სომხეთი აშშ-საგან დამატებით 40 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებას მიიღებს
სომხეთი აშშ-საგან დემოკრატიული რეფორმებისთვის დამატებით 40 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს. კიდევ მილიონნახევარი მთიანი ყარაბაღის დასახმარებლად გამოიყო.
როგორ ყარეს კენჭი კონგრესმენებმა
კანონპროექტს, რომელიც სომხეთისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას სთავაზობდა, ხმა 268 კონგრესმენმა მისცა. მისი ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯეკი კანჩელიანი- შპეიერი იყო. მან განაცხადა, რომ დამატებითი სახსრების გამოყოფა – ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია, და იმაზე მეტყველებს, რომ აშშ სომხეთის ხელისუფლების მიერ „ხავერდოვანი“ რევოლუციის შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.
„სომხეთს საკუთარი დემოკრატიული მონაპოვარის ირგვლივ კონსოლიდაციისა და დაყრდნობის იშვიათი პოტენციური შესაძლებლობა აქვს. სომხეთმა დაიმსახურა მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, რომ აშშ დემოკრატიულ გარდაქმნებს მხარს უჭერს, და რომ ქვეყანა ამ გარდაქმნების განსახორციელებლად საჭირო რესურსებს მიიღებს“, – თქვა შპეიერმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.
სხვათა შორის, თავად წარმომადგენელთა პალატის დაფინანსების კომიტეტის ხელმძღვანელი, რესპუბლიკელი ჰელ როჯერსი სომხეთისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წინააღმდეგ გამოვიდა. მან საკუთარი პოზიცია იმით ახსნა, რომ „ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს დაფინანსების დონის შემცირება ევროპაში მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე აღმოჩნდებიან“.
რას ამბობენ ამის შესახებ სომხეთში
აშშ-ს ფინანსური დახმარება – სომხეთში საკუთარი არსებობის გამყარების შესაძლებლობაა, – მიაჩნია პოლიტტექნოლოგ ვიგენ აკოპიანს. თანამშრომლობის დანარჩენი მიმართულებები ხომ სხვა მოთამაშეებს უკავიათ, კერძოდ – რუსეთს.
პოლიტტექნოლოგის თქმით, თანხა სიმბოლურია – სომხური საზომებითაც კი, მაგრამ აშშ-სა და სომხეთის ურთიერთობების სტრატეგიაში ეწერება:
„ამერიკულ ისტებლიშმენტში კარგად ესმით რეგიონში სომხეთის როლი და მნიშვნელობა. და თუ ამერიკელებს სომხეთში, გასაგები მიზეზების გამო, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საკვანძო როლის შესრულება არ შეუძლიათ, არსებობს სხვა სფერო, რომელშიც ისინი ფრიად თავდაჯერებულები არიან. ეს არის ფული. ლევონ ტერ-პეტროსიანის პრეზიდენტობიდან მოყოლებული [სომხეთის პირველი პრეზიდენტი – JAMnews], სომხეთის სამხედრო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას რუსეთი უზრუნველყოფდა, აშშ და დასავლეთი კი, მთლიანობაში ფინანსური დონორების როლში გამოდიოდნენ“.
ვიგენ აკოპიანი არ გამორიცხავს არც იმას, რომ ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაცია მედიაში იმისთვის გაჩნდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელთა შეხვედრის წინ ქვეყანაში პოზიტიური ფონი შეიქმნას. ზოგრაბ მნაცკანიანსა და ელმარ მამედიაროვს შორის ვაშინგტონში შეხვედრა 20 ივნისს იგეგმება.