ქართული თხილის მთავარი ბაზარი ევროკავშირის ნაცვლად რუსეთი გახდა
2018 წელი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო თხილის ექსპორტის თვალსაზრისით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში, წინა წლის ნოემბერთან შედარებით ექსპორტი 52 პროცენტით შემცირდა.
2018 წლის ნოემბერში თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 4,4 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენელი 9,2 მილიონი დოლარი იყო.
• აზიური ფაროსანა ხალხის წინააღმდეგ. რეპორტაჟი სამეგრელოდან, სადაც თხილს ნაგავში ყრიან
• აფხაზეთში ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
• საქართველო 2018. წლის ათი მთავარი მოვლენა
• 9 ნაბიჯი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად გადადგა
გარდა ამისა, გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია – თუ აქამდე ქართული თხილი სოფლის მეურნეობის იმ გამონაკლის პროდუქტებს შორის იყო, რომელთა ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდებოდა, 2018 წელს ეს ტენდენცია შეიცვალა.
ევროკავშირი აღარ არის ქართული თხილისთვის მთავარი ბაზარი, იგი რუსეთმა ჩაანაცვლა. ასე ქართული თხილი ექსპორტზე გადის უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც თხილის ხარისხის მიმართ მოთხოვნები ნაკლებად მკაცრია.
საექსპორტო ფასი 5,3-5,5 დოლარია ერთ კილოგრამში.
როგორც „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა ამბობს, თხილის ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი ბოლო წლებში ქართული თხილის ხარისხის კატასტროფული ვარდნაა, რაც ქვეყანაში აზიური ფაროსანის გავრცელებითაა გამოწვეული.
მეორე მიზეზი, რაც ქართული თხილის ევროკავშირში ექსპორტზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არის მეზობელ თურქეთში თხილის ფასი. რაც უფრო იაფია თურქული თხილი, მით უფრო უჭირს მასთან კონკურენცია ქართულს და შესაბამისად, მცირდება ექსპორტიც.
“ჩვენი მთავარი პრობლემა მაინც ხარისხია. ქართული თხილის პრობლემების გამო, ახლა თხილს თითქმის არ ვყიდით ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია“, – ამბობს ქარდავა.
2016 წლის მონაცემებით, საქართველო ევროკავშირში თხილის ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების ხუთეულში შედიოდა და ევროკავშირის ბაზარზე თურქეთის შემდეგ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლებოდა.
მეთხილეობა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის პერიოდში განვითარდა, თანაც სახელმწიფოს დაფინანსებული პროგრამების და ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე.
ამჟამად საქართველოში თხილი დაახლოებით 60 ათას ჰექტარზეა გაშენებული. პლანტაციების ძირითადი ნაწილი დასავლეთ საქართველოზე – სამეგრელოზე და ასევე გურიაზე მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი შემცირებულია, თხილი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში ახლაც შედის.