აზერბაიჯანში პრეზიდენტის ვაჟის ჯარში გაწვევის საკითხზე მსჯელობენ
გაზიარება
გაზიარება
ჰეიდარ ალიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვაჟმა, ჯარში სამსახური დაიწყო. ახალგაზრდა კაცს, რომელმაც უნივერსიტეტი ახლახან დაამთავრა, ასაკობრივად ჯარში გაწვევა უწევდა. ასე რომ, ამაში არაფერი გასაკვირი ან სენსაციური არ არის. მიუხედავად ამისა, ამ სიახლეს სოციალურ ქსელებში მწვავე განხილვა მოჰყვა.
საზოგადოება ორ ბანაკად გაიყო.
პირველები ამას პატრიოტიზმის ბრწყინვალე ნიმუშად და სახვა ჩინოვნიკებისთვის მაგალითად აღიქვამენ.
სხვები კი ყურადღებას იმას აქცევენ, რომ ჰეიდარ ალიევი უმცროსი წინა ხაზზე კი არ იმსახურებს, არამედ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში. მარტივად რომ ვთქვათ ის ბაქოში, ელიტურ სამხედრო ნაწილში იმსახურებს, და არა სადმე საზღვართან.
„ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია. პრეზიდენტი საკუთარ ვაჟს ჯარში კი არ აგზავნის, არამედ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში. ანუ ის ჯარს საკუთარ ვაჟს არ ანდობს“, – წერს თავის გვერდზე დამოუკიდებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისამაილოვა.
ფორუმზე ადამიანები თითქმის იმავე სულისკვეთებით დავობენ:
„ის ელიტურ სამხედრო ნაწილში მოხვდა, რომელსაც, სხვათა შორის, არც ჯართან აქვს რაიმე კავშირი და არც თავდაცვის სამინისტროსთან“.
„მიჩვეულები ვართ, ვლანძღოთ ის დეპუტატები, რომლებიც თავიანთ ვაჟებს დედის კალთაზე მიბმულებს ტოვებენ. არადა, პრეზიდენტის ვაჟი ჯარში წავიდა. სტერეოტიპი დაანგრია. ცუდი რით არის?
„ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარია. პრეზიდენტის აგარაკს დაიცავს“.
„ყოჩაღ, კარგი მაგალითია პრეზიდენტის აპარატის სხვა წევრებისთვის, რომლებიც თავიანთ ვაჟებს სამხედრო სამსახურში არ უშვებენ!“
„ასეთ სამხედრო სამსახურზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება. აი, ფრონტისპირა ნაწილში რომ მოხვედრილიყო, აყროლებული ტუალეტებით, ლოგინში ბაღლინჯოებითა და სუპში ტარაკნებით, მაშინ ჰო, მშვენიერი მაგალითი იქნებოდა“.
„ძალიან უცნაური ერი ვართ: თუკი ჩინოვნიკის ვაჟი ჯარში არ მიდის, აღვშფოთდებით ხოლმე, და თუ მიდის, დავცინით. იმის გვშურს, რითიც უნდა ვამაყობდეთ. რაიმე კარგის გამო, ერთხელ მაინც შეგვექო.“
და ამ ყველაფრის ფონზე, ზოგიერთს იმედი აქვს:
„რა იცი, იქნებ ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს. ყველაფერი უკეთესობისკენაა“.