ომი უკრაინაში
ფოტო: როიტერი
29 იანვრიდან უკრაინის აღმოსავლეთში აქტიური სამხედრო მოქმედებები არ წყდება. ყველაზე მძაფრი დაპირისპირება დონეცკთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ავდეევკაში დაფიქსირდა. თუმცა, საბრძოლო ოპერაციების ზონა მთლიანად მოიცავს თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და უკრაინის ძალების გამყოფ ზოლს. შეტაკებები ბოლო ათი დღის განმავლობაში გრძელდება. ესკალაციას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული მდგომარეობა
ავდეევკაში საერთოდ არ არის შუქი და ხშირად წყლის მიწოდებაც წყდება. ბინებში ძალიან ცივა, რადგან კოქსოქიმიური ქარხანა, რომელიც ქალაქს ათბობდა, ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. ქალაქში გათბობის პუნქტები პირდაპირ ქუჩებშია მოწყობილი.
31 იანვარს აქ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ავდეევკაში 20 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ევაკუაციის შეთავაზებას მხოლოდ 177 ოჯახი დათანხმდა – მეტწილად ის ადამიანები, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებს ზრდიან.
ავდეევკას უკრაინის არმია აკონტროლებს. ქალაქს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ქვედანაყოფები ბომბავენ. ამასთან სამხედრო ფორმირებები მძიმე შეიარაღებას – ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა БМ-21 Град-ს, არტილერიასა და ტანკებს იყენებენ.
აი, როგორია „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტის თვალით დანახული ავდეევკას ყოველდღიური ყოფა:
„ ქუჩაში იშვიათად შეხვდებით ხელცარიელ ადამიანს. ჰუმანიტარულ ტვირთს საბავშვო ციგებით, ეტლებით, ველოსიპედებითა და ურიკებით ეზიდებიან. ქალაქში სახელმწიფო სტრუქტურებისა და მოხალისეების მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების რიგი არ წყდება.
მეორე სკოლასთან ბევრი ხალხია შეკრებილი. გუშინ აქ ტრაგედია დატრიალდა. ჭურვის აფეთქების შედეგად დატოვებულ ღრმულში მცირეოდენი თოვლი ჩაიყარა. ორმოს მახლობლად ნასროლი ვაზნა გდია. ადამიანები ცდილობენ, იმ მხარეს არ გაიხედონ. ისინი ყუთებს პაკეტებსა და ტომრებს ეზიდებიან სახლებში, რომელთა ფანჯრებიც თხელი ფიცრებითაა აჭედილი.
საღამოობით ავდეევკა სიბნელეში ეხვევა და ყურს უგდებს უკვე ტრადიციად ქცეულ ორთაბრძოლებს, რომლებიც ღამის ათ საათზე იწყება. ორი საათის შემდეგ ავდეევკაში მცხოვრებ ადამიანებს რაღაც მძიმე სხეულის დაცემის ხმა ესმით. დილით კი ხვდებიან, რომ მათ წინათგრძნობამ არ უღალატა და ჭურვი სობორნაიას ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან სახლს – ბინებს შორის მდებარე კედელს მოხვდა“.
კრისტოფერ ნუნი, ბრიტანელი ფოტოგრაფია,რომელიც გამომცემლობა The New Yorker-ისა და Financial Times-ისთვის მუშაობს. იგი მინის ნამსხვრევით დაიჭრა და ერთი თვალი დაკარგა. მოხალისეებმა იგი დროულად გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ფოტოგრაფს ოპერაცია ჩაუტარდა. ნუნმა „ტვიტერში“ ასეთი შინაარსის ჩანაწერი გამოაქვეყნა: „ცოცხალი ვარ“.
ორი ვერსია
უკრაინის ვერსია
უკრაინის ხელისუფლების ვერსის მიხედვით, ავდეევკას რაიონში სამშვიდობო შეთანხმება თვითგამოცხადებულმა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ დაარღვია“ 29 იანვარს და საბრძოლო ოპერაციები მინსკის შეთანხმების საფუძველზე აკრძალული მძიმე შეიარაღების საშუალებით განახორციელა. უკრაინის არმიის მხრიდან საპასუხო ცეცხლის გახსნა რთულდება იმის გამო, რომ მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა საცხოვრებელ მასივებშია განთავსებული.
უკრაინის სამხედრო ძალების ყოფილი მოსამსახურე, ავდეევკაში ბაზირებული 122-ე ბატალიონის ყოფილი ოფიცერი, „მასინაიომი“ მოვლენების ასეთ ინტერპრეტაციას გვთავაზობს
მოწინააღმდეგეს [იგულისხმება „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა – რედ.შენ.] ჰუმანიტარული საწყობების განადგურება რომ სურდეს, ხშირ ზუსტ დარტყმებს განახორციელებდა. მათ კი უბრალოდ რამდენიმე გასროლა განახორციელეს და საცხოვრებელ სახლები დაბომბეს.
გამოდის, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკას“ უბრალოდ ადგილობრივების დაშინება სურს.
ამასთან, ადგილობრივებს მთელი უკრაინა ეხმარება. აქ თითქმის ყველაფერია – წყალიც არის, და საჭმელიც. ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ადამიანები დღეში ორჯერ, ან სამჯერ მოდიან ხოლმე. მოსახლეობას შეუძლია გათბეს და საჭმელი ჭამოს. რა თქმა უნდა, აქ ისეთი პირობებია, როგორც სამხედრო შენაერთებში, მაგრამ ცხოვრება შეიძლება.
ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადგილობრივებმა არ იგრძნონ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომლის შექმნასაც რუსეთი და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ ცდილობენ. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სამხედრო პირების ბედი გვაღელვებს. ისინი უკვე რამდენიმე დღეა, გამუდმებული ცეცხლის ქვეშ არიან.”
თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ვერსია:
თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ვერსიის მიხედვით, 29 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მხარეების შეხების ზოლის ავდეევკის მთლიან მონაკვეთზე მიიტანეს იერიში.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრესსამსახურის უფროსის, დანიილ ბეზსონოვის კომენტარი:
—მხოლოდ ამ ღამით დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 28 დასახლებული პუნქტი დაიბომბა. დანგრეული სახლების რაოდენობა ჯერ კიდევ არ დაგვითვლია. 29 იანვრიდან გუშინდელ დღემდე 40 შენობა დაინგრა, ამჟამად კი განადგურებული სახლების რაოდენობა გაცილებით მეტია. წინასწარი მონაცემებით, ამ ღამით ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 15-ზე მეტი კი – დაიჭრა.ჯერჯერობით ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, მოქალაქეები ჯერ კიდევ მიმართავენ საავადმყოფოებს. სულ ამ დღეებში დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა.
გარე ფაქტორები
მრავალი საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დონბასში არსებული სიტუაციიის მორიგი ესკალაცია 28-29 იანვრის ღამეს, რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დასრულებისთანავე დაიწყო.
ვარაუდობენ, რომ ორი დიდი სახელმწიფოს ურთიერთობაში უკრაინა, შესაძლოა, „დასახურდავებელ მონეტად“ იქცეს
თუმცა, ჯერჯერობით შექმნილი მდგომარეობა ამ პროგნოზებს არ ადასტურებს. 2017 წლის 4 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე, შეერთებული შტატების ახალმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ყირიმში. მისი რიტორიკა არაფრით განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რომელსაც წინა ადმინისტრაცია იკავებდა ამ საკითხთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთს კიდევ ნახევარი წლის მანძილზე არ მოუხსნის სანქციებს.
გამოსვლისას ნიკი ჰეილიმ აღნიშნა: “შეერთებული შტატები რუსეთის ქმედებებს და სანქციები შენარჩუნდება მანამ, ვიდრე ყირიმი უკრაინის იურისდიქციას არ დაუბრუნდება”.
თავის მხრივ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთს კიდევ ნახევარი წლის მანძილზე არ მოუხსნის სანქციებს.
დამაინც, მცირე ხნის წინ რუსეთიდან ემიგრირებული ცნობილი რუსი ანალიტიკოსის, ანდრეი პიონტკოვსკის აზრით, შესაძლოა, საფუძველს არ იყოს მოკლებული მოსაზრება იმის შესახებ რომ ალბათ უკრაინაზე მოქმედი გარე ფაქტორები შეიცვალება. მიიჩნევს, რომ ტრამპმა კარგად იცის, ვინ არის პუტინი, საკმაოდ მკაცრად აფასებს მას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევს.
თავის მხრივ, ცნობილი რუსი პოლიტოლოგი, ლილია შევცოვა აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ძალიან მალე გაქრეს ის იმედები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას აქვს ტრამპის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით (მაშინვე, როგორც კი გაირკვევა, რომ ის რისკები, რომლებიც პუტინთან თანამშრომლობას ახლავს, ამ გზით მისაღებ შესაძლო სარგებელს აჭარბებს).
“ტრამპი საქმოსანია. მისი ფილოსოფია მარტივია. იგი მიიჩნევს, რომ გამარჯვებული ყველაფერს იღებს”, – აღნიშნულია მის ბლოგპოსტში.
ფოტო: "ნოვაია გაზეტა", Hromadske, Reuters, RIA Novosti
- უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, შეიარაღებული დაპირსპირება 2014 წლის ზაფხულში დაიწყო.|
- უკრაინის ხელისუფლების ვერსიით, იქ კრიმინალებისა და დაქირავებული ჯარისკაცებისგან შემდგარი ტერორისტული ჯგუფები მოქმედებენ, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობენ. ოფიციალური კიევის განცხადებით, ამ სამხედრო შენაერთების წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია ხორციელდება.
- თვითგამოცხადებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” ხელმძღვნელები საკუთარ რაზმებს ნებაყოფლობით სახალხო ლაშქარს უწოდებს.
- კონფლიქტის შედეგად 3 მილიონზე მეტი ადგილობრივი მოსახლე ლტოვილად იქცა, საბრძოლო მოქმედებებს 10 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
- კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რომ ამ დაპირისპირებას რამდენიმე ათასი მოქალაქე ემსხვერპლა.
- გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს და მის პოზიციას აგრესიად აფასებს.