აზერბაიჯანში დაკარგული ალპინისტების ძებნა, მკაცრი ამინდის გამო, დროებით შეჩერებულია
სამი ახალგაზრდა ალპინისტი ტუფანდაგის მთის ფერდობზე დაიკარგა. მათი ძებნა, ათი დღეა, არანაირ შედეგს არ იძლევა.
23 დკემბერს გუბინსკის რაიონის სოფელ ხინალიგიდან ტუფანდაგის მიმართულებით, აზერბაიჯანის ჩრდილოეთით ლაშქრობაში გაემართა და უკან არ დაბრუნებულა სამი ახალგაზრდა ალპინისტი – ბაბურ ჰუსეინოვი, ნამინ ბუნიადოვი და ფარიდა ჯაბრაილზადე. ერთი დღის შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა.
მეორე დღეს დაიწყო ძებნის ორგანიზება, რომელსაც აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ადგილობრივი განყოფილება ხელმძღვანელობდა. ძებნაში ვერტმფრენები და ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის განაღმვის ეროვნული სააგენტოს (ANAMA) საგანგებო აღჭურვილობით შეიარაღებული სპეციალისტები ჩაერთნენ.
ძებნა ყოველდღიურად 6:00 -დან 17:00-მდე მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ შაჰინ მირზაევის თქმით –
„აქ ზოგჯერ 15-20 გრადუსი ყინვა აღინიშნება. ზოგიერთ ადგილას კი თოვლის ზვავის სიღრმე 7-8 მეტრს შეადგენს“.
2 იანვრის საღამოს ძლიერი თოვისა და ქარის გამო, ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა და მიღებულია გადაწყვეტილება ძებნის დროებით შეჩერების შესახებ.
„სამძებრო ჯგუფებმა ბანაკები უსაფრთხო ადგილებზე მოაწყვეს, რათა ძლიერი ქარის ჩადგომასა და თოვის გადაღებას დალოდებოდნენ“ – განაცხადა სამძებრო ჯგუფის მონაწილემ, არზუ მუსტაფაევმა.
სოციალურ ქსელებში ზოგიერთ ვებ-გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება სამძებრო ოპერაციის კრიტიკის შემცველი ცნობები. 2 იანვარს სამაშველო ჯგუფის წარმომადგენელთა ჯგუფმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც სამძებრო სამუშაოების ორგანიზატორები პირდაპირ დაადანაშაულა არაკომპეტენტურობაში.
პოლკოვნიკმა შაჰინ მირზაევმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„ყალბი ინფორმაცია სამუშაოს ართულებს. ეს ადამიანებს აშინებს და დაკარგული ალპინისტების ნათესავებზე ცუდად მოქმედებს“, – უთხრა მირზაევმა სააგენტო APA-ს.
ერთ-ერთმა გამოცდილმა ალპინისტმა, ანონიმურობის პირობით, JAMnews-ს განუცხადა, რომ ინციდენტში მთავარი ბრალი მიუძღვის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც ალპინისტურ მარშრუტებზე გამგზავრების ნებართვის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას ბოროტად იყენებს.
„ეკოლოგიის სამინისტრომ სამ გამოუცდელ ახალგაზრდას ტუფანზე ასვლის ნება დართო. მათთვის ზამთარში ტუფანზე ასვლა კატეგორიულად არ შეიძლებოდა. იქ უდიდესი ზვავსაშიშროებაა, ისეთი რელიეფია“, – მიაჩნია ალპინისტს.
საჰაერო ექსტრემალური სპორტის სახეობათა კლუბის „გილავარის“ ხელმძღვანელი ზია გასიმოვი ირწმუნება, რომ დაკარგული ალპინისტები, მათი ახალგზრდა ასაკის მიუხედავად, საკმაოდ გამოცდილები არიან.
„ზამთრის ალპინიზმი მათთვის ცნობილია. არ მგონია, რომ ბიჭებს შეცდომა დაეშვათ და ზვავის ქვეშ მოყოლილიყვნენ“, – უთხრა გასიმოვმა სააგენტო Report-ს.
“ამინდის დაწყნარებისთანავე ძებნა განახლდება”, – ირწმუნებიან საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.