აზერბაიჯანის ტურისტულ სოფელში ბუნებრივი აირი გაიყვანეს და ახალი სკოლა ააშენეს
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მაღალმთიან სოფელ ლაგიჯში ბუნებრივი აირის მიწოდება პირველად დაიწყეს. აქამდე სოფლის მაცხოვრებლები სახლების გასათბობად და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის იყენებდნენ შეშას, რომელსაც ადგილობრივ ტყეებში მოიპოვებდნენ, ასევე – გაზის ბალონებსა და სხვა ალტერნატიულ მეთოდებს.
ლაგიჯი აზერბაიჯანის ერთადერთი სოფელი არ არის, სადაც გაზსადენებს ჯერ არ მიუღწევია. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანი თითქმის 95%-ით გაზიფიცირებულია. ეკონომისტ ტორგულ მაშალის თქმით, ეს ციფრები რეალობას შეესაბამება – აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე გაზსადენებია გაყვანილი, გარდა მთიანი ადგილებისა, სადაც მიღწევა ძნელია. იგივე პრობლემაა მთაში ელექტრონულ სადენებთან დაკავშირებით – მათი გაყვანა მთიან სოფელში ტექნიკურად რთულია. ადგილობრივი მოსახლეობა ბევრ სოფელში სახლებს ძირითადად შეშით ათბობს, რაც ტყის დაუსრულებლად ჩეხვას იწვევს.
სოფელი ლაგიჯი – ლამაზი ბუნების, ძველისძველი არქიტექტურის და აქ თავმოყრილი სახელოსნოების წყალობით, აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრია. ეს სოფელი არამხოლოდ უცხოელ ტურისტებს, არამედ თავად აზერბაიჯანის მაცხოვრებლებსაც იზიდავს, პირველ რიგში – ამ სილამაზის გამო.
ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლებამ აქტიურად მიჰყო ხელი ლაგიჯის კეთილმოწყობას, რათა ის სასიამოვნო იყოს არამარტო ტურისტებისთვის, რომლებიც რამდენიმე დღით ჩამოდიან, არამედ აქ მუდმივად მაცხოვრებელი ადამიანებისთვისაც. მაგალითად, გაზსადენის გაყვანის გარდა, სოფელში 400 მოსწავლისთვის განკუთვნილი ახალი სკოლაც გაიხსნა, ასევე გაიყვანეს გზა დაბა დემირჩიმდე.