აზერბაიჯანში "ჰოჯალის ტრაგედიის" წლისთავზე პოლიციასა და ოპოზიციას შორის შეტაკება მოხდა
აზერბაიჯანში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი ყარაბაღის ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ეპიზოდის ოცდამეშვიდე წლისთავს აღნიშნავენ.
1992 წელს 25-დან 26-მდე თებერვლის ღამით სომხეთის შეიარაღებულმა რაზმებმა, მძიმე ტექნიკისა და ყარაბაღში დისლოცირებული ყოფილი საბჭოთა არმიის 336-ე მოტომსროლელთა პოლკის დახმარებით, აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქალაქ ჰოჯალის შეუტიეს და დაიპყრეს.
აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად ქალაქში მყოფი რამდენიმე ათასი ადამიანიდან 613 დაიღუპა. 487 მშვიდობიანი მოსახლე მძიმედ დაიჭრა, 1275 ადამიანი ტყვედ აიყვანეს, 150 ადამიანის ბედი კი ჯერ ისევ უცნობია. სრულად განადგურდა რვა ოჯახი.
|
ყოველ წელს ტრაგედიის წლისთავის წინ სტარტს იღებს საერთაშორისო კამპანია „Justice for Khojaly“ („სამართლიანობა ჰოჯალისთვის“), რომლის მიზანია – მსოფლიოს ამ ტრაგედიის შესახებ უამბოს, და ამ ხოცვა-ჟლეტაში დამნაშავე პირების დასჯას მიაღწიოს.
• ჰოჯალი: როგორ მოხდა ეს – ნაწყვეტი თომას დე ვაალის წიგნიდან
• ჰოჯალის ტრაგედიის სომხური ვერსია თათულ აკოპიანის წიგნიდან
26 თებერვალს ბაქოში ცენტრალურ ქუჩებზე მრავალათასიანი მსვლელობა გაიმართა, გამოცხადდა წუთიერი დუმილი.
პოლიციამ ძალის გამოყენებით ჰოჯალის მსხვერპლთა ხსოვნის ქანდაკებასთან ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ წევრები არ მიუშვა.პარტიის ერთ-ერთი წევრი ჰოსპიტალიზებულია.
შეტაკების დეტალები
პარტია „მუსავათის“ დიდი დელეგაცია ჰოჯალის ტრაგედიის მსხვერპლთა ქანდაკებასთან ყვავილების დაწყობას აპირებდა. მაგრამ პოლიციელებს მათი ქანდაკებასთან ახლოს მიშვება არ სურდათ, და ამის არგუმენტად იმას ასახელებდნენ, რომ ძეგლთან ახლოს მისვლა მხოლოდ დაღუპულთა ნათესავებისთვის შეიძლებოდა. თუმცა, ნახევარსაათიანი დავის შემდეგ პოლიციამ ამ ადგილიდან ოპოზიციონერების გაწევა დაიწყო.
დაზარალდა პარტიის პრეს-სამსახურის თანამშრომელი მეჰმან ქამარანი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მუსავათის“ ხელმძღვანელობამ პოლიციის ქმედებებს „სამარცხვინო“ და „დამცინავი“ უწოდა.