აზერბაიჯანში მუსლიმი ღვთისმსახურები ხელფასს სპეციალური ფონდიდან მიიღებენ
2018 წლის მაისიდან აზერბაიჯანში მოღვაწე მუსლიმი ღვთისმსახურები სულიერი ღირებულებების პროპაგანდის ფონდიდან სპეციალურ დახმარებას მიიღებენ. შემწეობის ოდენობა 200-დან 400 მანათამდე [დაახლოებით 117 დოლარიდან 235 დოლარამდე] მერყეობს და ღვთისმსახურის სასულიერო წოდებაზეა დამოკიდებული. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში საშუალო ხელფასი დაახლოებით 500 მანათით განისაზღვრება.
ხელფასს ყველა არ მიიღებს. სულიერი ღირებულებების პროპაგანდის ფონდი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად (სწორედ ამ ორგანიზაციას ექვემდებარება აღნიშნული ფონდი) იმ რელიგიური მოღვაწეების სიებს ადგენს, რომლებსაც ფინანსური გასამრჯელო დაენიშნებათ.
“მხარდაჭერას ოფიციალურად დანიშნული რელიგიური მოღვაწეები მიიღებენ. ამ რელიგიურმა მოღვაწეებმა სულიერი ღირებულებების პროპაგანდის ფონდთან ხელშეკრულება გააფორმეს”, – trend.az-თან საუბრისას განაცხადა რელიგიურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, მუბარიზ ყურბანლიმ.
მისი თქმით, კავკასიის მუსლიმების სამმართველოსა და სულიერი ღირებულებების პროპაგანდის ფონდის საშუალებით იმ რელიგიური მოღვაწეების საქმიანობა გაკონტროლდება, რომლებიც მატრიალურ მხარდაჭერას მიიღებენ.
სულიერი ღირებულებების პროპაგანდის ფონდი 2017 წლის ოქტომბერში შეიქმნა. 2018 წლის დასაწყისში ფონდისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6,1 მილიონი მანათის გამოყოფის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სავარაუდოდ, ფონდს დაფინანსების სხვა წყაროებიც ექნება. ასეთი რესურსების მაგალითია ის შემოწირულობები, რომლებიც ადრე უშუალოდ მეჩეთებში შედიოდა და საერთოდ არ კონტროლდებოდა სახელმწიფოს მიერ.