სომხეთში ოქროს საბადოს ბედს ვერ წყვეტენ. კურიოზი ამულსარის ექსპერტიზის ირგვლივ
სომხეთის მთავრობაში 29 აგვისტოს ლიბანურ კომპანია „Elard“-თან ერთად, რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა, Skype-კონფერენცია გაიმართა. ექსპერტიზა დაახლოებით ერთ წელიწადს გრძელდებოდა და უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა იმ ოქრის საბადოს ექსპლუატაცია, რომელიც სომხეთის სამხრეთით, საკურორტო ქალაქ ჯერმუკის მახლობლად მდებარეობს.
კონფერენცია დაიწყო მთავარი შეკითხვით, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმ დასვა: შესაძლებელია თუ არა ამულსარის ექსპლუატაციის შედეგად არსებული ეკოლოგიური რისკების გაკონტროლება.
კონსალტინგური კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ მათი კვლევა საბადოს ექსპლუატაციის უსაფრთხოების განსასაზღვრად არასაკმარისია.
ამავდროულად, კომპანია „ელარდის“ კომპლექსური ექსპერტიზა ხაზინას უკვე 400 ათასი დოლარი დაუჯდა.
14 აგვისტოს გამოქვეყნდა ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამულსარის საბადოს ექსპლუატაციით გარემოსთვის მიყენებული ზიანის რისკი მინიმალურია.
მაშინ ხელისუფლებამ ახალი ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა. თავად პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე საათნახევრიანი პირდაპირი ეთერით ჩართვის დროს ამბობდა, რომ საბადოს უსაფრთხოების დონე უპრეცედენტო იქნება.
• აშშ-მ ორი სომხური კომპანიის მიმართ სანქციები დააწესა
• ფაშინიანი: „ოქროს საბადოს დამუშავება გარემოს ზიანს არ მიაყენებს“
საჭიროა ახალი კვლევის ჩატარება? მსჯელობის შედეგები
მთავრობის წევრებსა და კომპანია „ელარდის“ წარმომადგენლებს შორის დისკუსია პროექტის კოორდინატორის რიკარდო ხურის განცხადების შემდეგ დაიწყო. მან თქვა, რომ ამულსარის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე წყლის რესურსებისთვის რისკები „მართვადი უნდა გახდეს“. და ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია „ლიდიანი“, რომელმაც საბადოს დამუშავების ლიცენზია მიიღო, სათანადოდ განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს.
პრემიერ-მინისტრს ეს ფრაზა საკმაოდ ბუნდოვნად ეჩვენა და მან აზრის უფრო კონკრეტულად ფორმულირება ითხოვა.
ამის შემდეგ ხურიმ მაშინვე ახალი გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობის შესახებ განაცხადა:
„არსებითად, კომპანია „ლიდიანის“ მიერ შემოთავაზებულ ღონისძიებებს ნაკლოვანებები გააჩნია. საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გადახედვა. აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასების თავიდან ჩატარება“.
არადა, ჯერ კიდევ ახლახან პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანი ვლადიმირ კარაპეტიანი აცხადებდა , რომ სომხეთის მთავრობაში ექსპერტიზის თავიდან ჩატარების საფუძველს ვერ ხედავენ.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე პარლამენტის დეპუტატები და კომპანია „ლიდიან სომხეთის“ წარმომადგენლები.
გარემოს დაცვის მინისტრმა ერიკ გრიგორიანმა ლიბანური კომპანიის წარმომადგენლებს ჰკითხა, თუ რატომ არ იძლევა კომპანიის ექსპერტიზა კითხვებზე მკაფიო პასუხებს და რატომ არის ნაკლოვანებებით აღსავსე.
თავის გამართლების მიზნით, ხურიმ თქვა, რომ გამოკვლევის დამკვეთი იყო სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი, რომელმაც გარემოსთვის ზიანის მიყენების ეჭვით საქმე აღძრა. და კომპანია სწორედ მისი მეშვეობით დაუკავშირდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას. ხურის თქმით, კომპანია „ელარდმა“ ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურას მათი კვლევის მრავალრიცხოვანი ნაკლოვანების თაობაზე მიუთითა.
აქედან გამომდინარეობს, რომ კონსალტინგური კომპანია მუშაობის დროს ეყრდნობოდა კვლევას, რომელიც მანამდე ადგილობრივმა სტრუქტურებმა ჩაატარეს, და ახალი და საკუთარი კვლევები არ ჩაუტარებია.
ხურიმ განაცხადა, რომ ძირითადი საკითხი, რომლითაც საგამოძიებო კომიტეტი დაინტერესდა, ის ყო, შეძლებს თუ არა საბადო საერთოდ მუშაობას. და კომპანიამ უპასუხა, რომ არსებული მონაცემების ფონზე, უსაფრთხო ექსპლუატაცია შეუძლებელია:
„ჩვენი გუნდი მიიჩნევს, რომ 2016 წელს ჩატარებული ექსპერტიზები, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასებები საბადოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის. და ეს ჩვენს დასკვნაში ძალიან მკაფიოდ არის დოკუმენტირებული“.
ნათესაური კავშირები ამულსარის საბადოს საქმეში
სომხეთის მედიაში 29 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამულსარის სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი იურა ივანიანი და ბუნების დაცვის ყოფილი მინიტრი არამაის გრიგორიანი ნათესავები არიან. პორტალ infocom.am-ის ინფორმაციის თანახმად , ივანიანი და გრიგორიანი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.
სხვათა შორის, 2016 წელს საბადოს ექსპლუატაციის შესახებ ექსპერტების დასკვნა სწორედ გრიგორიანმა მოიწონა.
ექს-მინისტრს სისხლით ნათესაობა არ უარუყვია:
„დიახ, ჩვენ ნათესავები ვართ. მერე რა მოხდა? შორეული ნათესავები ვართ. ექსპერტიზა ჯერ კიდევ 2014 წელს დამტკიცდა. 2016 წელს, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, გარკვეული თავისებურებების გამო, გარემოზე ზემოქმედების კიდევ ერთი შეფასება გაკეთდა“.
ამავდროულად, 26 აგვისტოს სწორედ იურა ივანიანი გამოვიდა პრეს-კონფერენციით, რომელზეც განაცხადა , რომ საბადოს ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ეკოლოგიური რისკები მართვადი იქნება.
ორი ძმის გარდა, ბუნების დაცვის სამინისტროში დასაქმებულია საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის იურა ივანიანის დაც. ის ბიომრავალფეროვნებისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, საგამოძიებო კომიტეტში დარწმუნებულები არიან, რომ ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომა დაცულია.
საბადოს შესახებ
ამულსარის საბადო სომხეთში სიდიდით მეორე ოქროს საბადოა. საბადო დაახლოებით 31 ტონა მადანს და 40 ტონა სუფთა ოქროს შეიცავს.
“Lydian Armenia”-მ ოქრო ჯერ კიდევ 2005 წელს აღმოაჩინა.
2012 წლამდე კომპანია ინვესტორებს ეძებდა და საბადოს დამუშავების პროგრამას ადგენდა. იმავე 2012 წელს Lydian Armenia-მ და სომხეთის ხელისუფლებამ საბადოს დამუშავების თაობაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას, კომპანიამ საბადოს ექსპლუატაციის უფლება მიიღო.
საბადოს დამუშავების საწინააღმდეგო პროტესტები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. მასში მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობა და ეკოლოგები მონაწილეობდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ოქროს მოპოვებამ, შესაძლოა, ქალაქ ჯერმუკის, სევანის ტბისა და ზოგიერთი მდინარის ეკოლოგიაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. მაშინ შეიქმნა ასევე ინიციატივა – „ჯერმუკი საბადო არ გახდება“. მისი მომხრეები აცხადებდნენ:
„არ გაგფუჭებინებთ ჯერმუკისა და ჯემუკის ახალგაზრდობის მომავალს“.
2012 წელს საბადოს დამუშავების წინააღმდეგ უკვე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. აქტივისტებმა საბადომდე მიმავალი გზები არაერთხელ გადაკეტეს და მძიმე ტექნიკის მუშაობას ხელს უშლიდნენ. 2018 წელს კი მათ ოქროს მოპოვების შეჩერებას მიაღწიეს.
იმავე წელს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა, გარემოსთვის ზიანის მიყენების ეჭვის გამო, საქმე აღძრა. ყველა კითხვაზე პასუხი საერთაშორისო ექსპერტიზას უნდა გაეცა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ამულსარის საბადოს ექსპლუატაცია მოხდებოდა:
„თუკი დასაბუთდება, რომ ექსპლუატაცია სევანისა და ჯერმუკის წყლის სისტემისთვის უსაფრთხოა, მაშინ პროექტი განხორციელდება. თუმცა, თუკი საფრთხე იქნება, მე როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფრის მიუხედავად, ამ ექსპლუატაციას ვერ დავუშვებ“.
საბოლოოდ, ექსპერტიზა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საბადოს ექსპლუატაცია „უმართავ რისკებს“ არ შეიცავს. ანუ, მთავრობას ოქროს მოპოვებაზე „მწვანე შუქი“ აუნთეს.
რატომ არის ამულსარის საბადო ასეთი მნიშვნელოვანი
ამულსარის საბადოს ექსპლუატაციის უფლება მიიღო კომპანია Lydian-მა, რომლის საინვესტიციო პაკეტი სომხეთის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი აღმოჩნდა. სტრუქტურა 325 მილიონი დოლარის ოდენობის ციფრს აანონსებდა. ივარაუდებოდა, რომ საწყის ეტაპზე, ანუ სამშენებლო სამუშაოებში, 1300 ადამიანი ჩაერთვებოდა, ექსპლუატაციის სტადიაზე კი – 770 თანამშრომელი.
საბადოს დამუშავებამ, კომპანიის გათვლებით, სომხეთის მშპ-ს წლიური განაკვეთის 1,4 პროცენტი, ანუ 185 მილიონი დოლარი უნდა უზრუნველყოს. კომპანია Lydian, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 50 მილიონი დოლარით, სომხეთის უმსხვილეს გადამხდელთა ხუთეულში შესვლას ვარაუდობს. ექსპორტის მაჩვენებლებმა კი, წინასწარი გათვლებით, შესაძლოა, წელიწადში 286 მილიონ დოლარს მიაღწიოს.