სომხეთის მოქალაქეებმა შენგენის ვიზის მისაღებად ამიერიდან რუსულ-თურქულ კომპანიას უნდა მიმართონ
სომხეთში უკმაყოფილება გამოიწვია ცნობამ იმის შესახებ, რომ 3 აპრილიდან გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგში, ავსტრიასა და შვედეთში გასამგზავრებელი ვიზების მისაღებად განცხადებებს ორგანიზაცია Visa Metric ჩაიბარებს.
Visa Metric – რუსულ-თურქული კონსორციუმია, “რომლის ჰოლდინგური ორგანიზაცია თურქეთში მდებარეობს“. ეს ინფორმაცია სომხეთში გერმანიის ელჩმა მატიას კისლერმა დაადასტურა. მან თქვა:
„ეს ორგანიზაცია გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა და რიგ ქვეყნებში ტენდერში გაიმარჯვა, მათ შორის შუა აზიაში… კონკურსის შედეგების შეჯამებისას მნიშვნელობა არ ენიჭებოდა იმას, თუ რომელ ქვეყანაში მდებარეობს კომპანია“.
მატიას კისლერი ირწმუნება, რომ განცხადებების მიხედვით ვიზების გაცემის გადაწყვეტილებას მომავალშიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიიღებენ.
ქვეყნის მოსახლეობა შეშფოთებულია იმით, რომ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ვიზის მისაღებად აუცილებელია, ისინი წარუდგენენ თურქეთს – ქვეყანამ, რომელთანაც სომხეთს დიპლომატიური ურთერთობა არ აქვს. მათ შეშფოთებას ექსპერტებიც იზიარებენ.
„ძალიან სახიფათოა, როდესაც შენი ქვეყნის მაცხოვრებელთა პერსონალური მონაცემები სხვა ქვეყნის ხელში ხვდება. თეორიულად ვერავინ გამორიცხავს, რომ თურქეთს ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემებიდან შეუძლია კონკრეტული ადამიანების გადაადგილების და მათი მოგზაურობის ზუსტი თარიღების დადგენა, თუკი , მაგალითად, თურქეთის სპეცსამსახურები მოცემულ ქვეყანაში სპეციალურ ოპერაციას დაგეგმავენ ამ მოცემული პირის წინააღმდეგ – მისი გადაბირების, მასზე თავდასხმის მოწყობის ან რაიმე სხვა მიზნით.
ასევე საჭიროა იმ გარემოების გათვალისწინება, რომ თურქეთს ყველაზე დიდი სათვისტომო სწორედ გერმანიაში ჰყავს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თურქეთს შეუძლია ეს ინფორმაცია აზერბაიჯანს გადასცეს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა გრანტ მელიკ-შაჰნაზარიანმა.
მედიაექსპერტი სამველ მარტიროსიანი მიიჩნევს, რომ ამგვარ ვითარებაში სომხეთი ვერასდროს შეიტყობს, გადასცა თუ არა ამ ორგანიზაციამ ადამიანების პერსონალური მონაცემები თურქეთს. მისი თქმით, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ თეორიულად მსგავსი რამ არ მოხდება, თუმცა გერმანიის ელჩმა მატიას კისლერმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
„პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მათი დაცვა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, და გარანტიის მიცემაც შეგვიძლია: გარეშე მომხმარებელთა ხელში არანაირი ცნობა არ მოხვდება. ოფისს სომხეთის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს და კომპანიის თანამშრომელთა შტატშიც მხოლოდ სომხეთის მოქალაქეები იქნებიან“.