რეაქცია ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებებზე: გაკვირვებიდან აღშფოთებამდე
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ფინეთის დედაქალაქში შეხვდნენ, – იუწყება CNN.
ორმხრივი მოლაპარაკებები ორ ნაწილად გაიყო. თავიდან პუტინი და ტრამპი განმარტოვდნენ და პირისპირ ისაუბრეს, მოგვიანებით კი მათ დელეგაციის წევრები შეუერთდნენ.
რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა
ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ფურორი გამოიწვია თავისი იმ განცხადებით, რომ ამერიკა-რუსეთის ახლანდელ უპრეცედენტოდ ცუდ ურთიერთობაში „ბრალი ორივე მხარეს მიუძღვის, წარსულში შეცდომებს ორივე ქვეყანა უშვებდა“.
მსოფლიო მედიამ ერთსულოვნად მიაქცია ყურადღება იმას, რომ ამერიკის პრეზიდენტი სრულ იგნორირებას უწევდა ისეთ თემებს, როგორიცაა სირიის სამოქალაქო ომში რუსეთის მონაწილეობა, ყირიმის ანექსია და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსეთის ჩარევა, არადა, ორმხრივ ურთიერთობაში არსებული კრიზისი სწორედ ამ ფაქტებმა გამოიწვია.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი ისევ შეეხო რუსეთის მხრიდან ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხს. პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო ყველა ბრალდება. სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას იმის ვარაუდის საფუძველი არ გააჩნია, რომ კრემლმა აშშ-ს არჩევნების შედეგზე გავლენა იქონია.
მან განაცხადა: „არ ყოფილა არანაირი შეთქმულება. მე ამ პრეზიდენტს (პუტინს) არ ვიცნობდი. არავინ იყო, ვისაც ფარულად გავურიგდებოდი, და ჩემი კამპანიის უკან არავითარი ფარული შეთანხმება არ არსებობდა“.
ტრამპმა ასევე გააკრიტიკა პროკურორი რობერტ მიულერი, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებს. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე მიულერმა ამერიკის არჩევნებში ჩარევის ბრალდება რუსული დაზვერვის 12 თანამშრომელს წაუყენა (სულ ამ დანაშაულში ბრალდებულია რუსეთის 20-ზე მეტი მოქალაქე).
ვლადიმირ პუტინი შეხვედრით კმაყოფილი დარჩა. „მე და პრეზიდენტმა ტრამპმა კარგად ვისაუბრეთ, ერთმანეთს უკეთ გავუგეთ, და დონალდს ამისთვის ვემადლიერები“, – განაცხადა მან პრეს-კონფერენციაზე.
მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები შოკში არიან
ტრამპს, თავისი გამონათქვამების გამო, აშშ-ში მკაცრი კრიტიკა დაატყდა. აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტის ტრადიციულ კრიტიკოსებს შორის სულ უფრო ხშირად გაისმის განსაზღვრება „სამარცხვინო ჩავარდნა“, – ჰყვება ВВС.
თავისი აზრი სხვებზე მკვეთრად გამოთქვა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა დირექტორმა ჯონ ბრენანმა, რომელმაც საკუთარ ტვიტერზე განაცხადა: „მომხდარი სერიოზული დანაშაულის ჩარჩოებს სცდება. ეს ღალატია“.
მაგრამ მათ შორის, ვინც ტრამპის განცხადებებმა აღაშფოთა, ამჯერად ბევრი ისეთი პოლიტიკოსიც აღმოჩნდა, ვინც, როგორც წესი, აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ წინათ ლოიალობას ავლენდა.
მაგალითად, რესპუბლიკელმა სენატორმა პოლ რაიანმა განაცხადა: „ეჭვი არ არის, რომ რუსეთი ჩვენს არჩევნებში ჩაერია, და ის დემოკრატიაზე თავდასხმას მთელ მსოფლიოში აგრძელებს. პრეზიდენტმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთი ჩვენი მოკავშირე არ არის. შეერთებულმა შტატებმა იმაზე უნდა იზრუნოს, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს და პუტინის მხრიდან დემოკრატიაზე თავდასხმებს ბოლო მოუღოს“.
CNN-ის კორესპონდენტმა ანდერსონ კუპერმა პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციას „ისტორიულად აშშ-ს პრეზიდენტის ყველაზე სამარცხვინო პრეს-კონფერენცია“ უწოდა.
ტელეარხმა Fox News-მა, რომელიც უცვლელად ლოიალურია რესპუბლიკელებისა და ტრამპის მიმართ, ჰელსინკის მოლაპარაკებები „უკან დახევად“ შეაფასა.
ორივეს მისამართით
ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰელსინკში პუტინისა და ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართებოდა. მეპროტესტეების დიდი ნაწილი ქუჩებში 15 ივლისს გავიდა, რადგან ეს უქმე დღე იყო. ისინი აშშ-ს მიგარციულ პოლიტიკასა და პრეზიდენტ ტრამპის ისლამოფობიას აკრიტიკებდნენ, ასევე – გეი-პროპაგანდის შესახებ რუსულ კანონსა და რუსეთში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. მთელი მსოფლიოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მოიარა ჰელსინკის მაცხოვრებელი ორი ქალის ფოტომ, რომლებსაც პლაკატი უკავიათ წარწერით – „ორივე ეშმაკს წაუღიხართ!“