სომხეთში სააკაშვილის წიგნის სომხური თარგმანის პრეზენტაცია ორჯერ გადადეს
სომხეთში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნის „ძალის გამოღვიძება“ სომხური თარგმანის პრეზენტაცია უკვე მეორედ გაგდეს.
თავიდან გადაიდო ეგიშე ჩარენცის სახლ-მუზეუმში დაგეგმილი პრზენტაცია, შემდეგ კი – წიგნის მაღაზია „ნოიან ტაპანში“.
მთარგმნელი მიკაელ ნააპეტიანი იუწყება, რომ ორივე პრეზენტაციის თაობაზე მოლაპარაკება წინასწარ შედგა, თუმცა ბოლო მომენტში ისინი სხვადასხვა მიზეზით გადაიდო.
ნააპეტიანის თქმით, წიგნის მაღაზიის წარმომადგენელმა მას აუწყა, რომ დირექტორმა ამ წიგნის პრეზენტაციის ჩატარებასა და თავის მაღაზიაში მის გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხდა, რათა პრობლემები თავიდან აეცილებინა. ჩარენცის მუზეუმში კი უარი ტექნიკური პრობლემებით ახსნეს.
მიკაელ ნააპეტიანი ირწმუნება, რომ ეს ორივე გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული, მიზეზები – პოლიტიკურია, მიზანი კი – ადამიანებისთვის ამ წიგნის შინაარსის გაცნობის საშუალების არმიცემაა.
„ეს თვალსაჩინო და პირდაპირი ცენზურაა“, – განაცხადა მთარგმნელმა.
სხვათა შორის, ფეისბუკის იმ გვერდზე, რომელიც მსურველებს წიგნის პრეზენტაციაზე იწვევდა, ზოგიერთმა სომეხმა მომხმარებელმა სააკაშვილის მისამართით ნეგატიური კომენტარი გამოაქვეყნა. მას ანტისომხური პოლიტიკოსი უწოდეს, და გაიხსენეს, რომ პრეზიდენტობის წლებში მან ჯავახეთის მკვიდრი რამდენიმე სომეხი დააპატიმრა, და შესაბამისად, მისი წიგნის გადათარგმნა არ ღირდა.
რაც შეეხება ხელისუფლებას, როდესაც პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 2009 წელს ერევანში მიხეილ სააკაშვილი მიიღო, საქართველო-სომხეთის საუკუნეობრივი მეგობრობის გამყარებაში შეტანილი წვლილისა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გამყარებისთვის, მან ის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ეს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომელსაც სომხები უცხოელებს ანიჭებენ.