2018 წლის 18 თებერვალს ავიაკომპანია Aseman Airlines-ის თვითმფრინავი თეირანი-იასუჯის რეისს ახორციელებდა – აფრენიდან 50 წუთში ლაინერი რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავს დანიშნულების ადგილამდე 22 კმ ჰქონდა დარჩენილი, როდესაც ის დენის მთის მიდამოებში ჩამოვარდა, – იუწყება BBC.
Aseman Airlines-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბორტზე მყოფი 66-ვე ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით კომპანიამ განაცხადა, რომ ვინაიდან თვითმფრინავის დღუპვის ადგილი ძნელად მისადგომია, მაშველებს იქამდე ჯერაც არ მიუღწევიათ, ამიტომ დაბეჯითებით იმის თქმა, რომ არავინ გადარჩენილა, არ შეიძლება.
Aseman Airlines-ში მიაჩნიათ, რომ თვითმფრინავის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი კლიმატური პირობებია. იმავე დღეს ავიაკომპანიის კიდევ ერთ თვითმფრინავს მოუწია იმავე მიზეზით ექსტრემალური დაშვება.
ბოლო წლების განმავლობაში ირანში ერთდროულად რამდენიმე ავიაკატასტროფა მოხდა. 2009 წლიდან ამგვარ ტრაგედიებს ირანში 285 ადამიანი შეეწირა.
ირანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ამ კატასტროფის მიზეზი შეიძლება იყოს ამერიკის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომელიც ქვეყანაში ბირთვული პროგრამის განვითარების აღკვეთის მიზნით არის შემოღებული. მათ გამო, ირანულ ავიაკომპანიებს ახალი დასავლური თვითმფრინავების ან ძველებისთვის საჭირო ნაწილების შეძენა არ შეუძლიათ.
18 თებერვალს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი 25 წლის განმავლობაში იყო ექსპლუატაციაში.