ჩერნობილი, როგორც ბიზნესი
ტელეარხმა HBO-მ აჩვენა მინისერიალ „ჩერნობილის“ ბოლო, დასკვნითი სერია, რომელიც 33 წლის წინ მომხდარ კატასტროფას მიეძღვნა. დასავლეთში ნამუშევარი ძალიან კარგად მიიღეს, რუსეთში კი – შედარებით თავშეკავებულად, მაგრამ მაინც ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა.
კიდევ ვინ აკეთებს ბიზნესს ჩერნობილზე – The Republic-ის პუბლიკაციაში.
სტაბილური ინტერესი
ინტერესი ჩერნობილის სადგურზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასოდეს შენელებულა.
ტურისტების რიცხვი ჩერნობილში ყოველწლიურად იზრდება. თუკი ორი წლის წინ, მთელი მსოფლიოდან იქ დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ჩავიდა, 2018 წელს მათი რიცხვი უკვე 75 ათასი იყო. პროგნოზების თანახმად, წელს ჩერნობილს 100 ათასამდე ტურისტი მოინახულებს. ამის შესახებ საუბრობს მიხაილ კრაიჩირი, სლოვენიური ტურისტული ფირმის, CHERNOBYLwel.com-ის მენეჯერი.
ბიზნესის დასაწყისი
ჩერნობილი მთელ მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ მიმართულებად 2010-იანი წლების დასაწყისიდან იქცა, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ კრიზისის ზონა ტურისტებისთვის გახსნა (2011 წელს) და მსხვილმა ინგლისურენოვანმა გამოცემებმა დაიწყეს მასზე წერა, როგორც ყველაზე საინტერესო ადგილზე მათთვის, ვისაც თავგადასავლები და პირქუში ტურიზმი უყვარს.
უკვე 2017 წელს, ჩერნობილის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის (უკრაინა) სერგეი მირნის თქმით, ჩერნობილის ზონამ უკრაინის ბიუჯეტს დაახლოებით 200 ათასი დოლარი მოუტანა. ამასთან, ტურის ღირებულება არც ისე მაღალია. ერთდღიანი ექსკურსიის ფასი 50-დან 100 დოლარამდე მერყეობს, ორდღიანი კი 200-დან 300 დოლარამდე და დამოკიდებულია მომსახურებაზე (მაგალითად, სპეციალური კვება). ჯგუფური ტურების გარდა, ოპერატორები მომხმარებლებს კერძო ექსკურსიებსაც სთავაზობენ და თვითმფრინავით ფრენასაც კრიზისის ზონის თავზე.
კინო, როგორც ვაჭრობის ძრავა
HBO-ს სერიალის გამოსვლამ ნამდვილი ტურისტული ბუმი გამოიწვია. ექსკურსიების ორგანიზატორები ჩერნობილის მიმართ ინტერესის მკვეთრ ზრდაზე საუბრობენ. ორი უკრაინული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მათი ტურების დაჯავშნის მაჩვენებელი უახლოესი სამი თვის განმავლობაში 30-40 პროცენტით გაიზარდა. ერთი დღის განმავლობაში ადგილზე ორი ათასამდე ტურისტი შეიძლება ჩავიდეს.
ტურისტების ძირითადი ნაწილი უცხოელები არიან. წარსულში მირნი ინტერვიუში აცხადებდა, რომ ტურისტების ორი მესამედი იყო უცხოელი (დანარჩენები უკრაინის მოქალაქეები იყვნენ). ახლა კი კრიზისის ზონის მმართველ სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ უცხოელი მნახველები საერთო მაჩვენებლის 80 პროცენტს შეადგენენ. 2014 წლამდე ტურისტების ნახევარზე მეტი რუსეთიდან ჩამოდიოდა, ახლა კი ისინი ერთეულები არიან – მირნის თქმით, ამაში თავისი როლი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებამ შეასრულა.
კრაიჩირი ამბობს, რომ ჩერნობილში ჩამოსული ტურისტების საშუალო ასაკი 25-40 წელს შეადგენს (მათი მესამედი ქალები არიან). მათ უყვართ თავგადასავლები და უჩვეულო გამოცდილების მიღება სურთ.
რა უნდა ნახო
მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ქალაქი-მოჩვენება პრიპიატი, რადიოლოკაციური სადგური „დუგა“, რომელიც კონტინენტთაშორისი რაკეტების ადრეული გამოვლენისთვის აიგო და თავად სადგური.
ტურისტებს უფლებას აძლევენ, მოინახულონ სადგურის ადმინისტრაციული შენობა, ადგილობრივი მუზეუმი, „ოქროს დერეფანი“ (დერეფანი, რომელიც სადგურის მთელ ენერგობლოკში გადის), პირველი რეაქტორის მართვის პუნქტი და, ასევე, მივიდნენ სარკოფაგთან, რომელიც იცავს იმ ბლოკს, სადაც ავარია მოხდა. ტურისტებისთვის დასაშვებ ადგილებში მოკლევადიანი სტუმრობისას, რადიაციის დონე ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.
შთაბეჭდილებები
თუკი უცხოურ ტურისტულ ვებგვერდებზე გაკეთებული უამრავი შეფასებით ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი მართლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს: „ძალიან ეფექტური ადგილია, ღირს მონახულება, 10-დან 10-ს ვუწერ“. „გამოხატვაც კი მიჭირს, როგორი წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი. მნიშვნელობა არ აქვს, იცით თუ არა ისტორია და საქმის კურსში ხართ თუ არა იმის, რაც მოხდა – შთაბეჭდილება ამ ადგილიდან დიდხანს გაგყვებათ“, – ასე აღწერს ჩერნობილში ვიზიტს ათასობით ადამიანი.
თუმცა, ყველა სტუმარი ასეთი აღფრთოვანებული არ რჩება: ზოგიერთი ფიქრობს, რომ ტურების ორგანიზატორები აშკარად ძალიან მანიპულირებენ ტურისტების შიშებითა და მოლოდინებით. „მე ისტორიკოსი ვარ, ჩემთვის საინტერესოა – წერს ერთ-ერთი სტუმარი ვებგვერდ TripAdvisor-ზე, – მაგრამ ექსკურსიის მეხუთე საათზე უკვე უკან კიევში მინდოდა დაბრუნება. იყო ბევრი გაჩერება და გადაკვეთა, განსაზღვრული მარშრუტი და ხელოვნურად განთავსებული თოჯინები ნანგრევებში – ეს უკვე მეტისმეტად ზედმეტი იყო“.