სომხეთში ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაცია დასჯადი გახდება?
ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews
სომხეთში აპირებენ, რომ ადამიანების სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია სისხლის სამართლის დასჯად ქმედებად აღიარონ.
სისხლის სამართლის ახალი კოდექსის პროექტი საზოგადოებრივი მსჯელობისთვის წარმოდგენილია ვებგვერდ draft.am-ზე და მის წინააღმდეგ უკვე ხმის მიმცემთა 90%-მა გამოთქვა აზრი. კერძოდ, კანონპროექტმა აღაშფოთა ნაციონალისტები, რომლებმაც მას არამხოლოდ ამორალური, არამედ ანტისახელმწიფოებრივიც უწოდეს. ამავდროულად იურისტები და ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სომხეთში მათი მდგომარეობა მოწყვლადია და მათი უფლებები კანონმდებლობით უნდა იყოს დაცული.
წარმოდგენილი კანონის 197-ე მუხლში გამოიყენება გამოთქმა „სექსუალური ორიენტაცია“ – დგინდება სასჯელი, კერძოდ ადამიანის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით მისი უფლებების, თავისუფლებების და კანონიერი ინტერესების პირდაპირ ან ირიბად შეზღუდვისთვის.
სასჯელი შიძლება იყოს ჯარიმის სახით – მინიმალური ხელფასის მეოცედი, სოციალური სამუშაოები – მაქსიმუმ 80 საათი, ან თავისუფლების აღკვეთა – 2 წლის ვადით.
“ეს არის სახელმწიფოებრივ დონეზე შანტაჟისა და რეპრესიული ინსტრუმენტების შემოღების მცდელობა. და თუ, საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად, ამ მოვლენის კრიმინალიზება სურთ, მაშინ ეს შანტაჟისა და ტერორის ინსტრუმენტების დანერგვაა“, – განაცხადა სრულიად სომხეთის მშობელთა კომიტეტის ხელმძღვანელმა არმან ბოშიანმა.
მან გაიხსენა, რომ თავის დროზე უკვე არსებობდა ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დიდი ხმაური მოჰყვა და შედეგად, ის უარყვეს. მეტიც, არმან ბოშიანის აზრით, გაუგებარია, ვინ შეაფასებს, ჰქონდა თუ არა ადგილი დისკრიმინაციას.
ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა თქმით, მათ უფლებები არათუ დაუცველია, არამედ გათელილიცაა.
“ვინ არ იცის, რომ სომხეთში ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ტრანსგენდერები წარმოადგენენ. როდესაც შენს გარემომცველ რეალობაში რაიმეს შეცვლას ცდილობ, მაგრამ არაფერი გამოგდის, და შემდეგ ისევ ცდილობ – და ისევ არ გამოგდის, სხვა აღარაფერი გრჩება, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად სხვა გარემოში გადაინაცვლო.
განსაკუთრებით კი, როდესაც ხედავ, რომ ერთ მხარეს – შენ და კიდევ რამდენიმე ადამიანია, მეორე მხარეს კი – აბსოლუტური უმრავლესობა. სომხეთში დისკრიმინაციის, მუქარების, სიძულვილის, სხვადასხვა უფლებისა და თავისუფლების დარღვევის დონე იმდენად მაღალია და ეს იმდენად არის გავრცელებული, რომ ჰაერი არ მყოფნიდა, თუმცა დახრჩობის სურვილიც არ მქონდა“, – ამბობს მძლეოსნობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი და მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ტრანსგენდერი მელ დალუზიანი. მელ დალუზიანი, უკვე ერთი წელია, რაც ნიდერლანდებში ცხოვრობს.