სომეხი ეკოლოგები იწყებენ აქციას „SOS სევანი“
მთავრობა წელს სევანის ტბიდან გამოშვებული წყლის მოცულობის 270 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდის წინადადებით გამოდის. არადა, დასაშვებ ყოველწლიურ ნორმად 170მილიონი კუბმეტრია მიჩნეული.
ამ გადაწყვეტილებამ საექსპერტო წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია, ეკოლოგებმა აქცია „SOS სევანის“ დაწყების შესახებ განაცხადეს.
სევანიდან დამატებით 100 მილიონი კუბმეტრის წყლის გამოყენების შესახებ წინადადებას საფრთხეების მთელი რიგი ახლავს.
მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიისა და ჰიდროეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ბადრუჰ გაბრიელიანი ამბობს, რომ ტბაში წყლის დონის გაზრდა მას დაჭაობებისგან იხსნის: „სევანის ტბაში წყლის დონე თუ შემცირდება, ამით მის დაჭაობებას დავაჩქარებთ, და ის მრავალწლიანი შრომა (ტბაში წყლის დონის ასამაღლებლად) ამაო აღმოჩნდება. ამავე დროს წყლის ხარისხი გაუარესდება და თევზის მოშენება გაძნელდება. საჭიროა, რომ სევანის დონემ რამდენიმე სანტიმეტრით მოიმატოს“.
ეკოლოგები ასევე აღნიშნავენ, რომ მოცემული საკითხი საჯაროდ არ განხილულა, საზოგადოებას აზრი არ გამოუთქვამს. გეგარკუნიკის მარზის არასამთავრობო ორგანიზაცია „ბლეჯანის“ წარმომადგენელი ლიანა ასიანი ამბობს, რომ ტბისპირა სოფლების მცხოვრებლებსაც კი არაფერი გაუგიათ მსგავსი წინადადების შესახებ: „ისინი მთავრობაში სხედან და გადაწყვეტილებებს ისე იღებენ, იმ ადამიანების პრობლემების გაუთვალისწინებლად, რომლებიც სანაპიროს მონაკვეთზე ცხოვრობენ. ეს-ეს არის სევანი აღდგა, დაჭაობებული წყალი – წყლის დონის ამაღლების შედეგად გასუფთავდა“.
თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ წყლის დამატებითი მოცულობის გამოშვება სევანს ზიანს არ მოუტანს. წყლის მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე არსენ არუტუნიანი ირწმუნება, რომ ტბის ეკოსისტემა არ დაზიანდება, რადგან წლის განმავლობაში წყლის დონე 16 სანტიმეტრით ამაღლდა.
ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ წყლის დამატებითი დონის გამოშვებამ, შესაძლოა, ელექტროენერგიის დანახარჯი 1,2 მილიარდი დრამით(2,5 მილიონი დოლარით) შეამციროს.
ეკოლოგებს ამ განცხადების მიმართაც აქვთ შენიშვნები. საზოგადოებრივი საინფორმაციო ორგანიზაციის „ეკო ლურის“ ხელმძღვანელი ინგა ზარაფიანი ამბობს, რომ წყლის მეურნეობის კანონმდებლობის შესაბამისად, წყლის ენერგეტიკისთვის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემხვევაში შეიძლება:“ჯერ საჭიროა სასმელი წყლის უზრუნველყოფა… და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ენერგეტიკისთვის წყლის გამოყენება. თუმცა, არცერთი სიტყვა არ თქმულა იმაზე, თუ როგორ აისახება წყლის გამოშვება პირველ ორ მოთხოვნაზე, ხომ არ დაზიანდება სასმელი და სარწყავი წყლის მარაგი. შედეგებზე საერთოდ არაფერია თქმული“.