აზერბაიჯანული „ტურანის“ მიმართ საგადასახადო სანქციები განახლდა
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტრომ უძველესი საინფორმაციო სააგენტო “ტურანისთვის” სულ ერთი კვირის წინ გაუქმებული საგადასახადო სანქციები ისევ აღადგინა.
18 სექტემბერს სააგენტო „ტურანის“ ელექტრონულ მისამართზე გადასახადების სამინისტროსგან მივიდა წერილი, რომელიც 15 სექტემბრით იყო დათარიღებული. მასში ნათქვამია, რომ სააგენტოს 37 ათსი მანათის ოდენობის (დაახლოებით 22 ათასი დოლარი) საგადასახადო დავალიანება აქვს.
მანამდე, ექვსი დღით ადრე, 12 სექტემბერს, იმავე სამინისტროს დეპარტამენტისგან „ტურანის“ მისამართზე მივიდა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სააგენტოს საგადასახადო დავალიანება ან რაიმე საჯარიმო სანქციები არ აქვს. საგულისხმოა, რომ ყველა ეს წერილი ერთი და იგივე ჩინოვნიკის – ლოკალური შემოსავლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ელმან ბაშიროვის მიერ არის ხელმოწერილი.
საინფორმაციო სააგენტო „ტურანის“ დირექტორმა მეჰმან ალიევმა საგადასახადო ორგანოების ამ გადაწყვეტილებას „პოლიტიკური დაკვეთა“ უწოდა.
„ყველაფერი დღესავით ნათელია – ეს არის პოლიტიკური ზეწოლის შედეგი. ჩვენ ჩვენი საქმიანობისთვის გვსჯიან“, – თქვა მეჰმან ალიევმა მეიდან ტვ-სთან ინტერვიუში.
“თუ რა მოხდა ამ სამინისტროში მითითებულ დღეებში და როგორ უნდა აიხსნას ის, რომ ერთი და იგივე უწყება საკუთარ გადაწყვეტილებას მიზეზების დაუსახელებლად 180 გრადუსით ცვლის, ამის ახსნა ჩვენ არ შეგვიძლია“, – ნათქვამია სააგენტო „ტურანის“ განცხადებაში.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ხელისუფლების პოზიციის ასე რადიკალურად შეცვლის რამდენიმე ვერსიას ასახელებენ, ძირითადი ვერსიაა – აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის აშშ-ში გულგრილი მიღების გამო, ხელისუფლების უკმაყოფილება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამ დღეებში აშშ-ში იმყოფება და გაეროს გენერალური ანსამბლეის 72-ე სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ვიზიტის დროს ის ტრამპის ადმინისტრაციის არც ერთ ოფიციალურ წარმომადგენელს არ შეხვედრია.
“აშშ-ში ვიზიტის წინა დღეს ალიევმა რამდენიმე „კეთილი ნების ჟესტი“ გააკეთა, იმ იმედით, რომ ამით დასავლეთის კეთილგანწყობას მოიპოვებდა. თუმცა, პირადად მიღების პატივი მას არათუ პრეზიდენტმა ტრამპმა, არამედ სახელმწიფო მდივანმაც კი არ დასდო. შესაძლოა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასეთი გულგრილი მიღებით განაწყენდა და გადაწყვიტა, თავისი „კეთილი ნების ჟესტი“ გაეუქმებინა“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.