88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ჰელმუტ კოლი, გერმანიის ყოფილი კანცლერი. უკანასკნელ წლებში თავის ტრავმის შემდეგ ის სპეციალური სავარძლით გადაადგილდებოდა, ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle იუწყება.
ჰელმუტ კოლი 1930 წელს დაიბადა. უნივერსიტეტში ის სამართალს და პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. 16 წლისა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი გახდა. 1982-1998 წლებში, რეკორდული 16 წლის განმავლობაში, გერმანიის კანცლერი იყო. 2002 წლამდე კი – პარლამენტის წევრი.
ჰელმუტ კოლის კანცლერობის პერიოდში გაერთიანდა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია. 1989 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ამ თემაზე, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით.
ჰელმუტ კოლი ევროკავშირისა და ევროპის ერთიანი ვალუთის ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება.