აზერბაიჯანში ახალი ამბების ტელეარხმა დაიწყო მაუწყებლობა
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანში 15 მარტიდან მაუწყებლობა დაიწყო ახალმა ტელეარხმა – Real TV. ის მხოლოდ ახალი ამბების მაუწყებლობაზე სპეციალიზდება. Real TV-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ცნობილი ჟურნალისტი, მედიაკომპანია ANS-ის ჯგუფის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მირშაჰინ აგაევი.
5 მარტს რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულმა საბჭომ ტელეარხ Real TV-ის თანამგზავრული მაუწყებლობის უვადო ლიცენზია გადასცა. მაუწყებლობაზე ლიცენზია გასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციამ „რეალური ანალიზის საინფორმაციო ცენტრი“, რომლის დირექტორიც არის მირშაჰინ აგაევი.
იმავე დღეს გამომძიებელმა ჟურნალისტმა ჰადიჯა ისმაილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ირიბად ადასტურებდა ახალი არხის „ექსპრეს-ბანკთან“ კავშირს, რომლის მფლობელი პრეზიდენტ ალიევის ოჯახია.
ახალ ტელეარხზე დახურული კომპანია ANS-ის ბევრი თანამშრომელი იმუშავებს, თუმცა მათ შორის არ იქნება თავად მისი დამაარსებელი და პრეზიდენტი ვაჰიდ მუსტაფაევი.
დამოუკიდებელი მედიაკომპანია ANS ძმების – ვაჰიდ და სეიფულა მუსტაფაევებისა და ჟურნალისტ მირშაჰინ აგაევის მიერ 1991 წლის ნოემბერში დაარსდა.
ტელეარხ ANS-ს 2016 წლის 18 ივლისს მაუწყებლობა მას შემდეგ აეკრძალა, რაც არხზე გავიდა ანონსი დაგმობილ თურქ პოლიტიკოს ფეთჰულა გიულენთან ინტერვიუს შესახებ, რომელიც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში იყო ბრალდებული. მოგვიანებით სასამართლომ მთელი მედია ჰოლდინგის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
ANS-მა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა ყარაბაღის ომის წლებში, როდესაც 1992 წელს კორესპონდენტი ჩინგიზ მუსტაფაევი (კომპანიის დამაარსებლის უფროსი ძმა) ომის მოვლენების გაშუქებისას ფრონტზე დაიღუპა.