აზერბაიჯანში ნოვრუზის ფესტივალს დაახლოებით მილიონი ადამიანი ესწრებოდა
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის დედაქალაქში ნოვრუზის აღსანიშნავად გამართულ დღესასწაულს დაახლოებით მილიონი ადამიანი დაესწრო, – აცხადებენ ტურიზმის პროპაგანდის ეროვნულ ბიუროში.
ბაქოში ნოვრუზის ფესტივალი, ზედიზედ მეორე წელია, იმართება. წელს ფესტივალსა და ბაზრობას ბაქოს მთავარი მოედანი – შადრევნების მოედანი დაუთმეს. იქ მოწყობილია სუვენირებიანი ჯიხურები, შესაძლებელია ეროვნული სამზარეულოს კერძების გასინჯვა და ხალხური მუსიკის მოსმენა. საღამოობით კი კონცერტები ტარდება.
მთლიანობაში ქალაქში ახლა ბევრი ტურისტია, განსაკუთრებით – ირანიდან, სადაც ამ დღესასწაულს ასევე სახელმწიფო დონეზე აღნიშნავენ.
„ჩვენი ბრუნვა თითქმის გაორმაგდა. ტურისტები აზერბაიჯანული ეროვნული კერძების შეკვეთას ამჯობინებენ. შემდეგ ზოგიერთი ტელეფონითაც აკეთებს შეკვეთას“, – ამბობს ბაქოს რესტორნის მენეჯერი.
მასობრივი სეირნობა ბაქოს ძველ უბანსა და ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარეობდა.
„ორი თვის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ, გასულ წელთან შედარებით, 12%-ით მოიმატა. გასულ წელს კი, 2016 წელთან შედარებით, მატება 20%-ს შეადგენდა. ნოვრუზის დღესასწაულზე დსთ-ს ქვეყნებიდან და ირანიდან ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვიდა. წელს კი, შეიძლება ითქვას, რომ სამი დღის განმავლობაში ფესტივალს რამდენიმე ასეული ათასი ტურისტი დაესწრო, და ეს რიცხვი მილიონს უახლოვდება. ჯერ ხომ ერთი კვირაც კი არ არის გასული“, – უთხრა JAMnews-ს აზერბაიჯანის ტურიზმის პროპაგანდის ბიუროს ხელმძღვანელმა ფაუდ ნაგიევმა.
ფესტივალი კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.
ნოვრუზი, სპარსულიდან თარგმანში „ახალი დღე“ – გაზაფხულის ბუნიაობის დღეა. ეს აზერბაიჯანში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. მისი აღნიშვნა ოფიციალურად მხოლოდ 1967 წელს დაიწყეს, და ეს დღე მხოლოდ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ გამოცხადდა უქმედ. წელს ნოვრუზთან დაკავშირებით უქმედ გამოცხადებულია ექვსი დღე.