ტრაქტორი და წარმატება
კოდუების ოჯახის ფერმერული მეურნეობა 80-იან წლებში შეიქმნა, 90-იანი წლების შუახანებიდან კი ბიზნესად დარეგისტრირდა. 2000-იანი წლების დასაწყისში საწარმომ თხილის გადასამუშავებელი პირველი ქარხანა ააშენა, დღეს კი ათობით ტონა მზა პროდუქციას აწარმოებს და მუდმივად გააქვს ევროპაში.ოჯახი წარმატებას ძირითადად 23 წლის მარიკა კოდუას უნდა უმადლოდეს, რომელიც ამ ბიზნესის ყველა სამუშაოს უძღვება. თხილი შპს „ქესქიას“ ერთადერთი პროდუქტი არაა. საწარმო თაფლს, სილოსს და სხვა პროდუქციასაც აწარმოებს.
„წელიწადში ერთ-ნახევარი, ან ორი ტონა თაფლი გამოგვდის ხოლმე. საქართველოში ვყიდით, თუმცა ძალიან მინდა, რომ ექსპორტზეც გავიტანო, _ ამბობს მარიკა. თავის გეგმებზე ხალისით და ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობს. თავიდანვე ჩანს, რომ მეოცნებესთან კი არა, პროფესიონალთან გაქვს საქმე. მარიკას ყველაფერი დათვლილი და დაგეგმილი აქვს. მან იცის, თუ რამდენი დრო, ფული და სხვა რესურსი დასჭირდება იმისთვის, რომ მიტოვებულ წყალსატევი შემოსავლიან სათევზაო მეურნეობად აქციოს. უსმენ მარიკას და რწმუნდები, რომ ამ ჯერ არარსებული თევზსაშენის წარმატება გარადაუვალია.
„საბოლოო ჯამში მინდა, რომ უბრალოდ წარმატებული მეურნეობა კი არა, ყველაზე მკაცრი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისი საწარმო მქონდეს. მინდა, ცნობილი გახდეს და,სულ ცოტა, ჩვენი რაიონის სავიზიტო ბარათად მაინც იქცეს.
მარიკას თქმით, საქართველოში ქალისთვის ბიზნესის მართვა საკმაოდ დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით რთულია, როდესაც სოფლის მეურნეობაში ხარ ჩაბმული და წარმატების მიღწევას პროვინციაში ცდილობ.
“აი, ყველაზე მარტივი მაგალითი _ როდესაც ბიზნესის განვითარებისათვის მორიგი კრედიტის აღება მინდა, ბანკში მარტო ვერ მივდივარ _ აუცილებლად მამაკაცი უნდა მახლდეს. ჩემი საქმე მშვენივრად მიდის, ბანკის მიმართ აღებულ ვალდებულებებს ყოველთვის დროულად ვასრულებ. ბრწყინვალე საკრედიტო ისტორია მაქვს, მაგრამ თუკი კრედიტის ასაღებად მარტო მივალ, დიდი ალბათობით, უარს მეტყვიან. ქალს, რომელიც დამოუკიდებლად უძღვება საქმეებს, სუსტ არსებად ჩათვლიან და ასეთ კლიენტს ბანკი მაშინვე რისკის ჯგუფს მიაკუთვნებს.
მთლიანობაში, მარიკას ყოველდღიური ცხოვრება სულაც არ ჰგავს იმას, რაც საზოგადოებას უნდა. აბა, რა ქალის საქმეა ტრაქტორი?!
სხვათა შორის, ტრაქტორით სიარული საქართველოში ემანსიპაციის ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ გამოვლინებად იქცა. ყოველ შემთხვევაში, მარიკა ირწმუნება, რომ იგი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტრაქტორის მართვისათვის საჭირო C კატეგორიის მართვის მოწმობა მიიღო.
გამოქვეყნდა 2016 წლის 29 თებერვალს