სომხეთი ირანული და თურქმენული ბუნებრივი აირის ყიდვის გზებს ეძებს
REUTERS/Raheb Homavandi
სომხეთმა და ირანმა სომხეთისთვის ირანული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლებლობები განიხილეს. ერევანში ბევრმა ეს ქვეყნის მხრიდან ენერგიის ალტერნატიული წყაროების ძიების და რუსულ ბუნებრივ აირზე სრული დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის მცდელობად განიხილა.
ახალი შესაძლებლობები ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ახლახან დასრულებული ვიზიტის დროს განიხილებოდა.
“სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერევანი ირანული ბუნებრივი აირის იმპორტით დაინტერესებულია. საპასუხოდ ირანის ნავთობის მინისტრმა პირობა დადო, რომ მოცემულ საკითხს ირანის ბუნებრივი აირის ეროვნულ კომპანიასთან ერთად განიხილავს“, – გადმოსცემს ირანული სააგენტო Asrenaft, ირანის ნავთობის მინისტრის ბიჟან ზანგანეს სიტყვებზე დაყრდნობით.
როგორც ირანის მედია იუწყება, მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილებოდა სომხეთში თურქმენული ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლებლობებიც, რასაც ირანი მზადაა, რომ ხელი შეუწყოს.
დღეს სომხეთში ბევრი გამოთქვამს აზრს, რომ ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია იმისთვის არის საჭირო, რომ ბუნებრივი აირის მხრივ სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს.
მაგრამ ენერგეტიკის სფეროს ექსპერტი ვაგე დავტიანი ამბობს, რომ ეს მთლად ასე არ არის. მისი აზრით, ირანს სომხეთში გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდა მხოლოდ რუსეთის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია.
„ირანი-სომხეთის გაზსადენი რუსეთის „გაზპრომს“ ეკუთვნის. რაიმე მოლაპარაკებების შედეგად ირანმა სომხეთს იაფი ბუნებრივი აირი რომც მიჰყიდოს – ის სომხეთში მაინც იმავე მილების საშუალებით შევა, რომელიც რუსული კომპანიის კუთვნილებაა. და ეს აირი ისევ რუსი ოპერატორის მიერ განაწილდება, ანუ მოსკოვის თანხმობით“, – ამბობს დავტიანი.
ის ასევე მიიჩნევს, რომ საეჭვოა, ირანმა სომხეთს ბუნებრივი აირი უფრო იაფად შესთავაზოს, ვიდრე რუსეთმა.
„ჩვენ რუსეთისგან ბუნებრივ აირს 150 დოლარად ვყიდულობთ. ეს შეღავათიანი ფასია, რომელიც საგანგებოდ სომხეთისთვის არის დადგენილი. ირანული ბუნებრივი აირი სომხეთისთვის 170-180 ღირს. რასაკვირველია, ირანული აირი უფრო ხარისხიანია, მაგრამ ის, თითოეულ 1,000 კუბომეტრზე გაანგარიშებით, 20-30 დოლარით უფრო ძვირია რუსულზე“, – ამბობს ვაგე დავტიანი.
სომხეთში ირანული ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობის შესაძლო გაზრდასა და შესაბამის ვადებზე ჯერეჯერობით ოფიციალურად არაფერს იუწყებიან.