენტი რომ გყავდეთ“
ოლგა და სერგეი ბორისოვები ქალიშვილ ნასტიასთან ერთად სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ:
„აფხაზეთი იმიტომ ავირჩიეთ, რომ თვითმფრინავით მალე ჩამოდიხარ „პიტერიდან“ [პეტერბურგიდან] და, ამას გარდა, ხასიათითაც ვგავართ ერთმანეთს – ჩვენთან, ისევე როგორც თქვენთან, მაღალი სიჩქარით მოძრაობა უყვართ.
პროფესიით პროგრამისტი ვარ, ჩემი ცოლი კი დიასახლისია. საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების კატეგორიას განვეკუთვნებით. ძნელი სათქმელია, ზუსტად რამდენს ვშოულობ – დაახლოებით 80 ათას რუბლს [დაახლოებით $1200], მაგრამ ცხოვრებისთვის გვყოფნის. აი, დასვენებისთვის საჭირო ფულიც მოვაგროვეთ.
აქ შესანიშავი ბუნება და ზღვაა. უბრალოდ, ადგილობრივი მოსახლეობის მენტალიტეტი მაბრაზებს ოდნავ. სანაპიროზე ვსეირნობდით და ადგილობრივმა ბიჭმა ჩემს ცოლს შესთავაზა, მანქანით გაგიყვან იქ, სადაც მიდიხარო. რა თქმა უნდა, მოულოდელი გამოხტომა იყო.
შევამჩნიეთ, რომ აქაურები ძალიან ზარმაცები არიან და ამას თავადაც აღიარებენ.
ამას გარდა, შევნიშნეთ, რომ აქ ვერსად ნახავთ ფასის მანიშებელს და ისეთი გრძობა გვეუფლება, რომ ყველგან გვატყუებენ. ეს, ძირითადად, ახალგაზრდობას ეხება. მაგალითად, ჩვეთან, „პიტერში“ არავინ გეტყვით „ეი, აქ მოდი, 100 რუბლად გაგიყვან“. თუმცა, ადგილობრივებსაც შეიძლება გაუგო – როგორ იშოვონ ფული?! მხოლოდ ტურისტების საშუალებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყირიმში უფრო კეთილი ხალხი ცხოვრობს.
მთლიანობაში კი მოგვწონს აქაურობა და ფასებიც გვაწყობს. 1500 რუბლად [დაახ.$25] ვქირაობთ ნომერს ზღვის ხედით. აუცილებლად ჩამოვალთ კიდევ ერთხელ.
საერთოდ, სიამოვნებით ვიყიდდით სახლს ზღვის პირას, მაგრამ, როგორც ვიცით, აქ უძრავ ქონებას რუსებზე არ აფორმებენ. სხვა შემთხვევაში „პიტერს“ უპირობოდ გავცვლიდით აფხაზეთზე. ჩვენთან ნაცრისფერი და მოჟამულია ყველაფერი. იქ მხოლოდ მუშაობა შეიძლება.
კარგი იქნებოდა, ჩვენნაირი პრეზიდენტი რომ გყავდეთ, ბევრად უკეთ გექნებოდათ საქმე. სიამოვნებით ჩამოვალთ აქ კიდევ ერთხელ, თუმცა მომდევნო შვებულების გატარებას ევროპაში ვაპირებთ.“
„არავის ეჩქარება“
ყბა-სახის ქირურგი ანა სევასტოპოლიდანაა. აფხაზეთში პირველადაა:
„ჩემს მეგობართან ერთად ჩამოვედი ექვსი დღით. საოცარი ბუნება გაქვთ, ვერაფერს იტყვი. ახალი ათონის მღვიმის მონახულება მოვასწარი, მზის ტბაზეც ვიყავი და ააცინის ჩანჩქერიც ვნახე.
მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაშინებს ომის ექო, რომელსაც აქ ვხედავ. დავდივარ და დანგრეულ სახლებს ფოტოებს ვუღებ, მეგობრებსა და ნაცნობებს რომ ვუჩვენო.
სამწუხაროდ, მთელი თქვენი სამზარეულოდან მხოლოდ ყველის გასინჯვა მოვახერხე. ჩემს ყველა სხვა ნაკლთან ერთად, ვეგეტარიანელი და ბუდისტიც გახლავართ.
სხვათა შორის, როგორც კი მატარებლით ჩამოვედით გაგრაში, მაშინვე წარმოვთქვი: „ეს ხომ ჩვენი იალტაა!“ ჩვენც გვაქვს სუბტროპიკული ზონა სევასტოპოლში. პალმებიც არის იქ, მაგრამ აქ ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მეტია.
თქვენს ხალხს იუმორის კარგი გრძნობა აქვს. ყოველთვის მეღიმება, როდესაც მათ ვუსმენ. ძალიან მიყვარს მხიარული ადამიანები.
მაგრამ ერთი უარყოფითი თვისება გაქვთ – ძალიან ზანტები ხართ, არსად გეჩქარებათ. არავის ეჩქარება. ლამაზი ახალგაზრდობა გყავთ, ყველა შავთმიანი და შავთვალწარბაა. ძალიან ლამაზი გოგონები გყავთ.
აფხაზეთში კიდევ ჩამოვალ. კარავში ვიცხოვრებ, სადმე ჩანჩქერის ძირში, რომ საერთოდ არსად მომიწიოს გასვლამ. ეს არის ჩემი ოცნება.“
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინები მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს