სომხეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჰიგიენის ელემენტარული პირობები არ არის
სომხეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური სიტუაცია დამთრგუნველია და შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ მეტყველებს იმ გამოკვლევის შედეგები, რომელიც სომხეთში დამოუკიდებელი სტრუქტურების მიერ და მედიკოსების მონაწილეობით პირველად ჩატარდა. მონიტორინგი ქვეყნის ყველა ოლქისა და დედაქალაქის 121 სკოლასა და 80 საბავშვო ბაღში ჩატარდა. ისინი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს.
რა უჩვენა მონიტორინგმა
გამოკვლევამ უჩვენა, რომ სკოლების 86%-ში ცხელი წყალი არ არის, რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ცხელი წყლით მხოლოდ მათი 44%-ია უზრუნველყოფილი.
სომხეთის ომბუდსმენმა არმან ტატოიანმა სიტუაცია შეაფასა – როგორც დამთრგუნველი:
„რიგ სკოლებში, დაზიანებული ონკანების ან მათი არარსებობის გამო, წყალი, პრინციპში, ხელმიუწვდომელია. გამოკვლევის დროს აღინიშნა შემთხვევები, როდესაც მთელ სკოლაში მხოლოდ ერთი ონკანი მუშაობდა“.
ომბუდსმენმა ყურადღება სკოლების შენობებში არსებულ ანტისანიტარიაზეც გაამახვილა:
„იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ინფექციური ავადმყოფობით ბავშვების დაავადების ძალიან საშიში სიტუაცია შეინიშნებოდა“.
როგორც აღმოჩნდა, ბავშვებს წყლის დალევა პირდაპირ ონკანიდან ან საერთო ჭიქიდან უწევთ. გარდა ამისა, მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ სოფლის სკოლების უმეტესობაში სანიტარული წერტილები შენობაში კი არ არის, არამედ ეზოშია განლაგებული. სოფლის სკოლების 41%-ში უნიტაზები საერთოდ არ არის. ვნახეთ ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც უნიტაზები ერთმანეთისგან კედლით გამოყოფილი არ იყო.
„რიგ შემთხვევაში, თუკი გამოყოფილი სანიტარული წერტილები არსებობს, მათი კარი ან არ იკეტება, ან ისე იკეტება, რომ ბავშვები საკეტით ვერ სარგებლობენ“, – განაცხადა ომბუდსმენმა.
მონიტორინგში მონაწილე ექიმები სკოლებში ჰიგიენის ელემენტარული პირობების არარსებობამ გააოგნა. სკოლის ტუალეტების დიდ ნაწილში საპონი არ აღმოჩნდა, 76%-ში კი არ იყო ტუალეტის ქაღალდი, და მით უმეტეს – ხელის საშრობები ან ხელსახოცები.
ომბუდსმენმა ასევე განაცხადა, რომ 121-დან მხოლოდ 8 სკოლასა, და 80 საბავშვო ბაღიდან მხოლოდ 2-ში იყო იმაზე ნაზრუნი, რომ სანიტარული წერტილის მოხმარება შშმ ბავშვებს შეძლებოდათ.
მთლიანობაში, სიტუაცია ყველაზე ცუდად შეფასდა ქვეყნის ორი რეგიონის სკოლებში – შირაქსა და ვაიოც ძორში.
იქნება თუ არა ცვლილებები
ომბუდსმენმა ტატოიანმა ყველა გამოვლენილი პრობლემა უკვე განიხილა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად. მონიტორინგის შედეგები ასევე ერევნის მერსა და ტერიტორიული მართვისა და განვითარების მინისტრს გადაეგზავნათ.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ მთავრობა ამ პრობლემების გადასაწყვეტად ნაბიჯებს გადადგამს“, – თქვა ომბუდსმენმა.
მონიტორინგის პროცესში გაირკვა, რომ წინათ სკოლის დირექტორები ხელისუფლებას ყველა ამ პრობლემის გადაჭრის თხოვნით თავადვე მიმართავდნენ, თუმცა პასუხს ვერ იღებდნენ.