აზერბაიჯანმა არგენტინასთან ამახანაგურ საფეხბურთო მატჩზე უარი განაცხადა
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს ბაქოში ორ ნაკრებ გუნდს შორის ამხანაგური მატჩის გამართვაზე უარი განუცხადა.
არგენტინის ნაკრების აგენტებმა სურვილი გამოთქვეს, რომ რუსეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ, რომელიც 11 ნოემბერს არის დანიშნული, კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გაემართათ და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციას მათი ეროვნული გუნდის ბაქოში მიღების თხოვნით მიმართეს.
თუმცა, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, ასეთი მატჩის ჩატარებაზე უარი ეთქვა. როგორც ჩანს, ასოციაციაში ასეთი გადაწყვეტილება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან სათამაშოდ მოსამზადებელი მოკლე დროის გამო მიიღეს.
გარდა ამისა, როგორც წესი, ამხანაგური შეხვედრის ჩატარებისთვის ისეთი გუნდები, როგორიც არგენტინაა, სოლიდურ ჰონორარს ითხოვენ. მაგალითად, 2009 წელს აზერბაიჯანის მხარემ ბაქოში ესპანეთის ნაკრების ჩამოსვლაში 700 ათასი ევრო გადაიხადა. ის თამაში აზერბაიჯანის ნაკრების სრული მარცხით, ანგარიშით 0:6 დასრულდა.
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციას საკუთარი უარის მიზეზის შესახებ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. სააგენტო azerisport.com–ის კომენტატორების აზრით, როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციაში კლუბ „ყარაბაღის“ ფეხბურთელებზეც იფიქრეს, რომლებსაც ნოემბერში ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი მატჩი აქვთ ჩასატარებელი და რომლებიც ეროვნული ნაკრების ბირთვს შეადგენენ.
ფეხბურთის გულშემატკივრები ამ სიახლეს სხვადასხვაგვარად შეხვდნენ, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას უმრავლესობა გაგებით მოეკიდა – ორი სახასიათო კომენტარი ფეისბუკიდან:
“ეს ფეხბურთის მოყვარულებისთვის უნიკალური შანსი იყო, რომ ლიონელ მესის თამაში ცოცხლად ენახათ. სამწუხაროა, რომ ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივართა ინტერესებზე ნაკლებად ფიქრობს“
„ფულის იმაში გადახდა, რომ 5-7 ბურთი გაგიტანონ – ეს მაზოხიზმის განსაკუთრებული სახეობაა“.