სომხეთის პარლამენტში ადამიანის უფლებების კომისია გააუქმეს
სომხეთის ახალარჩეული პარლამენტის მმართველი უმრავლესობის წინადადებით, ნაციონალურ საკრებულოში ადამიანის უფლებების დამცავი მუდმივი კომისია გაუქმდა.
სომხთის მმართველმა “რესპუბლიკურმა პარტიამ” ადრე მოქმედი 12 კომისიის 9-მდე შემცირების წინადადება წამოაყენა. საკითხის მომხსენებელმა დეპუტატმა გრაირ ტოვმასიანმა მოცემული გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: ეროვნული საკრებულოს კომისიები განსხვავებული დატვირთვით მუშაობდნენ, და ამ გარემოების გათავლისწინებით, წარმოიშვა ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი სფეროს ერთ საერთო კომისიაში გაერთიანების წინადადება, ვინაიდან ეს სფეროები ურთიერთკავშირშია.
საპარლამენტო ოპოზიცია ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა. ბლოკ „ელკის“ დეპუტატმა არტაკ ზეინალიანმა განაცხადა, რომ კომისიის გაუქმებასთან დაკავშირებით უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებაში „საზოგადოებისადმი ნეგატიური გზავნილია ჩადებული“.
უფლებადამცველებმა ასევე გამოთქვეს უკმაყოფილება ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანძორის ოფისის ხელმძღვანელი არტურ საკუნცი მოცემულ გადაწყვეტილებას შეცდომად მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ სომხეთი საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდა, და თეორიულად, ეს კომისია კი არ უნდა დაეთხოვათ, არამედ ყველაზე მთავარ კომისიად უნდა გამოეცხადებინათ.
„საპარლამენტო კონტროლის რეალიზაციისადმი შინაარსიანი მიდგომისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ევროკავშირი-სომხეთის ახალი შეთანხმების ლოგიკიდან გამომდინარე, წესით, ადამიანის უფლებების კომისიას მეტი პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა მიეღო; მისი სხვა კომისიასთან შეერთება კი იმას ნიშნავს, რომ მას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა მიანიჭეს“, – აღნიშნა უფლებადამცველმა.
იურისტმა ელინარ ვარდანიანმა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ამ კომისიას ხელმძღვანელობდა, პრესას განუცხადა, რომ კომისიის გაუქმების გამო გული წყდება: სომხეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია აშკარად გაუმჯობესებას მოითხოვს, და ამგვარი გადაწყვეტილების ახლა მიღება დაუშვებელი იყო.