აზერბაიჯანი გლოვობს
SOCAR-მა, რომელიც ადრე (4 დეკემბერს) აცხადებდა, რომ მსხვერპლი არ არის, და რომ კატასტროფის მომენტში პლატფორმაზე 42 ადამიანი იმყოფებოდა (ეს იყო 5 დეკემბერს), თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა უგზოუკვლოდ დაკარგულთა და გადარჩენილთა სია. ოფიციალური მონაცემებით, სულ გადარჩენილია 32 ადამიანი, უგზოუკვლოდ დაიკარგა 30 (სულ 62). პლატფორმიდან ევაკუირებულთა საერთო რიცხვიდან 8 ადამიანი მოტეხილობებით, დამწვრობით, ჰიპოთერმიითა და ტვინის შერყევით გადაყვანილია მენავთობეთა ცენტრალურ საავადმყოფოში.
ოფიციალურმა პრესამ მხოლოდ 6 დეკემბერს მიიღო დაწვრილებითი ცნობები თვითმხილველთაგან.
‘ძლიერი ქარი იყო და მოხდა აფეთქება. ჩვენ ევაკუაცია გვიბრძანეს. კვამლი გვახრჩობდა, ძლივს მივაღწიეთ სამხრეთის ნავამდე, მაგრამ, კვამლის გამო, მასში ვერ ჩავსხედით და წავედით ჩრდილოეთით, იქ ორ ნავში ჩავსხედით და ასე გადავრჩით, – იგონებს საავადმყოფოში ერთ-ერთი გადარჩენილი, რაშიდ ჰუსეინოვი, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო, – წყალში იმ ორი ნავით ჩავეშვით, მაგრამ ქარი ნავებს ერთმანეთს აჯახებდა და მეორე ნავში მსხდომები წყალში ჩაცვივდნენ. გვეგონა, ჩვენც დავიღუპებოდით’.
ამასობაში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერი დაღუპულთა გლოვის დღედ გამოაცხადა. მის განკარგულებაში მითითებულია, რომ ქვეყნის საელჩოებმა დროშები უნდა დაუშვან, გააუქმონ ამ დღისათვის დაგეგმილი გასართობი ღონისძიებები. ხოლო ტელეარხებს მიეცათ რეკომენდაცია, არ გაეშვათ ეთერში გასართობი ტელეგადაცემები.
ამის მიუხედავად, აზერბაიჯანულ ტელეარხებზე უკრავს მუსიკა (კლასიკური) და უჩვენებენ მეგაჰიტ ფილმებს.
სოციალურ ქსელებში ადამიანები აღშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ინფორმაცია აქამდე დაფარული იყო. ისინი სკეპტიკურად შეხვდნენ გამოძიების შედეგებსაც. ბევრი უკვე 5 დეკემბერს იყო შეშფოთებული, რომ არ გამოცხადდა გლოვა. პლატფორმაზე მომხდარ კატასტროფას სხვა ტრაგედიებს ადარებდნენ – რამდენიმე წლის წინათ აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების დახოცვას, მაისში საცხოვრებელ სახლში მომდარ ხანძარს, რომელსაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ‘აზერბაიჯანში სიკვდილის რისკი რომ დაგემუქროს, სულაც არ არის საჭირო მენავთობედ მუშაობდე ჭაბურღილზე, – ამბობს ინჟინერ-მენავთობე დიმიტრი, – შეიძლება ექიმთან მიდიოდე, მანქანით მოძრაობდე საქმეებზე, საფეხმავლო გადასასვლელზე გადადიოდე, პარკში ძაღლს ასეირნებდე, ან სულაც მოპირკეთებულ სახლში გეძინოს.’
‘ნავთობის აკადემიაში ტერაქტი მოხდა, და დრაჰკანების გამყდველი დაიჭირეს. ბინაგადებში პენოპლასტი აალდა, დაიჭირეს სახლმმართველი. პლატფორმა ‘გიუნიაშლი’ დაიწვა და, – ღმერთო, დაიფარე საცოდავი მუშები’, – წერს ცნობილი ფოტორეპორტიორი და ბლოგერი ტურხან გარიშკა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ავარია იმით დაიწყო, რომ ‘ტალღამ წყალქვეშა გაზსადენის საყრდენი მილი გატეხა’. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსმა ელდარ სულთანოვმა. თუმცა, ფიქრეთ მამედოვმა, Ado-G Group of Companies-ის გამგეობის წევრმა, და ნავთობწარმოების დანადგარების მიმწოდებელმა (მათ შორის ‘SOCAR’-ისთვისაც) ფეიბუკის საკუთარ გვერდზე კომპანია კორუფციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პლატფორმაზე თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფ თანხებს ზოგავენ, და არც პლატფორმის მიმდებარე ტერიტორიას წმენდენ ირგვლივ მოტივტივე ლითონის ნარჩენებისაგან.