ატომური ენერგიის სააგენტოს შეფასება - სომხეთში ბირთვული უსაფრთხოების დონე ამაღლდა
სომხეთში ბირთვული უსაფრთხოების დონე ამაღლდა. ამაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების მიერ სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები მეტყველებს. წინასწარი შეფასებებით, ატომური უსაფრთხოების დონე 4-ქულიანი სკალიდან 3,82 ქულით ფასდება.
• უნდა დაიხუროს თუ არა ატომური სადგური სომხეთში?
მონიტორინგის დეტალები
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის მონიტორინგი ხელისუფლებისა და სომხეთის ატომური უსაფრთხოების რეგულირების სახელმწიფო კომიტეტის მოწვევით ჩატარდა. მისი მიზანი ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების ხარისხის შემოწმება იყო.
როგორც გამოკვლევის შედეგებმა უჩვენა, სომხეთმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების რეგულირება გააუმჯობესა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების შეფასებით, სომხეთმა ამისთვის 2015 წლიდან რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი განახორციელა, კერძოდ
• მიიღო გადამუშავებული საწვავისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგია;
• ჩაატარა ინტენსიური ინსპექტორული შემოწმებები ავარიების აღმოფხვრისა მზადყოფნის დონის სფეროში
მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობაში სხვადასხვა ქვეყნის 12 სპეციალისტი შედიოდა, რომელთაგან სამი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომელი იყო.
რას ამბობენ სომხეთში
ატომური უსაფრთხოების რეგულირების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ აშოტ მარტიროსიანმა განაცხადა, რომ შესაძლო 4 ქულიდან 3,82-ქულიანი უსაფრთხოების დონე – მაღალი მაჩვენებელია.
მაგრამ, მარტიროსიანის თქმით, ამის მიუხედავად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ მარეგულირებელი ორგანოს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად რიგი წინადადებები წამოაყენა.
კვალიფიციური თანამშრომლების ნაკლებობა
ჯერ კიდევ ახლახან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფმა გამოაქვეყნა შეტყობინება , რომელშიც ქვეყანაში არსებული პრობლემები ახსენა.
კერძოდ, მოხსენებაში ნათქვამია იმის თაობაზე, რომ სომხეთის მარეგულირებელ ორგანოში კვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლების ნაკლებობა იგრძნობა.
„სომხეთმა არსებით პროგრესს მიაღწია უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში. და მიუხედავად ამისა, რეგულატორი ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით კრიტიკულ სიტუაციას აწყდება“, – აღნიშნა კანონმდებლობის გადახედვის ინტეგრირებული სამსახურის გუნდის ხელმძღვანელმა, ბირთვული უსაფრთხოების შვეიცარიის ფედერალური ინსპექციის გენერალურმა დირექტორმა ჰანს ვანერმა.
მეწამორის ატომური სადგურის შესახებ
სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგური, ოც წელიწადზე მეტია, რესპუბლიკის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკვანძო რგოლად რჩება. ის სომხეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-მდე პროცენტს უზრუნველყოფს.
ეს ერთადერთი ატომური სადგურია სამხრეთ კავკასიაში. ატომური ელექტროსადგურის შენობას შეუძლია გაუძლოს 9-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთი არასტაბილურ სეისმურ ზონაში მდებარეობს.
ობიექტი ექსპლუატაციაში 1977 წელს ჩაბარდა. 1988 წელს ქვეყნის ჩრდილოეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ და სომხეთის სსრ-ს მინისტრთა საბჭომ ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს განმეორებითი ბიძგების ალბათობას უკავშირდებოდა.
თუმცა, ხუთ წელიწადში, 1993 წელს, დამოუკიდებელი სომხეთის ხელისუფლება სადგურის მეორე ენერგობლოკის ამოქმედებაზე წავიდა. ელექტროენერგიის სხვა რეალური წყაროების არარსებობის პირობებში, ეს იმ ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება იყო, რომელიც ქვეყანაში სსრკ-ს დაშლისა და თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის შემდეგ დაიწყო.
ატომური ენერგეტიკა სომხეთის საერთო ენერგეტიკულ სისტემაში ისევ მნიშვნელოვან როლს იკავებს და სტრატეგიულ მიმართულებად მიიჩნევა.