უკვე მეოთხე დღეა ეძებენ 17 წლის გოგოს, რომელიც სოფელ ლამბალოში გაიტაცეს
მეოთხე დღეა ოჯახი 17 წლის გოგოს ეძებს, რომელიც საკუთარი სახლიდან 12 ოქტომბერს გაიტაცეს, სავარაუდოდ, ოჯახის შექმნის მიზნით.
ოჯახმა და პოლიციამ იცის, ვინ არის გამტაცებელი, თუმცა მას ამ დრომდე ვერ პოულობენ.
შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მოხდა. ამ სოფელში, მოსახლეობის 99 პროცენტი ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. აზერბაიჯანულ თემში დღემდე საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა გოგონების გატაცება ოჯახის შექმნის მიზნით.
“ნეტგაზეთი” გატაცებულის ნათესავს, ქაზანფარ მამედოვს ესაუბრა. მამედოვი ამბობს, რომ ამ დრომდე გოგოს ოჯახმა მის შესახებ არაფერი იცის:
“გვინდა რომ გამოაჩინონ, პირველ რიგში, ვნახოთ, რომ კარგად არის ფიზიკურად”, – ამბობს იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
გოგონა 12 ოქტომბერს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. გატაცებამდე ცოტა ხნით ადრე ის სკოლიდან დაბრუნდა და თავის 12 წლის დასთან ერთად ივახშმა. გამტაცებლები სახლში იმ დროს შევარდნენ, როდესაც მამა სახლიდან გავიდა. იგი პატარა დის თანდასწრებით გაიტაცეს:
“საღამოს, ექვსი საათი ან შვიდის თხუთმეტი წუთი იქნებოდა… გარეთ უთვალთვალებდნენ თურმე, როგორც კი მამა გავიდა და მოშორდა სახლს, შევარდნენ სახლში და გამოათრიეს. იმის მერე არც არავის უნახავს და არც ვიცით, [სად არის]. მთელი ღამე პოლიცია ეძებდა და ჩვენც ვეძებდით, მაგრამ ვერ მივაგენით კვალს.”, – ამბობს ქაზანფარ მამედოვი.
მისი თქმით, გოგონა თავის გამტაცებელს არც იცნობდა:
“17 წლისაა, სწავლობდა, გეგმაშიც არ ჰქონდა[ასეთი რამ] და ფიზიკურად არც იცნობდნენ ერთმანეთს. ძალით, ყვირილით, წივილით, ხელის აფარებით [წაიყვანეს]” – ჰყვება მამედოვი.
ასევე წაიკითხეთ: სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ გოგონების დასაცავად სახელმწიფო არათუ არაფერს აკეთებს, არამედ ყიდის მათ
მისივე თქმით, მოზარდის ოჯახმა უკვე იცის, სავარაუდო გამტაცებლის ვინაობა:
“ოჯახიდან გავიგეთ, საძმაკაცოდან… თვითმხილველები არიან სოფელში, რომელთაც გვითხრეს, ვინ იყო მძღოლი… არც ვიცით, რა ხდება იმიტომ, რომ ის ბიჭი, ვისზეც იძახიან, ცოლობის მიზნით წაიყვანაო, სხვა გოგოზე იყო დანიშნული, საცოლე ჰყავდა…” – ამბობს მამედოვი.
შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიცია გამტაცებელს აქტიურად ეძებს. გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
___________________
• საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ გოგონას ოჯახის შექმნის მიზნით სკოლის მერხიდან იტაცებენ.
• სტატისტიკა: ომბუდსმენის 2016 წლის ანგარიშში წერია, რომ განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 168 შემთხვევაში სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა მოქალაქემ დაანება. 2017 წელს ომბუდსმენის ოფისმა ადრეული ქორწინების 98 შემთხვევა შეისწავლა. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ეს სტატისტიკა არაზუსტია და ციფრები უფრო მასშტაბურია.
• განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა საქართველოს რამდენიმე რეგიონში – მაღალმთიან აჭარაში და ასევე რაიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, ნაადრევი ქორწინება ჩვეულებრივი ამბავია და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აზერბაიჯანული ტრადიციის ნაწილია.
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან. მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები კვლავ ხდება.
• მოტაცებულ გოგონას, ხშირ შემთხვევაში, მხარს არ უჭერს საკუთარი ოჯახი, რომელიც მოტაცებულ გოგოს სახლში არ აბრუნებს, რადგან ის “შერცხვენილად” ითვლება; გოგონას არ იცავს სახელმწიფო, რომელიც გამტაცებელთან გარიგებაზე მიდის, არასრულწლოვანს ზურგს აქცევენ თემების უხუცესები, ნათესავები და მეზობლებიც.