ცნობილ ბლოგერს, ცნობილი გვერდის „სანჯაკის“ (ქინძისთავი) ავტორს მეჰმან ჰუსეინოვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ჰუსეინოვი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ცილისწამებისთვის ცნეს დამნაშავედ და სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
თავის დასკვნით სიტყვაში ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ ეს არის, მისი სქმიანობის გამო, ზემოდან მიცემული შეკვეთა.
მეჰმან ჰუსეინოვი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა უცნობმა პირებმა 9 იანვრის საღამოს ბაქოს ცენტრში დააკავეს. რამდენიმე საათში ჰუსეინოვმა გაავრცელა ცნობა, რომ ის ბაქოს ნასიმინის რაიონის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. მან დასძინა, რომ დაკავების დროს მის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენებას, ხოლო დაკითხვის დროს ის აწამეს.
„8 კაცი დამესხა თავს, პირი ამიკრეს, თავზე ტომარა ჩამომაცვეს, ელექტროშოკით მაწამებდნენ და თან მანქანაში ძალით ჩამსვეს. გზაში მცემდნენ, ვგრძნობდი ცხვირიდან როგორ მდიოდა სისხლი. ალბათ იმედი ჰქონდათ, რომ ხვეწნას დავუწყებდი და შებარალების ვთხოვდი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. სადღაც მიმიყვანეს, ყველანაირად მამცირებდნენ და შეურაცხმყოფდნენ. მე მათ განვუცხდე, – რაც არ უნდა მიქნათ, ჩემს საქმეზე უარს არ ვიტყვი-მეთქი“.
მომდევნო დღეს სასამართლომ ჰუსეინოვი, „პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო“, 200 მანათით დააჯარიმა.
ბლოგერის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ეჰსან ზაჰიდოვმა განაცხადა, რომ მეჰმან ჰუსეინოვის ნათქვამი სიცრუე იყო.
„პოლიციის ორგანოებში ადამიანებს არ სცემენ და მათ წინააღმდეგ ელექტროშოკერს არ იყენებენ. მეჰმან ჰუსეინოვმა ეს ყველაფერი გამოიგონა, ეს არის ზღაპრები და ცილისწამება. ამისთვის პოლიციის თანამშრომლებს შეუძლიათ სასამართლოში უჩივლონ მეჰმანს, მაგრამ ისინი ჰუმანიზმს ავლენენ და ამას არ აკეთებენ. რას წარმოადგენს მეჰმან ჰუსეინოვი, რომ მას ასეთ რეკლამას უწევენ? ყოველდღიურად ათობით ადამიანს აკავებენ და აჯარიმებენ წესრიგის დარღვევისთვის. მეჰმანიც ასევე დააჯარიმეს წესრიგის დარღვევის გამო“, – დაასრულა ზაჰიდოვმა.
წამების გამოყენების შესახებ ნათქვამი სიტყვები სასამართლოში ცილისწამების ბრალდებით სარჩელის შეტანის საფუძვლად იქცა. თავდაპირველად ბრალდება ბლოგერისთვის თავისუფლების სამი წლით აღკვეთას ითხოვდა, მოსამართლემ ჰუსეინოვს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა.
„მეჰმან ჰუსეინოვისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა პოლიტიკურ ნებაზე მიუთითებს. მიმაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია“. ამის შესახებ ბლოგერის ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა სასამართლოს შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა“, – გადმოსცემს რადიო „აზალიგი“.