დისკუსიის მთავარი თემა აზერბაიჯანში - სჭირდება თუ არა ქალს განათლება?
2017 წელს აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებში 163 ათასი ვაჟი და 79 ათასზე მეტი გოგონა სწავლობდა. ანუ, სტუდენტებს შორის გოგონა 2,1 -ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ვაჟი. თუმცა, 2010 წელს მათი რაოდენობა 2,4 -ჯერ ნაკლები იყო, ასე რომ, გარკვეულ პროგრესზე საუბარი შეიძლება.
ამ სტატისტიკამ აქტუალობა იმიტომ შეიძინა, რომ აზერბაიჯანის საზოგადოებაში, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად განიხილავენ ქალთა განათლების პრობლემებს.
რა გახდა მიზეზი
პოპულარულ თოქ-შოუში ერთ-ერთმა სტუმარმა განაცხადა, რომ ქალს არც განათლება სჭირდება და არც სამსახური – ეს ყველაფერი მას საოჯახო საქმიანობაში მხოლოდ ხელს უშლის. მაგალითად მან მოიყვანა საკუთარი ცოლი, რომელსაც თვალი მაშინ დაადგა, როდესაც ის ჯერ კიდევ მეშვიდე კლასში სწავლობდა, და რაკი სამომავლოდ მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, მაშინვე სკოლიდან გამოიყვანა.
ამგვარ მოსაზრებას აზერბაიჯანში ბევრი მამაკაცი იზიარებს. არამხოლოდ რეგიონებში, არამედ ბაქოშიც ქმრები ცოლებს ხშირად სხვადასხვა მიზეზით უკრძალავენ მუშაობას. ვიღაცას მიზეზად ის მოჰყავს, რომ ქალს ოჯახისთვის დრო არ დარჩება, სხვებს არ სურთ, რომ ცოლი უცხო მამაკაცების გარემოცვაში იყოს, და საერთოდ, სახლიდან შორს წავიდეს.
• აზერბაიჯანელ მუსლიმ ქალებს ისლამის კანონებსა და მუშაობას შორის არჩევანის გაკეთება უწევთ
• სად მდებარეობს აზერბაიჯანში ერთადერთი „ქალთა სანაპირო“ და რა საჭიროა ის
• ქალები ბამბის მინდვრებში: ვისი ხელით მოიპოვებენ „თეთრ ოქროს“ აზერბაიჯანში
საზოგადოების რეაქცია
თოქ-შოუში გამოთქმულ მოსაზრებას როგორც სოციალური ქსელებში, ისე მედიაში გამოხმაურება მოჰყვა.
„თავისი სამარცხვინო ქცევით ამაყობს კიდეც“
„ალბათ ამ ჩლუნგს განათლებულ ცოლთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდა“
„რასაკვირველია, დამნაშავეა, მაგრამ გოგონას მშობლები არანაკლებ დამნაშავეები არაინ, თუკი ასეთ ველურ პირობებს დასთანხმდნენ“
„ასეთი მამაკაცები იმაზე არ ფიქრობენ, რომ თუ მათ რაიმე დაემართებათ, ცოლი საარსებო პირობების გარეშე რჩება, ყველანაირი შემოსავლის წყაროს გარეშე, რათა თავი და შვილები არჩინოს. ასეთ შემთხვევაში, რა უნდა ქნას?“
მედია უფრო თავშეკავებულად მსჯელობდა და ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, რომ გაუნათლებელ დედას ისეთივე გაუნათლებელი შვილები ეყოლება. ქალთა განათლების მოწინააღმდეგის დასაცავად აზრი ღიად არავის გამოუთქვამს. მაგრამ საზოგადოებაში ასეთი პოზიცია საკმაოდ პოპულარული რომაა, ამაზე ზემოთ მოყვანილი სტატისტიკაც მეტყველებს და ბევრი კერძო შემთხვევაც.
მაგალითად, Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ქალი ახლახან მასა და ტაქსის მძღოლს შორის გამართული საუბრის შინაარსს ჰყვება. მძღოლი მას მთელი გზა იმას უხსნიდა, რომ ქალს სწავლა და მუშაობა არ სჭირდება: „აი, მე მაგალითად, ვიდრე ბავშვები არ წამოიზარდნენ, ჩემს ცოლს პურზეც კი არ ვუშვებდი. მუშაობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ახლანდელი გოგონები კი ძალიან გაფუჭდნენ“.
გენდერული საკითხების აქტივისტი გიულნარა მეჰტიევა მიიჩნევს, რომ გათხოვილ აზერბაიჯანელ ქალებს არასაკმარისი სტიმული აქვთ, იმისთვის რომ იმუშაონ:
„აზერბაიჯანული ოჯახების უმეტესობაში შრომა განაწილებული არ არის. გათხოვილმა ქალებმა იციან, რომც იმუშაონ, ოჯახური მეურნეობის წარმართვა მაინც მათ მხრებზე იქნება. ამიტომაც ამჯობინებენ, რომ ამ დატვირთვებიდან ერთ-ერთი აირჩიონ, და არა ორივე ერთდროულად. იმისთვის, რომ მომუშავე ქალის სახე მიმზიდველი გახდეს, ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უნდა შეიცვალოს. ქალის კარიერული ზრდის გზაზე ხელოვნური წინააღმდეგობები უნდა აღმოიფხვრას, გაიზარდოს ხელფასი. უნდა არსებობდეს უფრო მეტი წარმატებული ქალის მაგალითი“.