საქართველო - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ფრანკფურტში 70-ე წიგნის ბაზრობა გრძელდება. ამ ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ღონისძიების საპატიო სტუმარი ქვეყანა წელს საქართველოა.
10-14 ოქტომბერს, საქართველო უცხოელი სტუმრის წინაშე დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება. ამ დღეებში ფრანკფურტში გამოიფინება უცხოეთში გამოცემული რამდენიმე ასეული ქართული წიგნი – მათ შორის, 300 უახლესი თარგმანი. ბაზრობის კვირეულზე ქართულ ლიტერატურას 72 ავტორი წარადგენს.
ქართველი ლიტერატორები და არა მხოლოდ ისინი ერთხმად თანხმდებიან, რომ ეს ყველაზე დიდი სცენაა, მათ შორის, რომელზეც ოდესმე მდგარა ქართული ლიტერატურა.
_____________________
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყოველ წელს, ოქტომბერში იმართება. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული თავყრილობა ადამიანებისთვის, რომლებიც წიგნის ინდუსტრიაში არიან ჩართული. ყოველწლიურად 100-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან აგენტები, გამომცემლები, კრიტიკოსები, მწერლები, მთარგმნელები, ილუსტრატორები, ბიბლიოთეკარები და რა თქმა უნდა, უბრალოდ კითხვის მოყვარული ადამიანები. ხდება ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, იმართება საქმიანი შეხვედრები, მასტერ-კლასები, იდება კონტრაქტები და ისახება სამომავლო გეგმები.
ყოველ წლიურად ბაზრობაზე 400 ათასამდე წიგნია გამოფენილი და 300 ათასამდე სტუმარი ჰყავს.
გარდა ამისა, ტრადიციულად, ყოველ წელს, წიგნის ბაზრობას ჰყავს გამორჩეული სტუმარი-ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.
2018 წელს ფრანკფურტის საპატიო სტუმარი ქვეყანა საქართველოა. ეს დიდი შანსია ქვეყნისთვის უკეთ გააცნოს თავისი ლიტერატურა და კულტურა მსოფლიოს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი ადვილი მოსაპოვებელი არ ყოფილა. ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო.
ქართულ პროგრამის კონცეფციაა – Georgia Made by Characters (“ანბანით მოთხრობილი საქართველო”), რომელიც, ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი, ქართულ ხასიათსა და პერსონაჟებს ეფუძნება.
ქართულ პავილიონს ფრანკფურტის ბაზრობაზე 1800 კვადრატული მეტრი უჭირავს. აქ გამოფენილია სკულპტურები, რომლებსაც ქართული ანბანის ასოების ფორმა აქვთ და შეიცავენ ნახატებს, ციტატებს, მოთხრობებს, რომლებიც წარმოდგენას უქმნით მნახველებს ქართულ კულტურაზე.
პავილიონი შვიდ სხვადასხვა სივრცედაა დაყოფილი. ერთ-ერთ სივრცეში სტუმრებს ქართული ანბანის თითოეული ასო-ბგერის უკეთ გაცნობა შეუძლიათ – საბეჭდი მანქანა, ე.წ. პლოტერი, სამახსოვრო ბარათზე მათ თვალწინ მოხაზავს და დაბეჭდავს მათთვის სასურველ ასო-ბგერას ქართული ანბანიდან. კიდევ ერთი სივრცე აუდიო/ვიდეო ოთახს ეთმობა – აქ შესული სტუმარი მოისმენს როგორ ჟღერს ქართული ანბანი.
ზოგადად, ქართული ანბანი, რომელსაც 2016 წელს იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, წლევანდელი ფრანკფურტის ბაზრობის მთავარი გმირია. ამ დღეებში ქართული ასოები არა თუ ბაზრობაზე, არამედ ფრანკფურტის მეტროშიც შეგხვდებათ:
14 ოქტომბრამდე, ქართულ პავილიონში მოწყობილ ორ სცენაზე 72 ქართველი ავტორი შეხვდება უცხოელ მკითხველს. უცხოელ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ ლიტერატურას და კულტურას, მოუსმინონ იმას თუ როგორ ჟღერს ქართული ასო-ბგერები, დაათვალიერონ მაგნუმის ფოტოგრაფების გამოფენა თბილისის შესახებ.
პავილიონში გამოფენილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემა, ასევე უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.
__________________
ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ლიტერატურულ პლატფორმაზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით ყოფნა საქართველოს და ქართველ ლიტერატორებს ბევრ შესაძლებლობას აძლევს.
პირველ რიგში, ქართულ ლიტერატურას, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს საზღვრებს გარეთ ფეხის მოკიდებას, გაეზრდება აუდიტორია – ქართული წიგნები ითარგმნება სხვა ენებზე.
მწერალმა აკა მორჩილაძემ ბაზრობის გახსნაზე გამოსვლისას თქვა, რომ ამ მხრივ ქართველებს დიდი უპირატესობა აქვთ:
“საუკუნეების მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრს ვთარგმნიდით, განსაკუთრებით აღმოსავლური ენებიდან, სანამ შეგვეძლო, სანამ მშვიდობა იყო. ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობთ არაფერს ჩვენსას. წარმოიდგინეთ ესეც რამხელა უპირატესობაა”.
ფრანკფურტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა არა მხოლოდ ლიტერატურის და კულტურის, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
ბაზრობის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ “საქართველო დაბრუნდა ევროპულ ოჯახში, როგორც ფრანკფურტის ბაზრობის საპატიო წევრი”.
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინი, რომელმაც აღნიშნა, რომ “მოხარულია, რომ საქართველო, რომელიც ესწრაფვის ევროპას და იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, გახდა ბაზრობის საპატიო სტუმარი”.
გერმანულენოვანმა ქართველმა მწერალმა ნინო ხარატიშვილმა კი, ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე საკუთარი ემოციური სიტყვის დიდი ნაწილი დაუთმო იმაზე საუბარს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და კონფლიქტის ზონაში ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების უფლება არ აქვთ:
“საქართველო-რუსეთის ე.წ. საზღვარზე, ცხინვალის რეგიონში, რომელიც საქართველოს შემადგენელი ნაწილია, მაგრამ კონტროლდება რუსეთის მიერ, რუსული მავთულხლართები ყოველ კვირას ავიწროებს საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას, ცხოვრობს კაცი, რომელმაც ერთ დღეს გაიღვიძა საკუთარ სახლში და აღმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე,” – ჰყვებოდა ნინო ხარატიშვილი ფრანკფურტის ტრიბუნიდან.