აზერბაიჯანში ტელეარხი დახურეს
18 ივლისის საღამოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის საბჭომ, გენპროკურატურისგან მიღებული მიმართვის საფუძველზე, ტელეარხ ANS-ის მაუწყებლობა შეაჩერა.
ტელეარხ meydan.tv-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომდევნო დღეს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ტელეარხის შენობა შეამოწმეს. თანამშრომლები კი ახალ ამბებს ეზოში ელოდებოდნენ. მათი აზრით, არხის ხელმძღვანელები – ვაჰიდ მუსტაფაევი და მირშაჰინ აღაევი პროკურატურაში იმყოფებიან.
როგორც ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, “აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებმა თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს და მკაცრად დაგმეს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა. თუმცა, ტელეარხმა ANS-მა დაიკავა პოზიცია, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული ძმობისა და სტრატეგიული პარტნიორობის იდეას ეწინააღმდეგება და, გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორ ფათულლაჰ გიულენისთვის მხარდაჭერის გამოცხადებით, თურქეთის სახელმწიფოსა და ხელისუფლების საწინააღმდეგო პროპაგანდა წამოიწყო.”
საბჭოს მოსაზრებით, ANS-ის რეპორტაჟები და ინტერვიუები თურქეთში მომხდარს აღწერდნენ, როგორც “ხელისუფლების მიერ დადგმულ შოუს” და ცდილობდნენ თურქეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების დისკრედიტირებას. ტელეარხის კორესპონდენტმა ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა ფათულაჰ გიულენთან, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ამ ინტერვიუს ანონსის შემდეგ არხი დახურეს.
საბჭო აღიარებს, რომ გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე მიიღეს: “ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებამ, ქვეყნის საელჩომ აზერბაიჯანში, შეშფოთება გამოხატა და სათანადო ზომების მიღება ითხოვა.”
“ერდოღანი (თურქეთის პრეზიდენტი) ტელემაუწყებლობის 70%-ს აკონტროლებს. მე ვწერდი იმის შესახებ, რომ ეს საინფორმაციო ჰეგემონია თავად მმართველ პარტიას დააზიანებდა ნებისმიერ მომენტში. და ასეც მოხდა, – ამბობს მოძრაობა ReAl-ის წევრი, პოლიტიკოსი და ეკონომისტი, ნატიკ ჯაფარლი, – და რასაკვირველია, ტელევიზიის დახურვა თავისთავად ცუდი მოვლენაა. ეს გარემოება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და სახელმწიფოს მოწყვლადობაზეც მეტყველებს.”
“ამ ANS-ს დაწუნებული სარძლოსავით ხან აბრუნებენ მშობლების სახლში, ხანაც უკან მიჰყავთ,” – ფეისბუკში, საკუთარ გვერდზე დაწერა ჟურნალისტმა ნიჯათ მელიქოვმა.
ტელეარხ ANS-ს სახელმწიფოს მხრიდან მრავალჯერ განუცდია ზეწოლა. ერთხელ, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭოს მოთხოვნით, დააჯარიმეს კიდეც. იგივე უწყებას არხის ზოგიერთი წამყვანის ლექსიკა აღშფოთებას გვრიდა და ამიტომ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭო ANS-ის ზოგიერთი გადაცემის დახურვასაც ითხოვდა. 2006 წლის ნოემბერში ტელეარხს ლიცენზია ჩამოართვეს და მისი მაუწყებლობა მხოლოდ 2007 წლის დასაწყისში აღდგა. ეთერში დაბრუნების შემდეგ არხი ჩვეულებრივზე უფრო მეტ ლოიალურობას ამჟღავნებდა
“ბოლო წლებში არხი ძალიან შეიცვალა და გაუარესდა, – ამბობს ჟურნალისტი მაგერამ ზეინალოვი, – წინათ, როდესაც სადმე პრობლემა ჩნდებოდა, თუკი ან ხეებს გაჩეხავდნენ, ან სახლებს ანგრევდნენ, მოდიოდა ANS და “ხალხის ხმად” იქცეოდა ხოლმე. უკვე დიდი ხანია, ეს დამოკიდებულება წარსულს ჩაბარდა. და მაინც, დღემდე, როდესაც სადმე მივდივარ, ხშირად მეკითხებიან, – ANS-იდან ხომ არ ხარო?”
გამოქვეყნდა 19.07.2016