ორი სომეხი დედის ისტორია - როგორ იბრძვიან ისინი შშმ შვილების უფლებებისთვის
«ჩემს შვილზე უარი ვთქვი…»
«მშობიარობის შემდეგ პირველი, რაც დამამახსოვრდა, იყო ექიმის სიტყვები. მან იკითხა: „ყველა ანალიზი გავუკეთეთ?“ და იმის ნაცვლად, რომ ჩემთვის გადმოეცა ბავშვი, სხვა პალატაში გადაიყვანა. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მეგონა, რომ ჩემ გარშემო სამყარო ინგრეოდა».
ვაჟის დაბადებიდან რამდენიმე საათი იყო უკვე გასული, როდესაც ანას უთხრეს (უფრო სწორად კი, განაჩენივით გამოუცხადეს), რომ მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოევლინა ქვეყანას. ბავშვზე უარის თქმისკენ პირდაპირ არავინ მოუწოდებდა. უბრალოდ, ყველა დარდობდა იმ ახალგაზრდობის გამო, რომელიც მას „ავადმყოფი ბავშვის“ მოვლაში უნდა დაეხარჯა.
• რა ჯობია, ქალიშვილის მშობელი იყო, თუ – ვაჟის?
• როგორ სწავლობენ ჩვეულებრივ სკოლებში ისინი, ვისაც კითხვა და სიარული უჭირს
მის შვილს კი „აუცილებლად დაუდგინდება გულის დაავადებები, სუსტი ჯანმრთელობა და გონებრივი ჩამორჩენილობა“ – ვარაუდობდნენ, რომ ავადმყოფი ბავშვის დაბადების შემდეგ ოჯახი დაენგრეოდა და ანას უთანაგრძნობდნენ იმის გამო, რომ მისი ცხოვრება ნაადრევად დასრულდა.
«ორსულობის შემდეგ თითქმის ყველა ქალს ემართება დეპრესია – ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. და ასეთ მდგომარეობაში ყველა ეს მისამძიმრება უბრალოდ აუტანელი იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს სანახავად სამგლოვიარო პროცესია მოდიოდა ხოლმე. ერთადერთ გამოსავლად ბავშვზე უარის თქმა რჩებოდა. მეშინოდა, იმიტომ რომ არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა ამის შემდეგ. მხოლოდ ის ვიცოდი დანამდვილებით, რომ მინდოდა, ეს ამბავი ძალიან მალე დასრულებულიყო. მინდოდა, ვინმეს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა. ამ ყველაფრის ატანის თავი არ მქონდა», – იხსენებს ანა.
მალე ანას ისტორია საზოგადოების განსჯის საგნად იქცა და ახალგაზრდა დედა ყველამ ერთად შეიძულა.
«ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანებს ასეთი სიძულვილის უნარი შეიძლებოდა, ჰქონოდათ. ვერასდროს წარმოვიდგენდი. წყევლისა და ლანძღვის შემცველ წერილებს მიგზავნიდნენ. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ხალხის ერთადერთ მიზანს ჩემი განადგურება წარმოადგენდა, ყველა მასამართლებდა. თითქოს ღმერთები ყოფილიყვნენ. ვერავინ ხვდებოდა, რომ პირველ რიგში ადამიანი ვარ და მხოლოდ ამის შემდეგ ვარ სომეხი და, დედა. ჩემი შიშები, ეჭვები და სისუსტეები მაქვს. თითქოს პირველი დედა ვიყავი, ვინაც საკუთარ შვილზე თქვა უარი», – ამბობს ანა.
არც პირველი, და არც უკანასკნელი, სტატისტიკური მონაცემები
სომხეთის სახელმწიფო ბავშვთა სახლებში 638 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 471 უნარშეზღუდულია.
გასული ორი წლის მანძილზე ბავშვთა სახლებიდან ბიოლოგიურ ოჯახებში 130 ბავშვი დაბრუნდა. მათ შორის ცხრა განსაკუთრებული საჭიროებების მქონეა. იმავე პერიოდში 105 ბავშვი იქნა გაშვილებული, მათ შორის 15 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.
გულით მხედველი: ჰოვანესი
«ვიცოდი, რომ დედაჩემი იქნებოდა. როდესაც პირველად ჩამეხუტა ბავშვთა სახლში და ჩემი სიცოცხლე ხარო, მითხრა, მაშინვე მივხვდი, რომ დედაჩემი იყო», – ამბობს ჰოვანესი.
ანაითი ეშმაკურად იღიმება – იგი ყველა ბავშვს ასე მიმართავს. დედა ბედნიერია – ღვთის ნებით მათ ერთმანეთი იპოვეს.
ანაითი კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. მღვდლის ცოლი აქტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანია, რომელიც ყველაფერს ასწრებს – სახლსაც უვლის, სამსახურშიც დადის და ქველმოქმედებასაც ეწევა. დაღლის უფლება არ აქვს – ახლა დაღლის დრო არ არის. ვაჟები ჯერ სკოლაში უნდა წაიყვანოს, შემდეგ კი ვოკალის, ქამანჩისა და ავიამოდელირების გაკვეთილებზე და თეატრალური წრის შეკრებაზე უნდა მიიყვანოს. მას სურს რომ ბავშვებს ყველაფერი და ყველაფერზე ცოტა მეტიც კი მისცეს – იმის სანაცვლოდ, რაც მათ ვერ მიიღეს.
პიანინოზე ლამაზ ჩარჩოებში ჩასმული ფოტოები დგას. დედა სიამაყე! ამ სურათებზე უფროსი ვაჟი, ჰოვანესია გამოსახული. ფოტოები იმ დროსაა გადაღებული, როდესაც ჰოვანესმა ცნობილ მომღერალთან ერთად იმღერა. სწორედ ჰოვანესი აირჩია დუეტისთვის დიანა ღურწკაიამ უსინათლო მომღერლების საერთაშორისო კონკურსში, რომელშიც 400 პრეტენდენტი მონაწილეობდა.
„ჩვენი ვარსკვლავია, ჩემი სიხარული“, – ამბობს დედა.
მეორე კუთხეში მდგარ სარწეველა სკამზე უმცროსი ვაჟი ჰუსიკი ზის. სახეზე სერიოზული, საქმიანი იერი აღბეჭდვია. მას არ მოსწონს ოჯახის უმცროსი წევრის სტატუსი, მაგრამ მაშინვე აცხადებს: «ეს ჩემი სკამი არ არის, ჩემს უფროს ძმას, ჰოვანესს აჩუქეს».
მამა გრიგორ ოვანისიანის სახლში ყოველთვის სიყვარული სუფევდა. სიყვარულითა და ზრუნვით აღიზარდა ერთადერთი ქალიშვილი, რომელმაც იქორწინა და მამის სახლი დატოვა. ცოლ-ქმარი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულებს – რითაც შეეძლოთ, ხელს უმართავდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ. სოფელ არგავანდის „სურბს სარქისის“ ეკლესიის ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად მამა გრიგორი და მისი ცოლი ყოველ კვირას მარი იზმირლიანის სახელობის ბავშვთა სახლში მიდიოდნენ სტუმრად. გარკვეული პერიოდის წინ გადაწყვიტეს ზაფხულობით ბავშვები სევანის ტბის სანაპიროზე ეტარებინათ დასასვენებლად.
ხუთი წლის წინ ანაითმა პირველად გადაწყვიტა უსინათლო და ეტლებით მოსარგებლე ბავშვების დასასვენებლად წაყვანა. ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ გამოსავალი გამოინახა – ანაითმა თითოეულ ბავშვს მოხალისე „მიუმაგრა“. ბანაკის შემდეგ, თავის დაბადების დღეზე, მღვდილს ცოლი მიხვდა, რომ მასში სიყვარულმა გაიღვიძა – არა აბსტრაქტულმა, არამედ კონკრეტულმა, რეალურმა სიყვარულმა, რომელიც ადრესატამდე არ მიდოდა.
«ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავ საზეიმო სუფრასთან ქმარმა მკითხა, თუ რას ვისურვებდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ იმ მომენტში აშკარად ვიგრძენი, რომ ჰოვანესი მაკლდა. მინდა, რომ ჰოვანესი აქ იყოს-მეთქი. საღამო ხანი იდგა, ფაქტობრივად, ღამდებოდა. ბავშვის დაპატიჟება აღარ გამოვიდოდა, მაგრამ, ჩემი აზრით, სწორედ ამ დღეს გადაწყდა, როგორი მომავალი მექნებოდა. მივხვდი, რომ ამ სამყაროში ცხოვრობდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით არ იყო».
ცოლ-ქმარმა შვილად აყვანისთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება დაიწყო. რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას ერთი წელი დასჭირდა. ის, ვისაც შვილის აყვანა სურს, უნდა იცოდეს, რომ სირთულეებთან მოუწევს შეჭიდება და მოთმინება მართებს, მაგრამ ეს არაფერია იმ სიხარულთან შედარებით, რომელიც მის სახლში დაისადგურებსო, ამბობს მღვდლის ცოლი.
ხუთი წლის წინ მამა გრიგორი და მისი მეუღლე გახდნენ პირველი წყვილი სომხეთში, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი იშვილა. ამავდროულად, მშობლებმა ჰოვანესის ჯანმრთელობაზეც დაიწყეს ზრუნვა. ბიჭის სამედიცინო დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ მხედველობის აღდგენის ალბათობა ნულის ტოლი იყო, მაგრამ მამა გრიგორმა დაჟინებით მოითხოვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.
გული უგრძნობდა, რომ მისი ვაჟი მხედველობას დაიბრუნებდა. ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ერთი თვალის მხედველობითი ნერვი დაზიანებული არ იყო და მხედველობის აღსადგენად ოპერაცია იყო საჭირო ჰოვანესს ჯერ ისრაელში გაუკეთეს ოპერაცია, შემდეგ კი – კანადაში. კიდევ 6 წელია საჭირო იმისთვის, რათა ქირურგიულმა ჩარევამ საბოლოო შედეგი გამოიღოს.
«ბევრი გვეკითხება, ნუთუ ამდენი ხნის მანძილზე უნდა ელოდოთ შედეგსო. მე კი ვპასუხობ, რომ თუკი უმცირესი ალბათობაც არსებობს იმისა, რომ ჩემს ვაჟს მხედველობა დაუბრუნდება, ან შუქისა და ჩრდილის გარჩევა მაინც შეეძლება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია და მზად ვართ, ბოლოდე ველოდოთ სასურველ შედეგს», – ამბობს დედა.
ზუსტად 16:00-ზე სპეცსკოლის ავტობუსს ჰოვანესი სახლში მოჰყავს. დედა მის შესახვედრად მიეშურება:
«სადაა ჩემი შვილი? თქვენ რა, ჩემი ბედნიერების წამოყვანა დაგავიწყდათ?» – ხუმრობით ამბობს მღვდლის ცოლი და მანქანის კარს აღებს. მისი ვაჟი არ ჩქარობს. ეს თავისებური, ტრადიციული თამაშია დედასთან. რამდენიმე წამის შემდეგ ბიჭი დგება და წინ მოიწევს: „აი, სად ყოფილა ჩემი ბედნიერება! მე კი უცებ შევშინდი“, – ამბობს ანაითი.
გონიერმა ბიჭმა კითხვა 10 წლის ასაკში ისწავლა. დღეს მას თითქმის საერთოდ არ აქვს თავისუფალი დრო – სკოლის შემდეგ ვოკალის გაკვეთილზე უნდა წავიდეს, შემდეგ კი თეატრალური წრის შეკრება აქვს. შინ კი უკვე ელოდება საყვარელი რეგისტრატორი. მშობლები ცდილობენ, ჰოვანესმა სრულად მიიღოს ცხოვრებისგან ის ყველაფერი, რაც გააცდინა.
«ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში მაშინ დადგა, როდესაც ჰოვანესმა ოთხასოიანი სიტყვა უპრობლემოდ წაიკითხა. ინტერნატებში ბავშვებს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას არ აძლევენ და ამით მათხოვრობისა და ქურდობისთვის წირავენ, ღირსეულად ცხოვრების საშუალებას ართმევენ», – ამბობს დედა.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სახლში არავის ახსოვს ის, რომ ოვანესი უსინათლოა. იგი დამოუკიდებლად იხდის ფეხსაცმელს, ჩუსტებს იცვამს, ტანსაცმელს იცვლის და ხელების დასაბანად მიდის. დედა შუქს ანთებს აბაზანაში. ოვანესი ამბობს, რომ ქალაქის მერობა სურს, მაგრამ ღელავს იმის გამო, რომ შესაძლოა, სამსახური და სიმღერა ვერ შეუთავსოს ერთმანეთს. დედა კი დარწმუნებულია, რომ ჰოვანესი ყველაფერს შეძლებს.
და რას შეძლებენ ეს ბავშვები?
გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ბავშვთა სახლებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე (უფრო ზუსტად კი 23%) არასდროს ტოვებს დაწესებულების ტერიტორიას ან ამ ზონის გარეთ მხოლოდ იმისთვის გადის, რათა ექიმთან მივიდეს
ისინი ფაქტობრივად მთლიანად არიან მოწყვეტილნი განათლების საერთო სისტემას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 აღსაზრდელიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მხოლოდ ერთი (5%) ბავშვი დადის, 5 (23%) სპეციალური სკოლების მოსწავლეა, 14 ბავშვი (72%) კი საერთოდ არ დადის სკოლაში.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვაჟები ბევრად უფრო მეტად არიან მიდრეკილნი უმეგობროდ ცხოვრებისკენ (19%), ვიდრე ამავე დაწესებულებებში და მსგავს მდგომარეობაში მყოფი გოგონები (12%).
კიდევ ერთი ბავშვის გადასარჩენად: ჰუსიკი
«ჰუსიკი ჩვენს ოჯახში ოვანესის მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მოხვდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი თავად ჰოვანესს მიუძღვის, რომელმაც ერთხელ უბრალოდ იკითხა, კიდევ ერთ ბავშვი რატომ არ აგყავთ შვილადო. ვფიქრობ, ჰოვანესს სურდა კიდევ ერთი ბავშვი გადაერჩინა, ოჯახში მოეყვანა და მისთვის ნორმალურ პირობებში ცხოვრების საშუალება მიეცა», – ამბობს მღვდლის ცოლი და თვალს არ აცილებს დაბალ, მოძრავ ბიჭს, რომელიც დედისგან მალულად ცდილობს ძმის ქურთუკის მორგებას. მომავალ წელს ეს ტანსაცმელი მისი გახდება.
ჰუსიკი ჯერ კიდევ ბავშვთა სახლში დაუმეგობრდა ჰოვანესს. იგი ჰოვანესის თვალები იყო, ჰოვანესი კი მისი ფეხებს „წარმოადგენდა“.
«მინდა, ვეტერინარი გამოვიდე, მაგრამ დოოლს [ხალხური დასარტყამი ინსტრუმენტი] და ქამანჩას ნამდვილად არასდროს დავანებებ თავს», – სწრაფად ერთვება საუბარში ოვიკი.
სამი წლის ოპერაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ უფრო გამართულად და თავდაჯერებულად დადის. იგი თავისი ოთახისკენ მიდის და იქიდან სიგარეტის კოლოფისგან დამზადებული პატარა თვითმფრინავი მოაქვს. მან ეს მოწყობილობა ავიამოდელირების პირველ გაკვეთილზე დაამზადა. თვითმფრინავი ნამდვილია და მართლა დაფრინავს.
ანაითი დარწმუნებულია იმაში, რომ ბავშვები კარგი საქმეებით უნდა იყვნენ დაკავებულნი, უქმად ყოფნა კი მანკიერების მშობელია.
ჰუსიკი მეოთხე კლასში იყო, როდესაც მამა გრიგორის ოჯახში აღმოჩნდა. კითხვა არ იცოდა. მან სახლში დაიწყო განათლების მიღება და, საბოლოოდ, ოთხი წლის მასალა სამ თვეში აითვისა.
«როდესაც მივხვდი, რომ ბიჭმა კითხვა არ იცოდა, სკოლაში წავედი და ვიჩივლე. ოვანესის შემთხვევაში წერა-კითხვის უცოდინარობა, ასე თუ ისე, გასაგებია – ბრაილის სისტემით სწავლება და სწავლა მარტივი არ არის – მაგრამ ჰუსიკის პრობლემა მხოლოდ ფეხებს უკავშირდება. მისი ტვინი ჩინებულად მუშაობს», – ამბობს ანაითი.
ჰუსიკი ყველა იმ უპირატესობით სარგებლობს, რაც ოჯახის უმცროს წევრს ერგება ხოლმე. დედა ამბობს, რომ იგი ცელქობს ხოლმე, მარამ ოქროს გული აქვს.
ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, მორიგი საერთო ფოტო ახალ სარწეველა სკამთან გადაიღონ. ოვანესი ცდილობს იმ ტახტრევანზე მოთავსდეს, რომელიც გუშინ უცნობმა ოსტატმა აჩუქა. ჯერჯერობით სკამის ადგილმდებარეობა არ შეუსწავლია – «არაა საჭირო დახმარება. თავადაც შეუძლია ყველაფრის გაკეთება», – მკაცრად გვაფრთხილებს ჰუსიკი და ჰოვანესს მართლაც ყველაფერი მშვენივრად გამოსდის.
ამ ოჯახში არასდროს საუბრობენ იმაზე, რაც აკლიათ. ხოლო ის, რაც აქვთ, იმდენად ღირებულია, რომ სხვა რამეზე ოცნებაც აღარ ღირს. მათ შეუძლიათ, სუპის ერთი თეფში ოთხად გაიყონ, ოღონდაც ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს.
ანაითი დარწმუნბულია, რომ ვაჟების საშუალებით ღმერთმა მის მიმართ გუმოწყალება გამოიჩინა და საშუალება მისცა მას მიახლოვებოდა და დაენახა, რომ ის (ანუ ღმერთი) ამ ბავშვებში ცხოვრობს.
საუკეთესო დედა
ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ ანნა მიხვდა, რომ მისგან მოშორებით ცხოვრება არ შეუძლია.
«შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ საყოველთაო ზიზღმა არათუ გამტეხა, არამედ კიდევ უფრო გამაძლიერა. მინდოდა ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ მე და ჩემს შვილს ბედნიერად ცხოვრება შეგვიძლია და ჩვენი ცხოვრება არასდროს იქნება დამოკიდებული სხვის მოსაზრებასა და პოზიციაზე. ჩვენ ერთმანეთი გვყავს და ეს გვმატებს ძალებს», – ამბობს ანა.
მშობიარობიდან უკვე ორი კვირა იყო გასული, როდესაც თავისი ვაჟი პირველად აიყვანა ხელში და ამის შემდეგ, დედა და მისი შვილი სულ ერთად არიან. ანაითი დარწმუნებულია, რომ მისი ვაჟი არასდროს უსაყვედურებს მას იმის გამო, რომ ორი კვირა დაკარგა. ბავშვებს ადვილად შეუძლიათ მიტევება. საკუთარ თავს კი ვერ პატიობდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეს წინააღმდეგობებიც დაძლეულია. მისი ვაჟის ახალ ცხოვრებაში მისი ძველი შეცდომების გამო დარდის ადგილი აღარ იქნება.
გმირის თხოვნით, მისი სახელი შეცვლილია.