ტანკები, თუ რწმენა?
ორი დღის წინათ უნებურად შევესწარი ორი ბერიკაცის საუბარს. სკამზე ვიჯექი და გვერდით ორმა ბაბუამ ჩამიარა. შეჩერდნენ და მშენებარე ეკლესიას მიაჩერდნენ. ერთ-ერთმა თქვა: ‘რატომ იხარჯება ამდენი ფული ეკლესიაში, საერთოდ რისთვისაა საჭირო? ამდენ წელიწადს უღმერთოდ ვიცხოვრეთ, მაგრამ არა გვიშავდა. ამ ომის დროს, არ ჯობდა, ამ ფულით ტანკები ეყიდათ ?!’
იქაურობას რომ გაშორდნენ, წამოვდექი და ეკლესიისკენ გავიხედე – მშენებლობას მიწის საკმაოდ დიდი ნაწილი აქვს გამოყოფილი. თვით ეკლესიაც შთამბეჭდავი ზომისაა და უკვე ნახევრადაა აშენებული.
შემდეგ გამახსენდა, რომ მთიანი ყარაბაღი ერთადერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იყო საბჭოთა კავშირში, სადაც არც ერთი მოქმედი ეკლესია ან მეჩეთიც არ იყო. ყარაბაღში საერთოდ არ არსებობდნენ ღვთისმსახურები, აქაურებმა არ იცოდნენ, რას ნიშნავს რელიგიური დღესასწაულები, ან რა არის წმინდა წერილი. ახლობლების სასაფლაოებს 2 იანვარს, 2 მაისს და 8 ნოემბერს, ანუ სახელმწიფო დღესასწაულების მომდევნო დღეებში აკითხავდნენ ხოლმე. აღდგომას არ აღნიშნავდნენ. და ცხოვრობდნენ ასე – ათეისტებად; მომავლის რწმენა ჰქონდათ და კომუნიზმის გამარჯვების სჯეროდათ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყარაბაღში ყველაფერი შეიცვალა. აშენდა ეკლესიები და მონასტრები, გაჩნდნენ მღვდლები და მოსახლეობა მორწმუნე გახდა. რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნაც დაიწყეს.
იმ ფულით, რაც ეკლესიის მშენებლობაზე დაიხარჯა, და კიდევ დახარჯება, შეეძლოთ ერთი ან ორი ტანკი ეყიდათ; შესაძლოა – სამიც, და მეტიც კი…
როგორ ვიცხოვროთ ღვთის რწმენის, და საერთოდ, რწმენის გარეშე? დიახ, საბჭოთა პერიოდში ჩვენი მხარის ყველა მკვიდრი ღმერთის გარეშე ცხოვრობდა. და მერე, ეს სწორი იყო? სწორად ვცხოვრობდით? ჩვენ ხომ ხელოვნურად წაგვართვეს ის, რაც საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნოდა; ის, რაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ახლა კი ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა.
მთიან ყარაბაღში სახელმწიფო ბევრ ფულს ხარჯავს განათლებაში – სკოლების მშენებლობასა და რემონტში, მასწავლებლების (მათ შორის მთის ‘არაპერსპექტიული’ სკოლების) სოციალურ უზრუნველყოფაში. ჩვენ გვაქვს ტექნიკუმები, სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლებლები.
ამ ფულითაც შეიძლება ტანკების ყიდვა, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს – ვის სჭირდება გაუნათლებელი ბავშვები, გაუნათლებელი ინჟინრები, მშენებლები, ჯარისკაცები და საერთოდ, გაუნათლებელი მოქალაქეები? არც ასეთ ადამიანებს და არც ასეთ ქვეყანას არ აქვთ პერსპექტივა და მომავალი.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 12.05.2016