აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეს მცხოვრები 11 წლის გოგონა ვალერია ადლეიბა კონკურსის „შენ ხარ სუპერ!“ გამარჯვებული გახდა. ამ პროექტის მონაწილეთა ფინალური გამოსვლა მოსკოვში, კრემლის სასახლეში ჩატარდა.
სოხუმის ფილარმონიის დარბაზში კონკურსის რეტრანსლაცია მოეწყო. დარბაზი გადავსებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცერტი გადმოიცა რუსული ტელეარხი НТВ-თი, რომლის სიგნალსაც მთელი აფხაზეთი იჭერს.
სამ თვეში, რა დროის განმავლობაშიც კონკურსი მიმდინარეობდა, ოჩამჩირის ინტერნატის აღსაზრდელი გოგონა თავის სამშობლოში ფაქტობრივად საკულტო ფიგურად იქცა. SMS-ებით ხმის მიცემის დროს ვალერიას მხარდასაჭერად აფხაზეთის მცხოვრებლებმა ნახევარ მილიონზე მეტი შეტყობინება გააგზავნეს, და ეს იმ ფონზე, როდესაც რესპუბლიკის მოსახლეობა 250 ათას ადამიანს არ აჭარბებს.
ფინალურ კონცერტზე ვალერია ადლეიბას მხარდასაჭერად, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ვიტალი გაბნიას მეთურობით, აფხაზეთიდან სოლიდური სამთავრობო დელეგაცია ჩავიდა.
აფხაზეთიდან ჩასული ნორჩი ვოკალისტი კონკურსის „შენ ხარ სუპერ!“ ეთერით თვალცრემლიანი ჰყვებოდა თავისი საყვარელი ბაბუის შესახებ, რომელიც დიდ სცენაზე მისი გამოსვლის ნახვას ვეღარ შეძლებდა. ბაბუა სახლში მომხდარი ხანძრის დროს დაიღუპა, როდესაც შვილიშვილის ნივთების გადარჩენას ცდილობდა. ხანძარმა სახლი მთლიანად გაანადგურა. მშობლები იძულებულები გახდნენ ვალერია ოჩამჩირის სკოლა-ინტერნატში მიებარებინათ, რადგან საცხოვრებელი უბრალოდ არსად აქვთ.
ვალერიამ სცენიდან თქვა, რომ ახალ სახლზე ოცნებობს. საპასუხოდ კი, აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ლერას ოჯახს დაჰპირდა, რომ სახლის აღდგენაში დაეხმარება.
როგორც პრეზიდენტის პრესმდივანი ნაალა ავიძბა იუწყება, ამ მომენტისთვის ოჯახს უკვე აღმოუჩინეს ფინანსური დახმარება. და სულ მალე დაიწყება ახალი სახლის სამშენებლო სამუშაოებიც, სადაც ვალერია ადლეიბა მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად შეძლებს ცხოვრებას.