ტრამპის ადმინისტრაციამ სომხების გენოციდის თაობაზე სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია უარყო
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 12 დეკემბერს ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების გენოციდის თაობაზე სენატის მიერ მიღებული №150-ე რეზოლუცია უარყო.
ხუთდღიანი დუმილის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „აშშ-ს ადმინისტრაციის პოზიცია უცვლელია“, და რომ 1915 წლის ისტორიული მოვლენები ისევ სწორედ „მასობრივ მკვლელობებად“ განიხილება.
სომხეთში სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება განიხილეს, მაგრამ მას გაგებით მიუდგნენ. როგორც ოფიციალური პირები, ისე ექსპერტებიც შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავენ. გენოციდის აღიარება – ხანგრძლივი პროცესია და წელს ამ მხრივ გარკვეული მიღწევები უკვე არსებობს, – თქვეს სომხეთის ხელმძღვანელობაში.
სომხების გენოციდი – ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარი მასობრივი ხოცვა. მანამდე ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე დაახლოებით ორნახევარი მილიონი სომეხი ცხოვრობდა. მკვლელობებისა და მასობრივი დეპორტაციის შედეგად მათი ნახევარი დაიღუპა.
გასული წლის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები დაგმობილია და გენოციდად არის აღიარებული გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომელთა შორისაა – ევროპის საბჭო, ევროპის პარლამენტი, მსოფლიო ეკლესიების საბჭო. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც სომხების გენოციდი აღიარეს, არიან: კანადა, არგენტინა, შვეიცარია, ავსტრია, იტალია, რუსეთი, ბელგია, საფრანგეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, ურუგვაი, საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია, ლიბანი, აშშ-ს 48 შტატი.
თურქეთი ამ ფორმულირებას კატეგორიულად არ იღებს.
განცხადების დეტალები
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა 17 დეკემბერს განაცხადა:
„ [აშშ-ს] ადმინისტრაციის პოზიცია უცვლელია. ჩვენი შეხედულებები პრეზიდენტის მიერ აპრილში გაკეთებულ მტკიცე განცხადებაშია ასახული“.
24 აპრილს სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. და სომხები ყოველწლიურად ელოდებიან, რომ აშშ-ს პრეზიდენტების გამოსვლებში წარმოთქმული იქნება სიტყვა „გენოციდი“. აქამდე ეს არ მომხდარა.
2019 წელს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა განცხადებით, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანის მასობრივ მკვლელობებსა და დეპორტაციას „მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უარესი მასობრივი სისასტიკე“ უწოდა. მან, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა ბუშმა, გამოიყენა სომხური სიტყვები „მეც ეგრენ“ (დიდი ჟლეტა), თუმცა სიტყვა გენოციდის წარმოთქმას მოერიდა.
რეაქცია სომხეთში სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე
პირველ რიგში, უნდა მოხდეს იმის კონსტატირება, რომ სომხების გენოციდი აშშ-ს კონგრესის ორივე პალატამ აღიარა და დაგმო, – მიაჩნია სომხეთის ეროვნული საკრებულოს საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარეს რუბენ რუბიანიანს.
„რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს თავისი პოზიცია დაუყოვნებლივ შეეცვალა და ის კონგრესის პოზიციასთან შესაბამისობაში მოეყვანა… მაგრამ, ვფიქრობ, მთლიანობაში ის ფაქტი უნდა გავითვალისწინოთ, რომ სომხების გენოციდის აღიარება და დაგმობა ხანგრძლივი პროცესი იყო. იმას უნდა შევხედოთ, თუ რამდენი წელიწადი გავიდა საკუთრივ კონგრესის შემთხვევაში, ვიდრე ამ ერთმნიშვნელოვან აღიარებასა და დაგმობას მივიღებდით“.
კომენტარი
პოლიტოლოგი სურენ სარკისიანი
თავის Facebook-გვერდზე
„ტრამპი – უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც სომხებს არაფერს დაჰპირებია და ამიტომაც ისინი არც „გადაუგდია“. მას კონგრესის ორი რეზოლუციის შემდეგ გენოციდის შესახებ საერთოდ არ ულაპარაკია. თურქეთში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ რეზოლუციის მიღების შედეგად ადმინისტრაციის პოზიცია არ შეცვლილა. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში არც ერთი ადმინისტრაციის პოზიცია არ შეცვლილა.
წარმომადგენელთა პალატაში რეზოლუციის მიღებისთვის მას არამხოლოდ ხელი არ შეუშლია, არამედ მხარიც კი დაუჭირა.
თეთრი სახლის თხოვნით, მთლიანობაში სამი ვეტო იქნა დადებული, მაგრამ დროებით. პირველად ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ერდოღანი ჯერ კიდევ ვაშინგტონში იყო [საუბარია ტრამპისა და ერდოღანის ნოემბრის შეხვედრაზე – JAMnews]. მომდევნო ორ შემთხვევაში – იმის გამო, რომ ისინი თურქებთან გარკვეულ თემაზე მოლაპარაკებას ცდილობდნენ, მაგრამ ეს არ მოხერხდა“.